GE

„ეს დაუშვებელია!“ – როგორ დავწეროთ მაღალქულიანი თემა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს იწყება და 22 ივლისს სრულდება. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. ვიდრე ათასობით აპლიკანტისა და მათი გულშემატკივრების მღელვარება პიკს მიაღწევს, გამოსაცდელები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე შესასრულებელ დავალებებთან დაკავშირებით არაერთ კითხვას სვამენ და სპეციალისტებისგან პასუხებს ელიან.

როგორ უნდა დაწერონ მაღალქულიანი თემა, გამოიყენონ თუ არა ციტატა და პარალელი, რა გაითვალისწინონ ტექსტის რედაქტირებისა და წაკითხული ტექსტის გააზრების დროს – აბიტურიენტების ამ შეკითხვებზე EDU.ARIS.GE-მ 35-წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტის, თბილისის 215-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებლის, ეკატერინე შავერდაშვილის პასუხები მოისმინა.

– ქალბატონო ეკატერინე, ყველაზე ხშირად რა შეცდომას უშვებენ აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე, როგორც თემის წერის, ისე სხვა დავალებების შესრულების დროს?

ეკატერინე შავერდაშვილი: გამოცდა სამი ნაწილისგან შედგება: ტექსტის რედაქტირება, ტექსტის გააზრება და წერითი დავალება. პირველი არის ტექსტის რედაქტირება, რომელიც მოიცავს მორფოლოგიურ-ორთოგრაფიულ, სინტაქსურ, სტილისტურ და პუნქტუაციურ შეცდომებს. აბიტურიენტმა მოცემულ ტექსტში სწორედ ამ შეცდომების პოვნა და გასწორება უნდა შეძლოს. ბოლო წლებიდან გამომდინარე, გვაქვს ასეთი სტატისტიკა, რომ დაახლოებით, 16 შეცდომა შეიძლება იყოს დაშვებული ტექსტში. ეს არის სუფთა გრამატიკული საკითხი, რომელიც სკოლაში მთელი 12 წლის განმავლობაში ისწავლება. სტატისტიკას რომ ვაკვირდები, მორფოლოგიურ შეცდომებს გაცილებით მარტივად პოულობენ აბიტურიენტები და ძირითადად, სტილისტური ხარვეზების აღმოჩენა და პუნქტუაციის ნაწილი უჭირთ.

მეორე დავალება წერითია და 34 ქულით ფასდება, ეს დავალება არჩევითია. მოცემულია ორი ტექსტი – აბიტურიენტმა ტექსტი უნდა გაიაზროს და შემდეგ თხზულება დაწეროს. ტექსტის გააზრება 10-ქულიანი შემოსახაზი დავალებაა – მოცემულია კითხვა, აპლიკანტმა ტექსტის გააზრების შემდეგ, ოთხი სავარაუდო პასუხიდან ერთი სწორი პასუხი უნდა აარჩიოს და პასუხების ფურცელში გადაიტანოს. ორი ტექსტიდან ერთი საპროგრამო მასალაა, მეორე – არასაპროგრამო. გამოსაცდელმა უნდა შეარჩიოს ამ ორი ტექსტიდან ერთ-ერთი და შემდეგ შეასრულოს დავალება. წერითი დავალება ათი კრიტერიუმით ფასდება. პირველი კრიტერიუმი დავალების პირობის ადეკვატური გააზრებაა.

არის შესაძლებლობა, რომ აბიტურიენტი საერთოდ აცდეს თემის სათაურს და მსჯელობა სულ სხვა მიმართულებით წაიყვანოს. ასეთ დროს, ხშირია თემის განულების შემთხვევები. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, აპლიკანტმა ყურადღებით წაიკითხოს თემის სათაური – რას სთხოვენ, რის შესახებ უნდა იმსჯელოს. შეიძლება, ნაწარმოები ძალიან ნაცნობი იყოს, მაგრამ მოცემულ სიტუაციაში კონკრეტული მოთხოვნა, რასაც უყენებს ეს საგამოცდო ტესტი, ვერ შეასრულოს. გამოსაცდელმა დავალების პირობა სწორად უნდა გაიგოს და გაიაზროს. თემის სათაურის ადეკვატურად გაგება, 50%-ით დაწერილ თემას ნიშნავს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ნაშრომის აგება. ნაშრომი სწორად უნდა იყოს ორგანიზებული და აბზაცები – სწორად გამოყოფილი. ხშირად სვამენ შეკითხვას – რამდენი აბზაცი უნდა გვქონდეს? შესავალი, მოცემული ტექსტის არგუმენტირებულად გაანალიზება, პარალელი, თანამედროვეობასთან კავშირი – ყველაფერი აბზაცით.

– აპლიკანტები ხშირად სვამენ შეკითხვებს პარალელთან დაკავშირებით – რას გულისხმობს ის, რამდენი პარალელის მოყვანაა აუცილებელი და „მოგონილი“ პარალელის შემთხვევაში, ხდება თუ არა ქულის დაკლება?

ე.შ: შეფასების მეხუთე კრიტერიუმია ზოგადი განათლება, რომელშიც მაქსიმალური ქულა სამია. ამ კრიტერიუმში ასეთი რამ წერია: „ნაშრომში მკაფიოდ გამოვლინდა განხილულ საკითხთან დაკავშირებული პრობლემატიკის ცოდნა, აბიტურიენტის ინფორმირებულობა და ერუდიცია“. საკუთარ ერუდიციას – ამ კომპონენტს – ჩვენ დავარქვით პარალელი. ანუ თუ გამოსაცდელმა სიღრმისეულად გაიაზრა მოცემული საკითხი თუ რაზეა საუბარი, მაშინ მან მსგავსი მაგალითის გახსენება უნდა შეძლოს. პარალელი, შესაძლოა, იყოს ლიტერატურული, ისტორიული, მეცნიერული. ასევე, პარალელად, შესაძლოა, გამოსაცდელმა მოიშველიოს ხალხური სიბრძნე – ანდაზები, წეს-ჩვეულება, ცნობილი ადამიანების ფრაზები. რას და როგორ გამოიყენებს აპლიკანტი, მეტყველებს მის ერუდიციაზე, როგორი ნაკითხია, რამდენად ფართოა მისი ცოდნა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. შეიძლება ორი პარალელის მოყვანაც – მაგალითად, ერთი იყოს ისტორიული, მეორე – ლიტერატურული, მაგრამ აბიტურიენტმა ძალიან ბევრი არ უნდა წეროს, რადგან ბევრის დაწერა კარგს არ ნიშნავს.

იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს პარალელი არ მოაგონდა, შეუძლია, გაიხსენოს რაიმე მსგავსი მნიშვნელოვანი ამბავი, რაც მის გარშემო ანდა მის ცხოვრებაში მოხდა. მთავარია, სწორად, ლამაზად და ადეკვატურად იყოს ჩამოყალიბებული და თემასთან მიბმული – ეს შეცდომაში არ ჩაითვლება. წინადადებები შაბლონური არ უნდა იყოს. ქართულის თემა რთული დასაწერია, რადგან ბევრი კომპონენტი მოწმდება და აუცილებელია, გამოსაცდელმა შემოქმედებითი უნარები გამოავლინოს – რა იცის და როგორ შეუძლია იმის გადმოცემა, რაც იცის.

– თემის ტექნიკურ დეტალებზე საუბრისას, გამოსაცდელები ასევე უთითებენ, რომ უჭირთ პრობლემის „დღევანდელობასთან“, „თანამედროვეობასთან“ დაკავშირება, რა არის ამ შემთხვევაში გამოსავალი?

ე.შ: თანამდეროვე ტექნოლოგიებმა და გაჯეტებმა, სამწუხაროდ, ბავშვების დიდი ნაწილი წიგნს დააშორა. ერთეულები არიან დარჩენილები, რომლებიც წიგნს კითხულობენ. ეროვნულ გამოცდებში არც ერთი თემა არ იქნება ისე შეტანილი, რომელიც თანამედროვეობაში არ იქნება პრობლემური – გამორიცხულია. მაგალითად, ავიღოთ მე-5 საუკუნის, იაკობ ხუცესის ჰაგიოგრაფიული თხზულებიდან „წამებაი წმიდისა შუშანიკისი“ – ერთ-ერთი თემა, როგორი იყო ქალთა უფლებები მე-5 საუკუნის ქართლში. ამ შემთხვევაში, უნდა გავაანალიზოთ ტექსტი და გავიაზროთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პრობლემა დღეს – დაცულია ქალთა უფლებები დღეს ჩვენთან? იმის მიუხედავად, რომ „წამებაი წმიდისა შუშანიკისი“ დაწერიდან აგერ უკვე 15 საუკუნე გავიდა, 21-ე საუკუნეა და ქალები ხშირად ისევ ძალადობის მსხვერპლი არიან.

თანამედროვეობასთან კავშირში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტი ქვეყანასა და მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე პროცესებს თვალ-ყურს ადევნებდეს. აბიტურიენტები ხშირად ამბობენ – „ჩვენ ტელევიზორს არ ვუყურებთ“, რაზეც ჩემი პასუხი არის ხოლმე – „საინფორმაციო გვერდები მაინც მოიწონეთ და ნახეთ მოკლე ინფორმაციები, რა ხდება დღეს მსოფლიოში. გაიგეთ, როგორ ცხოვრობენ არა მარტო თქვენი ოჯახის წევრები და მეგობრები, არამედ მსოფლიოს ქვეყნები და რა გლობალური პრობლემები და გამოწვევები არსებობს“. მნიშვნელოვანია ასევე, თუნდაც, სოციალური ქსელები. არ არსებობს მნიშვნელოვანი ფაქტი, მოვლენა რომელიც არ გახმაურდება და შემდეგ არ გახდება მსჯელობის საგანი თუნდაც იმ სოციალურ ქსელებში, სადაც აბიტურიენტები აქტიურად არიან ჩართული. შეუძლიათ, მაგალითები მოიყვანონ რომელიმე ცნობილი ადამიანის ინტერვიუდან, ცნობილი ფაქტიდან, მიმდინარე მოვლენებიდან, ოღონდ აქ არ უნდა იყოს კონკრეტიკა, რომ გამსწორებლისთვის ერთგვარ მინიშნებას არ წარმოადგენდეს ამა თუ იმ ფაქტის არგუმენტად მოხმობა.

– არსებობს თუ არა თემაში ციტატის მოყვანის აუცილებლობა და იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი ციტატას არ გამოიყენებს, როგორ აისახება ეს შეფასებაზე?

ე.შ: თემაში ციტატის მოყვანა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, აბიტურიენტს ქულა დააკლდება. ციტირება შესაბამისი მსჯელობის გამყარებას ნიშნავს. დავუშვათ, ვამბობთ, რომ შუშანიკი ძალადობის მსხვერპლი იყო. ეს აზრი უნდა გავამყაროთ ტექსტიდან მოხმობილი შესაბამისი ციტატით, სადაც გამოჩნდება, რომ შუშანიკი ნამდვილად ძალადობის მსხვერპლი იყო. სულ მცირე, სამი ციტატა გვჭირდება, რათა გამოჩნდეს, შეძლო თუ არა გამოსაცდელმა საკუთარი არგუმენტების გამყარება ტექსტური მასალით.

– რამდენად გამართლებულია თემის წერა რთული ქვეწყობილი/თანწყობილი წინადადებებით – არის თუ არა ეს საერთოდ პრობლემა?

ე.შ: აპლიკანტს თუ შეუძლია, რომ თემა რთული წინადადებებით წეროს და ლოგიკურად ჩამოაყალიბოს თავისი ნააზრევი, ძალიან კარგია. ეს წინადადების სწორად აგებისა და სინტაქსური კონსტრუქციების ცოდნის მაღალ დონეზე მიუთითებს. აუცილებლად გასათვალისწინებელია სასვენი ნიშნები და წევრ-კავშირები, რაც რთულ წინადადებაში შემავალ მარტივ თუ შერწყმულ წინადადებას ახლავს. რთული წინადადების წერას თავისი კულტურა აქვს, თავისი ცოდნა უნდა. თუ აპლიკანტს ეჭვი აქვს, რომ ვერ წერს გამართულად რთულ წინადადებას, მაშინ მარტივი წინადადებებით უნდა ჩაანაცვლოს.

– და ბოლოს, რომ შევაჯამოთ – როგორ უნდა დაწეროს აბიტურიენტმა მაღალქულიანი თემა – რა იქნება თქვენი ძირითადი რეკომენდაციები მათთვის?

ე.შ: ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გაითვალისწინოს ყველა აბიტურიენტმა, არის ის, რომ შეიკრას ერთგვარი სამკუთხედი – თემის სათაურის სწორად გააზრება, თემის სათაურში მოცემული პრობლემის იდენტიფიცირება ტექსტში და ამ პრობლემის მოძებნა თანამედროვეობაში. ეს თანმიმდევრობა მნიშვნელოვანია, ამის მიხედვით უნდა აიგოს ნაშრომი. აპლიკანტმა არ უნდა გამოიყენოს არასწორი ლექსიკა, უნდა მოერიდოს სტილისტურ ხარვეზებს; პარალელი პარალელისთვის არ უნდა იყოს მოხმობილი, უნდა იყოს რელევანტური; მნიშვნელოვანია თემისთვის შესაბამისი სტილის შერჩევა და პუნქტუაციური წესების დაცვა; დაცული უნდა იყოს წერის კულტურა, ციტატის მოყვანის კულტურა და სწორად უნდა იყოს არგუმენტები გამოყენებული;

პირველ აბზაცში ზოგადი მსჯელობა უნდა იყოს მოცემული. აბიტურიენტმა პრობლემის შესახებ ზოგადი ცოდნა უნდა გამოავლინოს. შემდეგ, მოცემულ ტექსტში, უნდა აღმოაჩინოს ძირითადი პრობლემა, რომელიც თემის სათაურშია მოცემული, უნდა იმსჯელოს, გააანალიზოს. ხშირია შემთხვევები, როდესაც აპლიკანტები მოცემული ტექსტის შინაარსს წერენ – შინაარსი არავითარ შემთხვევაში, ეს დაუშვებელია! აუცილებლად უნდა დაიმოწმონ ციტატები ტექსტიდან, რათა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი არგუმენტები ტექსტიდან მოხმობილი მაგალითებით გაამყარონ.

მივმართავ ყველა აბიტურიენტს: ძალიან გთხოვთ, თქვენი საკუთარი მოსაზრება რამდენიმე წინადადებით მაინც დაწერეთ. თუ გინდათ, მოსაზრება ცალკე აბზაცით გამოყავით, თუ გინდათ – თანამედროვეობას მიაბით. შეგიძლიათ, მთლიანი თემა შავ ფურცელზე არ დაწეროთ და მხოლოდ ძირითადი თეზისები ჩამოაყალიბოთ, რათა ამაში დრო არ დაკარგოთ. გამოცდაზე დროის მენეჯმენტი უმნიშვნელოვანესია. გისურვებთ წარმატებებს!

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური