ფინანსური განათლების კუთხით საქართველოში მოსწავლეთა 49,8%-ს გარკვეული დახმარება სჭირდება – PISA-ს კვლევა
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA-ს ფარგლებში მოსწავლეების ფინანსური წიგნიერების შეფასება ჩატარდა, რაშიც საქართველო პირველად ჩაერთო. 2018 წლის შედეგების მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში გამოკითხული 4 321 მოსწავლიდან ნახევარი (50.2%) მიღწევის მე-2 დონეზე ან მის ზემოთ, ხოლო დანარჩენი (49.8%) მიღწევის მე-2 დონის ქვემოთ მოექცა.
ფინანსურ წიგნიერებაში შეფასების 5 დონეა. მე-2 დონე განიხილება, როგორც საბაზისო დონე, რომლის მიღმა მყოფ მოსწავლეებს, როგორც წესი, გარკვეული დახმარება ესაჭიროებათ.
კვლევაში, რომელსაც PISA-ს პროექტის ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) ჩაატარა, სულ 20 ქვეყანა მონაწილეობდა. მიღწევის საშუალო ქულის მიხედვით საქართველო ბოლოდან მეორე ადგილზეა, თუმცა მონაცემების გაანგარიშების დროს გათვალისწინებულია ის, რომ კვლევაში მონაწილე ქვეყნებს სხვადასხვა ეკონომიკური მდგომარეობა აქვთ.
ქვემოთ მოცემულია ცხრილი 1, რომელშიც მონაწილე ქვეყნების მოსწავლეთა მიღწევების საშუალო შედარებულია OECD-ის 13 წევრი და დანარჩენი მონაწილე ქვეყნის მოსწავლეთა მიღწევების საშუალოს. გარდა ამისა, საქართველოს მოსწავლეთა მიღწევები, სხვა ქვეყნებთან ერთად, შედარებულია მსგავსი დაფარვის ინდექსის მაჩვენებლის, მსგავსი ეკონომიკის და ქვეყნის ბიუჯეტიდან განათლებაში დახარჯული მსგავსი წილის მქონე ქვეყნების (ინდონეზიის და პერუს) მოსწავლეთა მიღწევებთან.
საქართველოს მოსწავლეთა მიღწევის საშუალო მაჩვენებელი (მშპ-ის გათვალისწინებით), თუ შევადარებთ მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, აღემატება ინდონეზიისას და (სტატისტიკურად) არ განსხვავდება ჩილეს მოსწავლეთა საშუალო შედეგისგან. გარდა ამისა, PISA 2018-ის ფინანსური წიგნიერების სფეროში საქართველოში გოგონების საშუალო მიღწევა აღემატება ბიჭებისას და ეს განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანია. იმ ფონზე, როცა სხვა ქვეყნების მაჩვენებლებით ბიჭებს უფრო მაღალი მაჩვენებლები აქვთ.
PISA-ს პროგრამის მიხედვით, ფინანსური წიგნიერება განმარტებულია, როგორც მოსწავლის მიერ „ფინანსური ცნებებისა და რისკების ცოდნა და გაგება და მისი ის უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები, რომლებიც საშუალებას აძლევს მას გამოიყენოს ეს ცოდნა სხვადასხვა ფინანსურ კონტექსტში ეფექტიანი გადაწყვეტილებების მისაღებად“.
ფინანსური წიგნიერების სფეროში მოსწავლეთა კომპეტენციები შემდეგ ოთხ კომპონენტში ფასდება:
ფული და გარიგებები – ამ კომპონენტში ფასდება მოსწავლის უნარი, თუ რამდენად შეუძლია მას ფულის ხარჯვის ტრადიციული და ციფრული ფორმების გამოყენება ისეთი მარტივი ფულადი გარიგებების განსახორციელებლად, როგორებიცაა, მაგალითად: ონლაინ გადახდა, ხარჯვა, ფულის მნიშვნელობა, საბანკო ბარათები, ჩეკები, საბანკო ანგარიშები და ვალუტები.
ფინანსების დაგეგმვა და მართვა – ამ კომპონენტში ფასდება შემდეგი უნარები: შემოსავლის/ქონების დაგეგმვა და მართვა როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი პერსპექტივით, კერძოდ, რამდენად შეუძლია მოსწავლეს ფინანსური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად შემოსავლისა და გასავლის მონიტორინგი და სხვა ხელმისაწვდომი რესურსების გამოყენება.
რისკი და სარგებელი – ამ კომპონენტში ფასდება, თუ რამდენად შეუძლია მოსწავლეს რისკების დადგენა და მართვა, ასევე ისეთი ფინანსური მოგების ან ზარალის გააზრება, როგორებიცაა: საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სარგებელი, პროცენტი და სხვ.
ფინანსური მდგომარეობა – ამ კომპონენტში ფასდება მსოფლიოში ფინანსური მდგომარეობის შესახებ მოსწავლის ცოდნა და გაგება იმისა, თუ რამდენად იცის მოსწავლემ საკუთარი, როგორც მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობა ფინანსურ ბაზარზე, აგრეთვე, რამდენად კარგად ესმის მას ეკონომიკური ცვლილებებისა და საჯარო პოლიტიკის გავლენის მნიშვნელობა ფინანსურ სარგებელზე, ინფლაციაზე, საშემოსავლო გადასახადზე და სხვ.
მიღწევის დონეების მიხედვით, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოს მოსწავლეთა ნახევარი (50.2%) მიღწევის მე-2 დონეზე ან მის ზემოთ მოექცა, ხოლო დანარჩენი (49.8%) მიღწევის მე-2 დონის ქვემოთ. კვლევაში მონაწილე ქვეყნების მოსწავლეთა მხოლოდ 0.7%-მა შეძლო მე-5, უმაღლესი დონის დაძლევა.
2018 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაამტკიცა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურისათვის (მე-7, მე-8 და მე-9 კლასებისათვის). ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ფინანსური წიგნიერება მოიაზრება, როგორც სამოქალაქო განათლების ნაწილი, ასევე როგორც გამჭოლი კომპენტენცია (მისი ელემენტები შეტანილია მათემატიკის საგნობრივ პროგრამაში).
2017 წელს 11 სკოლაში (232 მოსწავლე) ჩატარდა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის პირველი არაფორმალური საპილოტე კვლევა. 2019 წლიდან საქართველოს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ყველა მოსწავლე ეუფლება ფინანსურ წიგნიერებას. საწყის ეტაპზე ახალი პროგრამა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით განახორციელა.
PISA -ს კვლევის საველე სამუშაოები 2018 წლის აპრილ-მაისში ჩატარდა. შეფასებაში 20 ქვეყანა და ადმინისტრაციული ერთეული მონაწილეობდა. ესენია: OECD-ის წევრი 13 ქვეყანა: ავსტრალია, კანადა, ჩილე, ესტონეთი, ფინეთი, იტალია, ლიეტუვა, პოლონეთი, პორტუგალია, სლოვაკეთის რესპუბლიკა, ესპანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები (ა.შ.შ.); 7 OECD-ის პარტნიორი ქვეყანა: ბრაზილია, ბულგარეთი, საქართველო, პერუ, რუსეთი და სერბეთი.
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA – Programme for International Student Assessment) განმეორებითი საერთაშორისო კვლევაა. კვლევა 2000 წლიდან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით სამ წელიწადში ერთხელ ტარდება ორგანიზაციის წევრი და პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით. PISA-ს ფარგლებში ხდება იმის შეფასება, თუ რა იციან და რისი გაკეთება შეუძლიათ საკუთარ ცოდნაზე დაყრდნობით 15 წლის მოსწავლეებს ზოგადი განათლების საფეხურის ბოლოს სწავლა-სწავლების სამ ფუნდამენტურ სფეროში: კითხვაში, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.
ფინანსურ წიგნიერებაში შეფასების შესახებ ანგარიში გამოცდების ცენტრმა გამოაქვეყნა.
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება