GE

„ეს არასამართლიანიც არის აბიტურიენტებისთვის“ – სამხატვრო აკადემია შემოქმედებით კონკურსს ახალი ფორმატით ჩაატარებს

6 მარტს, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა და თბილისის  სამხატვრო აკადემიის ახლადარჩეულმა რექტორმა ყარამან ქუთათელაძემ  ერთობლივი ბრიფინგი გამართრეს, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ 2023 წელს, სამხატვრო აკადემიაში საბაკალავრო პროგრამებზე აბიტურიენტთა მისაღები შემოქმედებითი კონკურსი ახალი ფორმატით  ჩატარდება.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა, კონკრეტულად რა ცვლილებები შეეხოთ აღნიშნული გადაწყვეტილებით იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც სამხატვრო აკადემიაში მოსახვედრად შიდა გამოცდის ჩაბარება უწევთ.

როგორც გავიგეთ, ცვლილების თანახმად, უკვე წლევანდელი, 2023 წლიდან, სახვითი ხელოვნების, დიზაინისა და მედიახელოვნების ფაკულტეტების საბაკალავრო პროგრამებზე შემოქმედებითი კონკურსი ერთის ნაცვლად, ორ კომპონენტიანი ხდება და ეს კომპონენტებია:

ა) აბიტურიენტის მიერ წარმოდგენილი პორტფოლიო;

ბ.) გამოცდა ხატვაში (სახვითი ხელოვნების, დიზაინისა და მედიახელოვნების ფაკულტეტების პროგრამების აბიტურიენტებისათვის) ან ხაზვაში (არქიტექტურის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების აბიტურიენტებისათვის).

იხილეთ დეტალები:

2022 წლის აბიტურიენტთა მისაღები შემოქმედებითი კონკურსის დებულება

აღნიშნული ინფორმაცია, EDU.ARIS.GEს 7 მარტს, სამხატვრო აკადემიის მედიახელოვნების ფაკულტეტის ადმინისტრაციაშიც დაუდასტურეს, სადაც ჩვენ კითხვა აბიტურიენტის გადასახადზეც დავსვით:

„გიდასტურებთ, რომ კონკრეტულ მიმართულებებზე  შარშან ბარდებოდა ერთი გამოცდა, წელს ორი კომპონენტია. სადაც  აბიტურიენტი იხდის თანხას ორი კომპონენტის მიხედვით, იქ გადასახადი მეტია – 80 ლარი. როგორც წერია, ისეა, დეტალურ ინფორმაციას გაიგებთ, ხუთშაბათს, ღია კარის დღე გვაქვს აბიტურიენტებისთვის“, – განგვიმარტეს  მომატებულ საფასურთან დაკავშირებით მედიახელოვნების ფაკულტეტის ადმინისტრაციაში.

EDU.ARIS.GE აბიტურიენტების მოსაზრების გასარკვევად ანა ბრაჭულს ესაუბრა რომელიც სამხატვრო აკადემიაში, ციფრული მედიის მიმართულებით აპირებს ჩაბარებას და უშუალოდ ეხება აღნიშნული საგამოცდო ცვლილებაც. ანამ გვითხრა, რომ გამოცდამდე სამი თვით ადრე ცვლილებების დაანონსება აბიტურიენტებისთვის ხელისშემშლელი შეიძლება იყოს, რადგან მათ მსგავსი ფორმატით გამოცდა არასდროს ჩაუბარებიათ.

„იქედან გამომდინარე, რომ ეს ცვლილებები გამოცდამდე 3 თვით ადრე შევიტყვეთ, ვფიქრობ,  მოულოდნელი და რაღაც მხრივ, არასამართლიანიც არის აბიტურიენტებისთვის, რადგან  რთულია, ერთი ფორმატიდან მეორეზე ასე სწრაფად ადაპტირება, როდესაც მთელი წელი სხვაგვარი გამოცდისთვის ემზადები და ამ ტიპის გამოცდა არასდროს ჩაგიბარებია. თუმცა, დავამატებ, რომ  სიახლე გამოცდის ფორმატთან დაკავშირებით თითოეული აბიტურიენტისთვის ახალი გამოწვევაა, რომელსაც შემართებით უნდა შევეჭიდოთ.

„პირადად მე, ეს ფორმატი უფრო მომწონს, პორტფოლიოს გაკეთება სტუდენტობის დროსაც ბევრჯერ მოგვიწევს, ვფიქრობ რომ ხელოვანისთვის შემოქმედებითობა, ფანტაზია და კრეატივი ძალიან მნიშვნელობანია, თუმცა არის სერიოზული გამოწვევაც, როგორ გავართმევთ თავს“, – გვითხრა აბიტურიენტმა.

ანამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ  რადგან გამოცდა ორ კომპონენტიანი გახდა, მასზე დაშვებიც საფასურიც გაიზარდა, რაც არც თუ ისე სასიამოვნოა აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც ისედაც დიდი ხარჯი აქვთ:

„თუ გამოცდას ახალ კომპონენტს დაამატებდნენ, რა თქმა, უნდა საფასურში ცვლილება აუცილებელიც გახდებოდა, რადგან სამხატვრო აკადემიის გუნდის წევრებს უფრო მეტი ნახატის მიღება და გადახარისხება მოუწევთ. ვფიქრობ, რომ შრომა უფრო მეტად უნდა დაუფასდეთ თუნდაც თანხის ოდენობის გაზრდით, თუმცა, უკეთესი იქნებოდა, ამ თანხას განათლების სამინისტრო აფინანსებდეს, ვინაიდან აბიტურიენტებს ისედაც დიდი თანხა ეხარჯებათ რეპეტიტორებთან და არ გააჩნიათ საკუთარი პირადი შემოსავალი“.

ასევე იხილეთ:

ისტორია, მათემატიკა და უცხო ენა – რა ცვლილებები ელით 2023 წლის აბიტურიენტებს სამი საგნის ტესტებში

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური