GE

მასწავლებლების რა ნაწილი არ იყო მზად ონლაინ სწავლებისთვის და რამდენს დასჭირდა ტრენინგის ხელმეორედ გავლა

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ონლაინ სწავლების რეჟიმისთვის, რომელიც პანდემიის გამო მასობრივად იქნა ქვეყანაში შემოღებული, მასწავლებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი მზად არ იყო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კი არ გააჩნია საგანგებო სამოქმედო გეგმა, რომელიც დისტანციური ფორმატის გამო სასწავლო პროცესში არსებულ ხარვეზებს აღმოფხვრის – ეს ყოველივე 6 მაისს გამოქვეყნებულ სახელმწიფო აუდიტის იმ ანგარიშში წერია, რომელიც დისტანციური სწავლების ეფექტიანობას ეხება.

აუდიტი ასკვნის, რომ ზოგადი განათლების სისტემაში დღემდე გამოწვევად რჩება მასწავლებელთა საინფორმაციო ტექნოლოგიებში გადამზადების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლიდან დაიწყო მასწავლებელთა გადამზადება კომპიუტერული უნარების განსავითარებლად, პანდემიამდე გადამზადებული იყო 15 000 პედაგოგი, რაც მასწავლებელთა 27%-ს შეადგენს.

ანგარიშის თანახმად, 2017 წლიდან 2021 წლის ივლისის ჩათვლით საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების 42% არ იყო ჩართული საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით განხორციელებულ ტრენინგმოდულებში. ამავე თემის დასკვნით ნაწილში კი ასევე განმარტებულია, რომ მასწავლებელი, რომელსაც გადამზადება არ გაუვლია, წარმოქნის რისკებს დისტანციური სწავლების სათანადოდ წარმართვისთვის.

არადა, ანგარიშის თანახმადვე, ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობის პროგრამის მიხედვით, დისტანციური სწავლების დანერგვა საშუალებას იძლევა, რომ დისტანციური სწავლების პლატფორმაზე მასწავლებლებმა სასწავლო რესურსები განათავსონ იმგვარად, რომ მოსწავლეებს მუდმივად ჰქონდეთ მათზე წვდომა, შეეძლოთ სასწავლო რესურსებს, ახალსა თუ განვლილ მასალას, მიუბრუნდნენ მათთვის ხელსაყრელ დროს. ნათელია, რომ ამ ყოველივეს ვერაფრით გააკეთებს მასწავლებელი, რომელიც სათანადოდ არ არის გადამზადებული.

“2017-2021 წლებში საჯარო სკოლებში დასაქმებული იყო, საშუალოდ, 56 134 მასწავლებელი. 2017-2021 წლის ივლისის ჩათვლით, უშუალოდ ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრში ჩატარდა 56 ტრენინგმოდული და გადამზადდა ჯამში 32,809 პედაგოგი, რაც, საშუალოდ, მასწავლებელთა საერთო რაოდენობის 58%-ია. 2020-2021 წლებში მოხერხდა 24 945 (44%) მასწავლებლის გადამზადება”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

აღსანიშნია, რომ აუდიტის მონაცემებით, 2020 წელს ერთი და იგივე მოდულისთვის ტრენინგი ორჯერ გაიარა 116 მასწავლებელმა. ასეთი შემთხვევები გამოწვეული იყო იმ ფაქტით, რომ მასწავლებლებმა ვერ დაძლიეს შესაბამისი მოდული პირველად გავლის დროს.

აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული მასწავლებელთა გამოკითხვის შედეგების მიხედვით:

  • პანდემიამდე დისტანციური სწავლების გამოცდილება 312 გამოკითხული მასწავლებლიდან მხოლოდ 27-ს ჰქონდა;
  • მასწავლებლების შეფასებით, ვირტუალურ საგაკვეთილო პროცესთან ადაპტაცია მარტივად შეძლო გამოკითხული 312 მასწავლებლიდან 178-მა, საშუალოდ − 128-მ, ხოლო რთულად − 6-მა;
  • გამოკითხული 312 მასწავლებლიდან 117-ს საინფორმაციო ტექნოლოგიებში პანდემიამდე ჰქონდა გავლილი ტრენინგი, მათგან 15-მა ტრენინგი მიიჩნია დისტანციური სწავლების წარმართვისთვის სრულიად არასაკმარისად, ხოლო 66-მა − სრულიად საკმარისად;
  • გამოკითხული 312 მასწავლებლიდან 144-ს არ გაუვლია ტრენინგი საინფორმაციო ტექნოლოგიებში პანდემიის პერიოდში;
  • დისტანციურმა სწავლებამ გააუმჯობესა გამოკითხული 312 მასწავლებლიდან 298-ის უნარები ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, თვალნათელია, რომ დისტანციურ რეჟიმში სასწავლო პროცესის სათანადოდ წარმართვაში მასწავლებელთა გადამზადების პრობლემაც იდგა. აუდიტის სამსახურის ჯგუფი, მასწავლებლებთან დაკავშირებით, ასეთ რეკომენდაციას იძლევა:

მოსწავლეებისთვის ზოგადი განათლების შეუფერხებლად მიწოდებისა და დისტანციური სწავლების სათანადოდ განხორციელების მიზნით, შეფასდეს მასწავლებელთა სპეციფიკური საჭიროებები საინფორმაციო/კომპიუტერული ტექნოლოგიების სხვადასხვა უნარებში და მათი გადამზადება განხორციელდეს კონკრეტული მიმართულებების მიხედვით.

ასევე იხილეთ:

„განათლების სამინისტროს არ აქვს საგანგებო სამოქმედო გეგმა“ – აუდიტმა დისტანციური სწავლების მთავარი პრობლემები დაასახელა

მინისტრი: შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიის პერიოდში განათლების სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები დავძლიეთ

სკოლას + დისტანციური სწავლება + გამარტივებული ტესტები = განათლების დონის კლებას

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური