GE

„ეს მეც გამომიცდია“, „ბოდიში“, „პატივს ვცემ შენს მოსაზრებას“ – ჯადოსნური სიტყვები, რომლებსაც მასწავლებლები უნდა იყენებდნენ

გაკვეთილი, სახელწოდებით „ჯადოსნური სიტყვები“ მე და საზოგადოების საგანში მოსწავლეებს უკვე წლებია, რაც უტარდებათ. სასწავლო თემა, მათ სასკოლო სახელმძღვანელოშიც იგივე სახელწოდებითაა შესული.

„მადლობა“, „გამარჯობა“, „ბოდიში“, „მაპატიე“, „გეთაყვა“, „უკაცრავად“, „თუ შეიძლება“, „მიყვარხარ“… ბავშვებს ვასწავლით, რომ ეს სიტყვები ყველა კარს აღებს და აუცილებლად უნდა უთხრან ერთმანეთს, მშობლებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მასწავლებელს, ყველას, რადგან მათ მართლაც ჯადოსნური ძალა აქვთ და წარმოთქმისთანავე ათბობს ადამიანთა გულებს.

საინტერესოა, რას თვლიან ჯადოსნურ სიტყვებად თავად მასწავლებლები, რას და რატომ  უნდა იყენებდნენ მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან.

EDU.ARIS.GE -სთან ამ საკითხებზე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის #1 საჯარო სკოლის მე და საზოგადოების საგნის პედაგოგი, მაკა სვანიშვილი საუბრობს.

– მაკა, პირველ რიგში, გვითხარით რა ითვლება ჯადოსნურ სიტყვებად და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი გამოყენება მოსწავლეებთან?

– ვინ, თუ არა მასწავლებლებმა განსაკუთრებით კარგად ვიცით, რომ სიტყვებს მართლაც აქვთ უდიდესი ძალა, ისინი ცვლიან ადამიანის განწყობას, ხასიათს, ცხოვრებას, ზოგადად მომავალს. ეს პროცესი, ადამიანის ცვლილების მართლაც საოცარია და სწორედ ჯადოსნური სიტყვების დახმარებით იწყება. მოსწავლეებში ქცევის კულტურის ჩამოყალიბება პატარა ასაკიდანვე იწყება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მათ ადრეული ასაკიდანვე ვასწავლოთ, ნებისმიერ დროს გამოხატონ მადლიერება სხვა ადამიანების მიმართ, ისწავლონ დახმარების დაფასება და პატივისცემა, იგრძნონ პასუხისმგებლობა. “სიყვარული ხომ დედამიწას ატრიალებს”, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ სიყვარულის გამოხატვა ისწავლონ  და ხშირად უთხრან ერთმანეთს, მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს  ჯადოსნური სიტყვები. ჯადოსნური სიტყვების ხშირად გამოყენებით ურთიერთობები მარტივდება, თბილი და უშუალო ხდება. გეტყვით, რომ ეს სიტყვები: „მადლობა“, „გამარჯობა“, „ბოდიში“, „მაპატიე”… მარტო კი არ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს,  მაგალითებად უნდა ვაჩვენოთ და მათი გამოყენება ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად ვაქციოთ.

– როგორ ფიქრობთ, ხშირად იყენებენ თქვენი კოლეგები „ჯადოსნურ სიტყვებს“?

– რასაკვირველია, მე მჯერა, რომ იყენებენ. ყველა პედაგოგის ვალია, საგნის გარდა, მოსწავლეს კიდევ უამრავი საჭირო რამ ასწავლოს. თუ  გვიყვარს ადამიანები და მათთან ურთიერთობა, ეს უნდა გამოვხატოთ არა მხოლოდ საქმით, არამედ სიტყვებითაც. ეს კი, რა თქმა უნდა, უკვალოდ არ ჩაივლის და ჩვენს გარშემო ღიმილიან სახეებს უფრო ხშირად დავინახავთ.

– გაუზიარეთ კოლეგებს ის  ჯადოსნურ სიტყვები, რომლებიც ფიქრობთ, რომ მათაც ხშირად უნდა გამოიყენონ…

– მოგახსენებთ, იმ ჯადოსნური სიტყვების შესახებ, რომელთა გამოყენებასაც მე ყოველდღიურად ვცდილობ და ვურჩევდი ჩემს კოლეგებსაც.

ჯადოსნური სიტყვები, რომლებიც მოსწავლეებს უნდა ვუთხრათ:

– „მაპატიე, შენ მართალი იყავი“;
– „პატარებო, როგორი ლამაზები და ჭკვიანები ხართ?!“;
– „მე შენს გვერდით ვარ“;
– „მოდით, ყველა ჩავეხუტოთ ერთმანეთს“;
– „რომ იცოდე, ეს მეც გამომიცდია“;
– „ჩემი დახმარების იმედი გქონდეს“;
– „გახსოვდეს, შენ ძალიან მნიშვნელოვანი ხარ“;
– „მე პატივს ვცემ შენს მოსაზრებას“;
– „ერთად დავძლევთ სირთულეებს“;
– „როგორი განსაკუთრებულები ხართ?!“;
– „ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ“;
– „არ იღელვო, ჩვენ დაგეხმარებით“;
– „ყველაფერს შევძლებთ“;
– „შეცდომები „მოსულა“.

ჯადოსნური სიტყვები, რომლებიც მშობლებს უნდა ვუთხრათ:

– „თქვენს შვილს აქვს წარმატებები, ნუ ღელავთ!“;
– „სიამოვნებით მოგისმენთ“;
– „მეც გამომიცდია იგივე“;
– „თქვენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია“;
– „შეგვიძლია, დავეხმაროთ ერთმანეთს“;
– „მადლობა“;
– „ყველაფერი ჩვენს შორის დარჩება“.

გაგვიზიარეთ, თქვენი „ჯადოსნური სიტყვები“ რომლებია?

ასევე იხილეთ:

როგორ შევაყვაროთ მოსწავლეს მათემატიკის გაკვეთილები?! – დამხმარე აქტივობები და გამოსავალი მათთვის, ვისაც მათემატიკა უჭირს

ესაუბრა მზეო შველიძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური