„თუ ყველაფერი უცვლელად რჩება, რა არის გაერთიანების მიზანი?!“ – უპასუხო კითხვები თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებაზე
აკადემიურ წრეებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილებას მკვეთრად აკრიტიკებენ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი კი კონკრეტულ კითხვებსაც სვამს.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ნებისმიერ ქვეყანაში, სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიც რომ ნახოთ, უნივერსიტეტის ნებისმიერი რეორგანიზაცია, მით უმეტეს გაერთიანება და ინსტიტუციური ავტონომიის საკითხი, ყოველთვის მმართველ საბჭოებთან ერთად წყდება. ეს არის აკადემიური, წარმომადგენლობითი და ფაკულტეტის საბჭოები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არცერთი მათგანის შემთხვევაში ამაზე არანაირი საუბარი არ ყოფილა და მართალი გითხრათ, მეტი არც ჩვენ ვიცით. მე ვერ გეტყვით, როგორ არის სხვა უნივერსიტეტების შემთხვევაში, მაგრამ ილიას უნივერსიტეტში ეს საკითხი ნამდვილად ჩვენი წესის მიხედვით რეგულირდება. ყველა უნივერსიტეტს აქვს, ასე ვთქვათ, ეს მუხლი, თუმცა ჩვენს შემთხვევაში რეორგანიზაციის ნებართვა აუცილებლად მმართველმა საბჭოებმა უნდა გასცენ. აკადემიურმა, წარმომადგენლობითმა და ფაკულტეტის საბჭომ.
სწორედ ამიტომ იწვევს ეს პროცესი ძალიან დიდ გაუგებრობასა და ქაოსს, თუნდაც სტუდენტებში. როგორ მოხდება ეს ყველაფერი? ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საკითხები თავიდან იქნება გასავლელი? ის უნივერსიტეტი, რომელიც ხელახლა დაფუძნდება, ალბათ, ახალი უნივერსიტეტი იქნება, არა? როგორ მოხდება მისი ავტორიზაცია? ან იმ პროგრამების, მათ შორის საერთაშორისო პროგრამების ბედი როგორ გადაწყდება, რომლებიც, მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ან ტექნიკურ უნივერსიტეტს ჰქონდა? სიმართლე გითხრათ, ამასთან დაკავშირებით დიდი ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან დიდ ბუნდოვანებას იწვევს. თუკი ყველაფერი ისევ უცვლელად რჩება, რა არის ამ გაერთიანების მიზანი?“ – განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ ამ დროისთვის განათლების სამინისტრომ საზოგადოებას მხოლოდ ის უთხრა, რომ უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო „საბჭო“ და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც რეორგანიზაციის პროცესის წარმართვას უზრუნველყოფენ. ასევე, გივი მიქანაძის უწყება გვარწმუნებს, რომ მიმდინარე რეფორმის ფარგლებში არ იგეგმება აკადემიური კადრების შემცირება და არც სტუდენტთა ჩარიცხვის კვოტებს ამცირებენ.
ასევე იხილეთ:
-
„ისეთი რთული ტესტი დაგვიდეს, უმეტესობამ ცარიელი ფურცელი დატოვა“ – NAEC-ის პასუხი მათემატიკის მასწავლებლის გამოცდაზე გასულებს
by ARIS.GE-განათლება
-
VII–XII კლასების სამოქალაქო განათლების მასწავლებლის გამოცდის წინ საკითხავი – მაია ლაპიაშვილის სათქმელი გამოსაცდელებს
by განათლებული ბლოგი
-
„წესით, რეპეტიტორიუმი კერძო რეპეტიტორების რეალური ჩამნაცვლებელი უნდა გახდეს“ – მშობლების ხარჯი სკოლიდან სტუდენტობამდე
by ARIS.GE-განათლება