GE

„ევროპის უნივერსიტეტი“ „წმინდა მიქაელის ჰოსპიტლის“ შეძენას გეგმავს

„ევროპის უნივერსიტეტი“ „წმინდა მიქაელის ჰოსპიტლის“ შეძენას გეგმავს.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შპს “ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ შპს „წმინდა მიქაელის ჰოსპიტლის“ 100%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს ახლა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო შეისწავლის, გადაწყვეტილება კი 2025 წლის 30 დეკემბერს გამოქვეყნდება.

ცნობისთვის, “წმინდა მიქაელის ჰოსპიტალი (ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფო) წარმოადგენს კავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი ისტორიის სამედიცინო დაწესებულებას. “მიხაილოვსკის სტაციონარში“ პაციენტის პირველი ჩანაწერი 1844 წლით თარიღდება.

“ევროპის უნივერსიტეტის“ მფლობელობაშია ასევე “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი”. ჰოსპიტალში “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები სისტემატურად გადიან სტაჟირებას, კლინიკურ პრაქტიკას და იკავებენ ექთნის პოზიციაზე. სხვადასხვა პროფილის წამყვანი ქირურგები უძღვებიან სასწავლო კურსებს და ყოველდღიურად უზიარებენ სტუდენტებს საკუთარ გამოცდილებას.

“ევროპის უნივერსიტეტში” გარდა მედიცინისა, ფუნქციონირებს სტომატოლოგიის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების, ვეტერინარიის და სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტები. პროგრამები ხორციელდება როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე. სტუდენტები სწავლობენ 80-ზე მეტი ქვეყნიდან, რაც მულტიკულტურულ და მრავალფეროვან გარემოს ქმნის.

“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებს აქვთ მრავალი შესაძლებლობა ჩაერთონ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, გაიარონ სრულად დაფინანსებული პრაქტიკა წამყვან ევროპულ საუნივერსიტეტო კლინიკებში და ჩაერთონ პიროვნული თუ პროფესიული განვითარებისთვის შეთავაზებულ აქტივობებში.

გარდა “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლისა”, “ევროპის უნივერსიტეტს” აქვს საკუთარი სტომატოლოგიური კლინიკა “EU Dent”. საერთაშორისო ცოდნის გაზიარების მიზნით უნივერსიტეტს პერიოდულად სტუმრობენ უცხოელი პროფესორები და ლექტორები. ისინი სტუდენტებისთვის კითხულობენ ლექცია/სემინარებს და ატარებენ ვორკშოპებს.

“ევროპის უნივერსიტეტი” ყოველწლიურად იზრდება როგორც პროგრამების მრავალფეროვნებით, ასევე ინფრასტრუქტურით, რაც ადასტურებს უნივერსიტეტის მზაობას, შექმნას დასაქმების ბაზრისთვის საჭირო უნარებით აღჭურვილი თაობა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური