GE

„ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე პედაგოგი ასწავლის 10-11 განსხვავებულ საგანს“ – დეფიციტის აღმოფხვრის გზა

სკოლებში პედაგოგთა დეფიციტია – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 6 მაისს გამოქვეყნებულ დასკვნაში წერია, რომელიც დისტანციური სწავლების ეფექტიანობას ეხება. საუბარია ქვეყანის მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებზე, თუმცა აღნიშნული დეფიციტი არსებობს ასევე თბილისის სკოლებშიც.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ზოგიერთ სკოლაში ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ერთი მასწავლებელი ასწავლის სხვადასხვა არამომიჯნავე საგანს, კვალიფიკაცია კი მხოლოდ ერთ საგანში გააჩნია, რაც უარყოფით გავლენას ახდენს სწავლების პროცესის ხარისხზე.

ანგარიშის მიხედვით, 2020-2021 სასწავლო წელს ქვეყნის მასშტაბით მასწავლებლების 6% (3,594 მასწავლებელი) ასწავლიდა VII-XII კლასებში სხვადასხვა არა მომიჯნავე საგანს, მათ შორის, 241 მასწავლებელი − თბილისის სკოლებში. რეგიონებში კი არის შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე პედაგოგი ასწავლის ერთდროულად ბიოლოგიას, მათემატიკას და ქართულ ენასა და ლიტერატურას, ხოლო მეორე − ინგლისურ ენასა და ფიზიკას. ასევე ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე პედაგოგი ასწავლის 10-11 განსხვავებულ საგანს, აღნიშნული კი წარმოშობს სწავლა-სწავლების პროცესის არასათანადო ხარისხით წარმართვის რისკებს.

ერთი მასწავლებლის მიერ არამომიჯნავე საგნების სწავლების გრაფიკი:

სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, მასწავლებელთა დეფიციტის პრობლემა ყველაზე მეტად სამ რეგიონში გამოიკვეთა. ესენია: გურია, მცხეთა-მთიანეთი და სამეგრელო-ზემო სვანეთი, ხოლო საგნობრივ ჭრილში დეფიციტი აღინიშნება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და უცხოურ ენებში.

რა გავლენა ჰქონდა მასწავლებლების დეფიციტს მოსწავლეთა განათლების მიღების პროცესზე

აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა 2018-2021 წლებში თითოეულ სასწავლო წელს პროგრამის ფარგლებში დაფიქსირებული დეფიციტის სავარაუდო გავლენა  მოსწავლეთა რაოდენობაზე, რომლებსაც ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით უნდა ესწავლათ ის საგნები, სადაც ფიქსირდება კადრების დეფიციტი.  შესაბამისად, შესაძლოა, აღნიშნული სკოლის მოსწავლეები დარჩენილიყვნენ სასწავლო პროცესს მიღმა. მაგალითად, 2020-2021 სასწავლო წელს გარკვეულ საგნებში სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილ მოსწავლეთა სავარაუდო რაოდენობა 893, ხოლო 2021-2022 სასწავლო წელს – 2 736-ია. საერთო ჯამში, 2018-დან 2022 წლამდე გარკვეულ საგნებში სასწავლო პროცესის მიღმა დარჩა 15 000 – ზე მეტი მოსწავლე.

2018-2021 წლებში საჯარო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა და იმ მოსწავლეების სავარაუდო რაოდენობა, რომლებიც გარკვეულ საგნებში შესაძლოა დარჩენილიყვნენ სასწავლო პროცესის მიღმა:

მუშაობს თუ არა მასწავლებელთა დეფიციტის აღმოფხვრისთვის სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები და როგორ იხარჯება ფინანსები?

აუდიტის დასკვნაში წერია, რომ მასწავლებელთა დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს პროგრამას − „ასწავლე საქართველოსთვის“ და ქვეპროგრამას − „დისტანციური სწავლება.“ პროგრამის ფარგლებში ცენტრი სკოლებიდან იღებს ინფორმაციას კონკრეტულ საგნებში მასწავლებელთა დეფიციტის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხორციელდება საჭირო კადრის მოძიება სხვადასხვა მიზეზის გათვალისწინებით, ვაკანსიები რჩება შეუვსებელი. 2020-2021 და 2021-2022 სასწავლო წლებისთვის, პროგრამის ფარგლებში, პანდემიიდან გამომდინარე, არ გამოცხადებულა მასწავლებელთა კონკურსი და, შესაბამისად, ვერ შეივსო ვაკანსიები.

აუდიტის ჯგუფმა საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების მონაცემთა ბაზები შეადარა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებს და გაარკვია, რომ, რიგ შემთხვევებში, პროგრამაში ფიქსირდება კონკრეტულ სკოლაში რომელიმე საგნის მასწავლებლის დეფიციტი, მაშინ როცა ემისის (განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა) ინფორმაციით, აღნიშნულ სკოლაში არიან შესაბამისი საგნების მასწავლებლები.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აუდიტის სამსახურისთვის მიწოდებული ინფორმაციით, „მსგავსი შეუსაბამობა შესაძლოა გამოწვეული იყოს შემდეგი გარემოებით: იმ შემთხვევაში, თუ პროგრამა ვერ უზრუნველყოფს კვალიფიციური კადრის მივლინებას და სკოლა თავად მოიძიებს კადრს, სკოლა პროგრამას არ აწვდის ინფორმაციას. შესაბამისად, შესაძლოა სკოლამ აღმოფხვრას მასწავლებლის დეფიციტი, რაც აისახება ემისის მონაცემებში, თუმცა ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს ცენტრი და კონკრეტულ ვაკანსიას პროგრამის ფარგლებში აქვს შეუვსებელი ვაკანსიის სტატუსი“.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, განსხვავებული ინფორმაციის არსებობა მიუთითებს განათლების სისტემის სხვადასხვა რგოლს შორის ინფორმაციის გაცვლისა და კოორდინაციის ნაკლოვანებებზე.

აუდიტის მონაცემებით, პროგრამის პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის ასწავლე საქართველოსთვის” ხარჯი 2019 წელს – 1 812069, 2020 წელს კი 1 742 152 ლარი იყო. 2017-დან 2020 წლის ის ჩათვლით ჯამში სულ 6 მილიონამდე თანხა დაიხარჯა.

პროგრამის პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ბიუჯეტი 2017-2020 წლებში:

აუდიტის ჯგუფი გახარჯული ფინანსური რესურსების ანალიზის შედეგად ასკვნის, რომ დისტანციური სწავლების განხორციელება, დაახლოებით 4-4,5-ჯერ უფრო ნაკლები ფინანსური რესურსით არის შესაძლებელი, ვიდრე მეტი კადრის მოძიება დეფიციტური ვაკანსიების შესავსებად პროგრამას „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში.

დეფიციტის აღმოფხვრის გზა

„რეგიონებში დისტანციური სერვისის მიწოდება ქალაქში მცხოვრები მასწავლებლებისთვის შესაძლოა დამატებით მოტივატორად იქცეს, ვინაიდან საცხოვრებელი ადგილის შეუცვლელად ეძლევათ რამდენიმე სკოლაში სწავლების შესაძლებლობა. აღნიშნულს ადასტურებს აუდიტის ჯგუფის მიერ ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებში დასაქმებული სხვადასხვა საგნის მასწავლებლების გამოკითხვები“, – წერს აუდიტის ჯგუფი.

ანგარიშის მიხედვით, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, 312 გამოკითხული მასწავლებლიდან 268-ს, საკლასო ოთახში სწავლების პარალელურად, ექნებოდა სურვილი ჩაეტარებინა დისტანციური გაკვეთილები მაღალმთიანი რეგიონის მოსწავლეებისთვის.

„სკოლებში, სადაც არსებობს კონკრეტულ საგანში მასწავლებლის დეფიციტი ან კვალიფიციური კადრის ნაკლებობაა და მასწავლებელთა მივლინება შეუძლებელია, მოსწავლეებისთვის საკლასო ოთახში ჩატარებული გაკვეთილების პარალელურად, შესაძლებელია დეფიციტურ საგნებში დისტანციური სწავლების შეთავაზება, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეებისთვის ზოგადი განათლების სრულფასოვან და საყოველთაო მიწოდებას“, – წერს აუდიტის სამსახური და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და სამინისტროს მისამართით იძლევა რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც, სადაც არ არის პედაგოგი ან კვალიფიციური კადრის დეფიციტია, სათანადო პირობების უზრუნველყოფით, უნდა განხორციელდეს დისტანციური სწავლება.

ასევე იხილეთ:

აუდიტი: „ტელესკოლის“ განმახორციელებლებმა არ იციან, რამდენი მომხმარებელი ჰყავს პროგრამას და ასრულებს თუ არა ძირითად მოვალეობას

მასწავლებლების რა ნაწილი არ იყო მზად ონლაინ სწავლებისთვის და რამდენს დასჭირდა ტრენინგის ხელმეორედ გავლა

„განათლების სამინისტროს არ აქვს საგანგებო სამოქმედო გეგმა“ – აუდიტმა დისტანციური სწავლების მთავარი პრობლემები დაასახელა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური