სწავლის კრისიზული მდგომარეობის 4 მიზეზი საქართველოში – მსოფლიო ბანკის ანგარიში
მოსწავლეების მოუმზადებელი სიარული სკოლაში, მასწავლებელთა არაეფექტური უნარები/მოტივაციის ნაკლებობა, სასწავლო მასალების გამოუყენებლობა და მენეჯმენტის დაბალი დონე – ეს ის პრობლემებია, რომელიც საქართველოს განათლების სისტემაში არსებობს და მსოფლიო ბანკის 2018 წლის ანგარიშის მიხედვითაც განვითარებად ქვეყნებში სწავლის კრიზისულ მდგომარეობას ქმნის.
EDU.ARIS.GE უცვლელად გთავაზოთ, მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლენილ იმ მიზეზებს, რომელიც რიგ ქვეყნებში სწავლის კრიზისს ქმნის. როგორც მსოფლიო ბანკი აცხადებს, მიზეზები სწავლა-სწავლების ურთიერთკავშირის სხვადასხვანაირ რღვევაში ვლინდება. „მსოფლიო განვითარების ანგარიშში 2018“ კი, ასეთი რღვევის ოთხი ძირითადი მიზეზია მითითებული:
- ბავშვები სკოლაში სწავლისთვის მოუმზადებლები მოდიან.
კვების ნაკლებობა, ავადმყოფობა, მშობელთა მიერ ჩადებული ინვესტიციების სიმცირე და სიღარიბესთან ასოცირებული მძიმე გარემო ადრეულ ასაკში ბავშვების სწავლას აფერხებენ.
განვითარებად ქვეყნებში, 5 წლამდე ასაკის ბავშვების 30%-ის ფიზიკური განვითარება შეფერხებულია, ანუ თავისი ასაკისთვის დაბლები არიან, როგორც წესი კვების ქრონიკული ნაკლებობის გამო. განვითარებისთვის შექმნილი ფუნდამენტი არასაკმარისია, რის გამოც ბევრი ბავშვი სკოლაში შესვლისას მისგან სრულფასოვანი სარგებლის მისაღებად მზად არ არის.
ღარიბი ბავშვების შემეცნების უნარი მნიშვნელოვნად ჩამორჩენილია უკვე სკოლამდელ ასაკში. ზოგიერთ ქვეყანაში, ანბანის ასოების ცოდნის თვალსაზრისით, განსხვავება მდიდარ და ღარიბ ბავშვებს შორის 3-დან 5 წლამდე პერიოდში ორმაგდება. სწავლის ფასებისა და „არჩევანის შესაძლებლობის ფასების“ გამო ბევრი ახალგაზრდა სკოლის მიღმა რჩება. გარიყვის სოციალური მიზეზები, მაგალითად გენდერი ან შეზღუდული უნარები, პრობლემას კიდევ უფრო ამძიმებენ. სასკოლო პროცესებში უთანასწორო ჩართულობა, კი კიდევ უფრო ზრდის სხვაობას სწავლის შედეგებს შორის.
- მასწავლებლებს ხშირად არ აქვთ ეფექტიანი სწავლებისთვის საჭირო უნარები ან მოტივაცია.
მასწავლებლები სკოლაში სწავლების წარმატებული პროცესის ყველაზე მნიშვნელოვან განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენენ. შეერთებულ შტატებში, კარგი მასწავლებლების ჯგუფებში ბავშვები სამჯერ მეტს სწავლობენ, ვიდრე დაბალი კვალიფიკაციის მასწავლებლების ჯგუფებში; განვითარებად ქვეყნებში, მასწავლებლის მუშაობის ხარისხს შეიძლება კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. თუმცა განათლების სისტემების უმეტესობა ძლიერ კანდიდატებს ვერ იზიდავს და მასწავლებლების ქმედით ტრენინგს ვერ ატარებს.
მაგალითად, თითქმის ყველა ქვეყანაში, 15 წლის სტუდენტები, რომლებსაც მასწავლებლობა უნდათ, როგორც წესი PISA შეფასების შედეგად საშუალოზე დაბალ ქულას იღებენ. სუბსაჰარის აფრიკის 14 ქვეყანაში, მე-6 კლასის მასწავლებლები საშუალოდ კითხვის ტესტებში იმაზე უკეთეს ქულას ვერ იღებენ, ვიდრე მე-6 კლასის ყველაზე წარმატებული მოსწავლეები.უფრო მეტიც, სწავლებისთვის გამოყოფილი დროის დიდი ნაწილი სხვა აქტივობებზე იხარჯება ან იკარგება მასწავლებლების არყოფნის გამო. სუბსაჰარის აფრიკის 7 ქვეყანაში ჩატარებული მოულოდნელი შემოწმებების შედეგად აღმოჩნდა, რომ შემოწმების დღეს ხუთიდან ერთი მასწავლებელი სკოლაში არ გამოცხადდა, ხოლო დარჩენილი მასწავლებლების მეხუთედი საკლასო ოთახში არ იყო შესული. ამ დიაგნოსტიკური ანალიზის მიზანი მასწავლებლების დადანაშაულება არ არის; პირიქით, მისი მიზანია, ყურადღება გაამახვილოს იმაზე, რომ განათლების სისტემებს სწავლების პროცესის შეფერხება შეუძლიათ, თუ ისინი წინა ხაზზე მომუშავე პედაგოგებს სათანადო მხარდაჭერას არ აღმოუჩენენ.
- სასწავლო მასალები (სწავლების საშუალებები) ხშირად საკლასო ოთახამდე ვერ აღწევენ ან სწავლის ხარისხზე ზემოქმედებას ვერ ახდენენ.
საჯარო განხილვების დროს განათლების ხარისხთან დაკავშირებულ პრობლემებს ხშირად აიგივებენ სასწავლო მასალების (მაგ: სახელმძღვანელოების ან ტექნოლოგიების) უკმარისობასთან.
განათლების სექტორის სათანადო რესურსებით უზრუნველყოფას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სისტემაში რესურსების ნაკლებობით შეიძლება აიხსნას „სწავლის კრიზისის“ მხოლოდ ერთი პატარა ნაწილი. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ სასწავლო მასალები ხშირად საკლასო ოთახამდე ვერ აღწევს. მაგალითად, სიერა ლეონეში სახელმძღვანელოები სკოლებს დაურიგდათ, მაგრამ შემდგომი შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ წიგნების უმეტესობა კარადებში იყო ჩაკეტილიდა არ გამოიყენებოდა. ამის მსგავსად, ტექნოლოგიური საშუალებებიც სარგებელს ვერ მოიტანენ თუ მათ საკლასო ოთახში საერთოდ არ შევიტანთ ან შევიტანთ, მაგრამ სწავლა/სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად არ გამოვიყენებთ. ბრაზილიის რამდენიმე შტატში, პროექტი „ყველა ბავშვს თითო ნოუთბუქი“ წლების მანძილზე მასწავლებლების ორმოცმა პროცენტმა განაცხადა, რომ მათ გაკვეთილზე საერთოდ არ იყენებს ან იშვიათად იყენებს.
- ცუდი მენეჯმენტი და მართვა ხშირად ძირს უთხრის სწავლის ხარისხს.
იმის მიუხედავად, რომ სკოლის ხელმძღვანელები მოსწავლეების მეცადინეობებში უშუალო მონაწილეობას არ იღებენ, ისინი ამ პროცესში არაპირდაპირი გზით არიან ჩართულნი, რაც სწავლების გაუმჯობესებას და რესურსების ეფექტიან გამოყენებას გულისხმობს. მართვის პრაქტიკის სიღრმისეული ანალიზი გვიჩვენებს, რომ განვითარებად ქვეყნებში სკოლები უფრო ხშირად ზარალდებიან ცუდი მენეჯმენტის გამო, ვიდრე იმავე ქვეყნის საწარმოები ან მდიდარი ქვეყნების სკოლები.
სკოლის არაეფექტიანი მართვა ნიშნავს, რომ სკოლის დირექტორი აქტიურად არ ეხმარება მასწავლებლებს პრობლემების გადაწყვეტაში, არ აძლევს მათ სწავლებასთან დაკავშირებულ რჩევებს და არ უსახავს ისეთ ამოცანებს, რომელთა პრიორიტეტი ცოდნის მიცემაა. უფრო მეტიც, ბევრ სისტემაში სკოლებს არ აქვთ მნიშვნელოვანი ავტონომია და თემის მონაწილეობა ზემოქმედებას ვერ ახდენს იმაზე, რაც საკლასო ოთახებში ხდება.
მსოფლიო ბანკის რეკომენდაციები საქართველოს განათლების სისტემის მუშაობის გაუმჯობესებისთვის
მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა
- „სახელმძღვანელოების ავტორობა სუფთა ენთუზიაზმსა და სიგიჟეზე დაფუძნებული შრომა გამოდის… თანხა, რომელსაც გვიხდიან, დამცირება და შეურაცხყოფაა!“ by ARIS.GE-განათლება
- რამდენია თანამდებობრივი სარგოები განათლების სამინისტროში თანამდებობების მიხედვით – განკარგულება განახლდა by ARIS.GE-განათლება
- სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი