GE

„გაკვეთილები რა ხარისხით ტარდება არავინ ამოწმებს, სკოლის დირექტორი უნდა იყოს ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე“

განათლების ექსპერტ პაატა პაპავას განცხადებით, PISA-ს კვლევაში საქართველოს არასახარბიელო შედეგები მრავალი მიზეზითაა განპირობებეული, მათ შორის, სკოლამდელი განათლების სისტემისა და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებითაც.

ექსპერტი ამბობს, რომ ქვეყნის მხრიდან კარგი გადაწყვეტილება იყო ამ კვლევაში ჩართვა, რათა წლიდან წლამდე შევადაროთ ჩვენი განათლების სისტემა არა მარტო სხვა ქვეყნებს, არამედ საკუთარ მიღწევებსაც, თუმცა დასძენს, რომ არაფერი საიმედო საქართველოს შედეგებში არ არის.

„საქართველომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ჩაერთო ამ კვლევაში, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, რაც პოლიტიკური ნიშნით იყო განპირობებული, იყო მცდელობა რომ დაგვეტოვებინა, მაგრამ საბედნიეროდ, დავრჩით ამ კვლევაში, რაც საშუალებას გვაძლევს შევადაროთ მონაცემები არა მარტო სხვა ქვეყნებს, არამედ საკუთარ მიღწევებს წინა წლებთან. თუმცა არაფერი საიმედო ჩვენს შედეგებში არ არის. ეს კვლევა იმისთვის დაიწყეს, რომ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე გამოეყოთ კრიტიკული ფაქტორები და დაეჭირათ ოქროს გასაღები, რომლებსაც სხვადასხვა განათლების სისტემას ასე რეცეპტივით მისცემდნენ“, – განაცხადა პაატა პაპავამ.

მისივე თქმით, სკოლამდელი განათლების სისტემა თავიდან დასალაგებელია.

„ერთ-ერთი კრიტიკული ფაქტორი, რაც ჩვენს შემთხვევაში ნათლად ჩანს, ეს არის სკოლამდელი განათლების პრობლემები. ეს სფერო დიდი ხნის განმავლობაში არ იყო ნაპატრონები. სკოლამდელი განათლება არის ერთ-ერთი ოქროს გასაღები. რაც სკოლამდე ხდება, სახლში პირველ რიგში და შემდეგ სკოლამდელ დაწესებულებაში, აი ეს ორი ფაქტორი არის უფრო კრიტიკული, ვიდრე სხვა ფაქტორები. სტანდარტები მნიშვნელოვანია და ეს არის სისტემა, რომელიც თავიდან არის დასალაგებელი, კადრები მოსამზადებელია“, – განაცხადა პაატა პაპავამ.

რაც შეეხება სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების გავლენას პიზას კვლევაში მიღწეულ შედეგებზე, ექსპერტის თქმით, ოჯახის სოციალური სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან განათლებას აქვს თავისი ღირებულება.

„ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ოჯახის სოციალური სტატუსი ბავშვის განათლების ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეკონომიკურ ჭრილში თუ შევხედავთ, განათლებას აქვს თავისი ღირებულება. სკოლის შერჩევისას, ოჯახი არჩევს არამხოლოდ სწავლას და განათლებას, როგორც სერვისს, არამედ ის ასევე იძენს ბავშვისთვის სოციო-ეკონომიკურ სტატუსს, რადგან სკოლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სწორედ სოციალიზაციაა და არა მხოლოდ მათემატიკის სწავლა. ყველაფერი კი საბოლოოდ ლიდერობამდე დაიყვანება, ამიტომ პასუხი უნდა მოვთხოვოთ ყველას. განათლების სისტემას სჭირდება ისეთი ლიდერები, რომლებიც მოიზიდავენ მეტ თანხას და მერე უკვე ვიმსჯელოთ, როგორ ავაწყოთ სკოლამდელი განათლება და ა.შ.“, – განაცხადა პაატა პაპავამ.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ უნდა გაიზარდოს სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლების ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე და ასევე, უნდა შეიქმნას გარე შემოწმების მექანიზმი.

„პირველი, რასაც უნდა ვაძლიერებდეთ, ესაა ანგარიშვალდებულება. დღეს სკოლის დირექტორი და მასწავლებლები არ არიან ანგარიშვალდებული ფაქტობრივად არავის მიმართ. მართალია, ხარისხის მართვის სისტემა არსებობს, მაგრამ უნდა არსებობდეს მექანიზმი, რომელიც ჩაიბარებს ანგარიშს. წარმოიდგინეთ, ხართ სკოლის დირექტორი, ერთადერთი რაც მოგეთხოვებათ – გაკვეთილები ჩაატაროთ. ეს გაკვეთილები რა ხარისხით ტარდება არავინ ამოწმებს. თქვენ ეფექტურობაზე და ზეგავლენის შექმნაზე ვალდებული არ ხართ. სკოლის დირექტორი უნდა იყოს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული, ამას უნდა დაემატოს გარე შემოწმება“, – განაცხადა პაატა პაპავამ.

PISA-ს ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს შედეგები 2015 წლის შედეგებთან შედარებით ყველა ნაწილში – მათემატიკა, საბუნებისმეტყველო საგნები და წიგნიერება, გაუარესებულია.
როგორც კვლევიდან ირკვევა, სამივე მიმართულებაში საქართველო მოსწავლეთა შედეგებით მონაწილე ქვეყნებს შორის ბოლო პოზიციებს იკავებს. თუმცა, როგორც კვლევაშია აღნიშნული, გარდა სხვა გარემო ფაქტორებისა, PISA-ს ყველა ციკლის შედეგები ცხადყოფს, რომ ყველა მონაწილე ქვეყანაში მოსწავლეთა სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი მათ მიღწევებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

“PISA 2018-ის მონაცემების თანახმად, საქართველოში, კითხვაში, დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეების მიღწევების საშუალო 68 ქულით ნაკლებია მაღალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეებისაზე”, – აღნიშნულია კვლევაში.

შეგახსენებთ, რომ მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA) ციკლური ხასიათის საერთაშორისო კვლევაა, რომელიც 2000 წლიდან სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. კვლევას ატარებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) და მასში მონაწილეობენ ორგანიზაციის წევრი და პარტნიორი ქვეყნები. საქართველო PISA-ში 2009 წლიდან მონაწილეობს.

PISA-ს ფარგლებში ფასდება მოსწავლეთა კომპეტენციები კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროებში. PISA 2018-ის ციკლში (ისევე, როგორც 2000 და 2009 წლებში) წამყვან სფეროს კითხვა წარმოადგენდა. მასში 79 ქვეყნისა და ეკონომიკის დაახლოებით 600 000-მა 15 წლის ასაკის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ისინი მოსწავლეთა 32-მილიონიან პოპულაციას წარმოადგენდნენ.

PISA 2018-ში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 326 სკოლის 5 572 მოსწავლემ.

საქართველოს მოსწავლეთა მიღწევები კითხვასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მნიშვნელოვნად გაუარესებულია – PISA-ს ანგარიში

ფინანსური განათლების კუთხით საქართველოში მოსწავლეთა 49,8%-ს გარკვეული დახმარება სჭირდება – PISA-ს კვლევა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური