GE

„ეს დავალება ნამდვილად იყო რთული“ – სპეციალისტები ქართულის გამოცდის მეორე დღის დილის სესიას აფასებენ

„მგონია, რომ ბევრს ექნება აცდენა თეზისთან, ვინც ქართულის გამოცდის მეორე დღის პირველ სესიაზე არაპროგრამული თხზულება აირჩია“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან 4 ივლისის დილის სესიიდან გამოსული ერთ-ერთი აბიტურიენტი და გვიხსნის, რომ თეზისი ძალიან დამაბნეველი იყო.

„როგორც უკვე იცით, არაპროგრამულიდან გვქონდა შოთა ჩანტლაძის მოთხრობა „ჭადრაკის მსხვერპლი“. წავიკითხე თეზისი და ძალიან დამაბნეველი იყო. თავად ტექსტიც დამაბნევლად იწყებოდა. მაგალითებიც ვერ გავიხსენე. ამიტომ ავირჩიე პროგრამულიდან“.

ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“ და შოთა ჩანტლაძის მოთხრობა – ქართულის გამოცდის მეორე დღის პირველი სესიის საკითხები აბიტურიენტებისგან

კონკრეტულად რა თეზისი შეხვდათ აბიტურიენტებს, არაპროგრამულ დავალებაში და რამ დააბნია, ამ კითხვებით EDU.ARIS.GE-მ ჯერ იმ აბიტურიენტებს მიმართა, რომლებმაც არაპროგრამული დავალება აირჩიეს და შემდეგ ქართულის სპეციალისტების პოზიცია მოისმინა, მართლაც იყო თუ არა დღევანდელი დილის სესიის ტესტი გუშინდელ ტესტებზე რთული.

თაკო ციცქიშვილი გვიყვება, რომ თეზისი მართლაც დამაბნეველი იყო და დაახლოებით ასე ჟღერდა: არარეალურ სამყაროში ყოფნა ხელს უშლის ადამიანს, იყოს გონებაფხიზელი და უქმნის საფრთხეებს.

„დავიბენი, რადგან ტექსტი იწყებოდა იმით, როგორ სეირნობს ავტორი ქალაქში და საბჭოთა კავშირი იყო კრიტიკულად ნახსენები, რომ დამყარებულია კომუნიზმი. ტექსტში ავტორის ფიქრები იყო მოცემული. თეზისი რომ წავიკითხე, მივხვდი, რაღაც მეშლებოდა და გავაგრძელე ბოლომდე კითხვა, სადღაც შუა ნაწილში რომ მივედი, უკვე გამოჩნდა სხვა პერსონაჟი – პოლიციელი, რომელიც ფიქრებში გართულ პერსონაჟს სთხოვდა, საბუთები წარმოედგინა. შემდეგ კიდევ ჩავედი ბოლომდე და უკვე იქ მივხვდი, რომ ეს იყო მთავარი აზრი: დაბნეულმა და ფიქრებში გართულმა არ უნდა ვიაროთ, ეს საფრთხის შემქმნელია და დავიწყე თხზულების წერა“, – იხსენებს თაკო.

ჩვენი მეორე რესპონდენტი კი ფიქრობს, რომ ის თემას ასცდა, რადგან სამშობლოს სიყვარული, დაბნეულობა და კანონები დაუკავშირა ერთმანეთს.

„მე დავწერე, რომ სამშობლოზე ფიქრობდა და ამ კუთხით წავედი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შენს ქვეყანაზე ფიქრობდე. შემდეგ კანონმორჩილებას დავუკავშირე, რადგან პოლიციელმა სთხოვა, საბუთები და მთავარ გმირს არ ჰქონდა, შინ დარჩა. კანონის მორჩილება რამდენად მნიშვნელოვანია და სიფხიზლე ამისთვის აუცილებელი რომაა, ეს დავწერე. პარალელებად მოვიყვანე ცხოვრებისეული მაგალითი, რომ მეც მქონია მსგავსი შემთხვევები და ასევე პარალელები კანონის დარღვევის კუთხით“.

ამ ორი პასუხითაც ჩანს, რომ აბიტურიენტებმა ნამდვილად სხვადასხვანაირად გაიგეს ქართულის გამოცდის მესამე სესიის არაპროგრამული თხზულების თეზისი, თუმცა EDU.ARIS.GE არაერთ მათგანს ესაუბრა.

რამდენად სწორად გაიაზრეს აბიტურიენტებმა თეზისი, ამის შესახებ წინასწარი პროგნოზი რთულია. ახლა მათი მთავარი ფიქრი იმისკენაა მიმართული, რომ თემას აცდენილნი არ იყვნენ.

აბიტურიენტების განცხადებები ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორს, ანნა შვანგირაძეს წავაკითხეთ, რათა განემარტა ჩვენთვის, რამდენად რეალურია შანსი, რომ ამ არაპროგრამულ თხზულებაზე მუშაობისას, აბიტურიენტები არასწორი მსჯელობით წასულიყვნენ. რეპეტიტორმა გვითხრა, რომ ეს დავალება ნამდვილად იყო რთული.

„ცხადია, რომ შოთა ჩანტლაძის მოთხრობამ „ჭადრაკის მსხვერპლი“ დაბნეულობა გამოიწვია. ეს ნამდვილად არ არის მარტივად გასააზრებელი ტექსტი. აბიტურიენტებს უნდა ემსჯელათ, თუ როგორი დამღუპველია ილუზიებით ცხოვრება. დიდი ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ მთავარია, შეგვეძლოს რეალობის აღქმა, რაც გამოკვეთა კიდეც მის ელეგიაში:
„ო, ღმერთო ჩემო სულ ძილი ძილი, როსღა გვეღირსოს გამოღვიძება“, პარალელებიც ასეთივე შეეძლოთ მოეყვანათ, თუ პერსონაჟებს ვერ გაიხსენებდნენ“.

იმავეს ამბობს, ჩვენი მეორე რესპონდენტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი ნინო ქამხაძეც და აღნიშნავს, რომ აბიტურიენტებს, რომლებმაც არაპროგრამული დავალება შეარჩიეს, შესაძლოა, არასახარბიელო შეფასება ჰქონდეთ.

„თუ იმსჯელებდნენ წარმოსახვით სამყაროზე, ადამიანებზე, რომლებიც მუდმივად ილუზიებში ცხოვრობენ და რეალობას ვერ აღიქვამენ, მაშინ სწორად დაწერდნენ. პარალელად შეიძლებოდა მოეყვანათ გალაკტიონი თავისი ცხოვრება-შემოქმედებით, თეიმურაზ ხევისთავი… უამრავი პარალელის მოყვანა შეეძლოთ. კანონებსა და პატრიოტიზმზე, ასევე საბჭოთა დიქტატურაზე არ უნდა დაეწერათ თხზულება. ამ შემთხვევაში ნამდვილად ასცდებოდნენ თემას და სავარაუდოდ, არასახარბიელო შეფასებაც ექნებათ“, – განმარტავს რეპეტიტორი.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური