„ეს ჩვენი, პედაგოგების გულისტკივილია“ – მასწავლებლის კითხვა მარიამ ჯაშს და მისი პასუხი
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავჯდომარე მარიამ ჯაშს პედაგოგები პროფესიაში არსებულ პრობლემებზე ესაუბრნენ. კონფერენციაზე („ინოვაციური საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და მიდგომების გამოყენება სწავლის პროცესში“), რომელსაც 100–მდე საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებელი ესწრებოდა, მენტორი და წამყვანი მასწავლებლებისთვის დანამატების გაზრდის საკითხს კრიტიკული შეფასებები მოყვა.
ერთ–ერთმა მასწავლებელმა ზეინაბ კაკალაშვილმა განათლების მინისტრის გადაწყვეტილება უსამართლოდ შეაფასა და მარიამ ჯაშს კითხვით მიმართა:
„მინდა ჩვენი, პედაგოგების გულისტკივილი გაგიზიაროთ. სქემაში პედაგოგები გადანაწილებულები ვართ სერტიფიცირებულ და არასერტიფიცირებულ პედაგოგებად და ამის შესაბამისად გვეძლეოდა დანამატი. მაგრამ როდესაც დანამატის მატებაზე წავიდა საუბარი, რატომღაც უფროსი მასწავლებლები დავრჩით უკან და მხოლოდ მენტორ და წამყვან მასწავლებლებს მოემატათ დანამატი. ანუ, თუკი აქამდე სერტიფიცირება და არასერტიფიცირება იყო განმსაზღვრელი პედაგოგების გასარჩევად, მაშინ სერტიფიცირებულ პედაგოგებსაც რატომ არ გაგვეზარდა დანამატი?“ – მიმართა ზეინაბ კაკალაშვილმა განათლების კომიტეტის თავჯდომარეს.
როგორც მარიამ ჯაშმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა, დღეს მოცემულ სქემას ცვლილება არ შეეხება. მისი თქმით, მხოლოდ ორი სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის დანამატის მომატების მიზეზი პედაგოგების მოტივაციის ამაღლებაა. „რათა მათ გაუჩნდეთ სურვილი უფრო მეტად აიმაღლონ კვალიფიკაცია და ამით შემოსავლის ოდენობა გაზარდონ“.
„დღეს მოცემული სახელფასო სქემა, რომელითაც სოფლის მასწავლებლებს, (ჯაში სავარაუდოდ გულისხმობდა მაღალმთიანი რეგიონის სკოლებში მომუშავე პედაგოგებს. ავტ.) წამყვან და მენტორ მასწავლებლებს გაეზარდათ ანაზღაურება, შარშან და დაახლოებით 18 ათას პედაგოგს შეეხო. ეს ცვლილება ითვალისწინებდა შესაბამისი მოტივაციის შექმნას, რომ პროფესიული განვითარების სქემაში უფრო მეტი პედაგოგის ჩართვა მოხდეს. დღეს უმეტესობა, პრაქტიკულად 80 %-ზე მეტი არამენტორ და არაწამყვან მასწავლებლის სტატუსს მიღმა რჩება.
„განათლების სამინისტროს ერთი მიმართულება ის გახლავთ, რომ მეტად მოხდეს პედაგოგების სტიმულირება. იქნებ თქვენც შეძლოთ კვალიფიკაციისთვის მეტი ინვესტიციის ჩადება და მისი ამაღლება, რომელიც დამატებითი ანაზღაურების მიღების გარანტი იქნება. ეს არის დღეს მოქმედი სქემა, როემლსაც ცვლილება დღეს ვერ შეეხება, თუმცა მე როგორც პარლამენტში ამ დარგის ხელმძღვანელი, ვისურვებდი, რომ ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობა იყოს მასწავლებლისთვის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და მე გპირდებით, რომ აუცილებლად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ განათლების სისტემაში მეტი რესურსი გაჩნდეს და პედაგოგებისთვის მეტი ანაზღაურების საშუალება იყოს“, – განაცხადა პედაგოგის კითხვის საპასუხოდ განათლების კომიტეტის თავჯდომარემ.
თებერვლიდან, სტატუსის შესაბამისი სახელფასო დანამატი 700 ლარის ოდენობით 224 წამყვან მასწავლებელს ექნება; ხოლო 1000 ლარი – 9 მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგს. ხელფასი სულ 233 მასწავლებელს გაეზრდება. საშემოსავლოს ჩამოჭრის შემდეგ, წამყვანი მასწავლებელი ხელზე 560 ლარს, ხოლო მენტორი 800 ლარს აიღებს.
დღემდე, მასწავლებელთა სტატუსის შესაბამისი დანამატები და ხელზე ასაღები ოდენობა ასეთი იყო:
ა) უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი – სრული დატვირთვის შემთხვევაში, 320 ლარი, ხელზე ასაღები – 256 ლარი.
ბ) წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი – სრული დატვირთვის შემთხვევაში, 500 ლარი, ხელზე ასაღები – 400 ლარი.
გ) მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი – სრული დატვირთვის შემთხვევაში, 700 ლარი, ხელზე ასაღები – 560 ლარი.
აღსანიშნავია, რომ 66 000-ზე მეტი მასწავლებლიდან საქართველოში ყველაზე მეტი, 44 175მასწავლებელი პრაქტიკოსია. მასწავლებლის სახლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მოიმატა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგთა რაოდენობამაც და დღევანდელი დღის მაჩვენებლით 19 086 უფროსი მასწავლებელი გვყავს. ამ კატეგორიის პედაგოგთა სახელფასო მატება კი 2018 წლის ბიუჯეტით დაგეგმილი არ არის.
სამინისტროს ინფორმაციით, ხელფასის მატება 2018 წელს არც სკოლის ადმინისტრაციას და ტექ-პერსონალს არ შეეხება.
სწავლის კრისიზული მდგომარეობის 4 მიზეზი საქართველოში – მსოფლიო ბანკის ანგარიში
მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა
- „სახელმძღვანელოების ავტორობა სუფთა ენთუზიაზმსა და სიგიჟეზე დაფუძნებული შრომა გამოდის… თანხა, რომელსაც გვიხდიან, დამცირება და შეურაცხყოფაა!“ by ARIS.GE-განათლება
- რამდენია თანამდებობრივი სარგოები განათლების სამინისტროში თანამდებობების მიხედვით – განკარგულება განახლდა by ARIS.GE-განათლება
- სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი