„უნივერსიტეტებში ერთ წელიწადში 10 000-ლარიანი ხელფასი მიღწეული არ იქნება“ – მთავრობის განმარტება პროფესორ-მასწავლებლებს
„სრულ განაკვეთზე მომუშავე სრული პროფესორის მინიმალური ანაზღაურება უნდა იყოს 10 ათასი ლარი, რასაც უნდა დაემატოს ჰონორარები“ – საქართველოს პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება ჯერ მხოლოდ სამომავლო პერსპექტივად დარჩება, რადგან როგორც ირკვევა საუბარია 20-წლიან პერიოდზე და უმაღლესი განათლების რეფორმის პირველივე წელს მიუღწეველი ამოცანაა.
უმაღლეს განათლებაში პროფესორ-მასწავლებლების ხელფასებზე საუბარი განათლების კომიტეტზე დასმული კითხვების პასუხად მოუწია გიორგი კაკაურიძეს, ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, რომელმაც დეპუტატებს 2027 წლი ბიუჯეტის პირველი ვერსია წარუდგინა.
ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რა თქმა უნდა, ხელფასი რეფორმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია მათ შორის 2027 წლის ბიუჯეტის კონტექსტშიც:
“როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გაზრდილ ხარჯებზე და სტუდენტების უფასო სწავლის დაფინანსებაზე, თუ შევხედავთ, 100 მილიონით იზრდება უფასო სწავლების ნაწილი და 33 მილიონით მცირდება გრანტების ნაწილი, ანუ ეს 65 მილიონი არის დამატებითი შემოსავალი, რასაც საბოლოო ჯამში ეს უნივერსიტეტები მიიღებენ. რის ხარჯზე მოხდა ეს, გარდა იმისა, რომ უფასო სწავლა გამოცხადდა, მთავრობის დადგენილებით შეიცვალა ერთ ბავშვზე გათვლილი ანაზღაურების მოცულობა, ანუ თუ ადრე სტანდარტულად იყო ნებისმიერ ფაკულტეტზე 2 250 ლარი, ეს მნიშვნელოვნად შეიცვალა და ფაკულტეტების მიხედვით გახდა სხვადასხვა. ამაზე წელიწადზე მეტი მუშაობდა განათლების სამინისტრო და შესაბამისად, იმ ფაკულტეტზე და სპეციალობაზე, სადაც უფრო მეტი ხარჯი აქვს, შეიცვალა ბავშვების ანაზღაურების მოცულობა”.
გიორგი კაკაურიძე არ მალავს, რომ 10 000 ლარიანი ანაზღაურების მიღწევა ამ ბიუჯეტით შესაძლებელი არ იქნება:
“საბოლოო ჯამში, ის ხელფასი, რაც გაცხადებული იყო, რა თქმა უნდა, ერთ წელიწადში შეიძლება ვერ მიიღწეს, თუმცა იმ 20-წლიან პერიოდში, როდესაც უკვე სრულად გადავლენ უფასო სწავლებაზე სახელმწიფო უნივერსიტეტები და ამავდროულად დაიწყება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ეტაპობრივად, ხელფასებიც გაიზრდება. მე დღეს გამიჭირდება გითხრათ კონკრეტული ვადა, რომელ წელს რამდენი იქნება ხელფასი, იმიტომ, რომ ეს მათ შორის დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზეც. ყოველწლიურად იქნება ზრდა, თუმცა ერთ წელიწადში ის მაქსიმალური თანხა, რაც თავიდან ითქვა, მიღწეული არ იქნება”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ 5 ოქტომბერს.
ამავე თემაზე:
როგორ შეირჩევა და რა ვალდებულებები ექნება წამყვან პროფესორს, რომლის ხელფასიც 10 000 ლარი უნდა იყოს
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
„სექტემბერში უმაღლესი განათლება გაიაფდა, საშუალო განათლება კი გაძვირდა“ – საქსტატის უახლესი მონაცემები
by ARIS.GE-განათლება