გალაკტიონ ტაბიძის „მთაწმინდის მთვარე“ და ვალერიან გაბაშვილის რომანი – ქართულში IV ვარიანტის საკითხები ცნობილია

აბიტურიენტთა გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში სრულდება. 4 ივლისის მეორე სესიაზე 2025 წლის აბიტურიენტებმა ბოლო, მეოთხე ვარიანტი წერეს.
ტესტირებიდან გამოსული გამოსაცდელების მიერ EDU.ARIS.GE-სთვის მოწოდებული ინფორმაციით, წერით დავალებად პროგრამული ნაწარმოებებიდან მოვიდა გალაკტიონ ტაბიძის “მთაწმინდის მთვარე”, არაპროგრამულიდან კი ნაწყვეტი ვალერიან გაბაშვილის (ნიკოლოზ გაბაონი) რომანიდან “აივნიანი ქალაქი”.
თეზისები:
არაპროგრამულში აბიტურიენტების გადმოცემით: “ადამიანებს საკუთარი ბედნიერების მისაღწევად ახლობლების საწინააღმდეგოდ უწევთ წასვლა”.
პროგრამულში აბიტურიენტების გადმოცემით: “საკუთარი შესაძლებლობებისადმი რწმენა გეხმარება დიადი მიზნების დასახვაში”.
აბიტურიენტები საკითხებს ასე იხსენებენ:
ანანო კოსტანაშვილი: “პროგრამულიდან იყო გალაკტიონ ტაბიძის “მთაწმინდის მთვარე”. ძალიან მარტივადაც ვერ შევაფასებ ამ გამოცდას, მაგრამ არც ძალიან რთული იყო. თუ კარგად შეგიძლია ადამიანს საკითხის გაანალიზება, წერა არ გაგიჭირდება. რედაქტირება, რომ ამბობენ ადვილიაო, არაა სწორი, რადგან დიდი დრო მიაქვს დაკვირვებას. 9 შეცდომა ვიპოვე და ახლა ვფიქრობ, რომ მეტიც იქნება. რადგან ვეფხისტყაოსანს გადავურჩი, აღარ ვიწუწუნებ”.
ლადო ახალკაცი: “შემოგვივიდა პროგრამული – გალაკტიონი “მთაწმინდის მთვარე” და არაპროგრამული – ვალერიან გაბაშვილის “აივნიანი ქალაქი”. ვფიქრობ, ორივე თემა ძალიან რთულია. იმედია, ეს საკითხები რთულად შეფასდება, ისე გამიჭირდა, რომ თემა ბოლომდე ვერ დავწერე. მე ავირჩიე “აივნიანი ქალაქი” სადაც თეზისი იყო “ბედნიერების გამო ხშირად უწევთ ადამიანებს ახლობელი ადამიანების წინააღმდეგ წასვლა”. რედაქტირება და კითხვებიც საშუალო სირთულის იყო”.
ელენე ციცვიძე: “მე პროგრამული დავწერე – გალაკტიონის “მთაწმინდის მთვარე”. თეზისი დაახლოებით ასეთი იყო – “განდიდების მანიით შეპყრობილი ადამიანი გამოხატავს ამას თუ არა”. დავწერე რომ არა და ამ მოსაზრებას შევეწინააღმდეგე, რადგან გალაკტიონს ნამდვილად არ ჰქონდა განდიდების მანია, რადგან ადამიანი, ვისაც განდიდების მანია აქვს, ის თავს არ იკლავს, მით უმეტეს ვინც მის ნაწარმოებებს იცნობს, იცის, რომ ადამიანი როდესაც სიკვდილზე წერს, იმას ეს სენი ვერ ექნება. გალაკტიონს უბრალოდ დავიწყების შიში ჰქონდა. პარალელი შესაბამისად მხოლოდ გალაკტიონის შემოქმედებაზე გავავლე. რედაქტირებას რაც შეეხება, ძალიან მარტივი იყო, აქცენტი იყო სასვენ ნიშნებზე და ელემენტარულ გრამატიკაზე”.
ელისაბედ ქარცივაძე: “რედაქტირება არ იყო რთული. ტქსტი გვქონდა ჩოგბურთის შესახებ, იმის თაობაზე, რომ პირველას ეს სპორტი 1917 წელს, ჭიათურაში შემოიტანეს და შემდეგ გავრცელდა ბათუმსა და თბილისში. რაც შეეხება შეცდომებს, იყო რამდენიმე სტილისტური ხარვეზი, ასევე სასვენი ნიშნები იყო გამოტოვებული, რადგან ჩართული სიტყვები იყო, ასევე გასასწორებელი იყო მხოლობითისა და მრავლობითის შესახებ მოცემული სიტყვები. სულ 15 შეცდომა გავასწორე”.
ქუთაისის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი: “უცხო ტექსტი იყო ნაწყვეტი ვალერიან გაბაშვილის რომანიდან “აივნიანი ქალაქი”. თეზისი უცხო ტექსტის უფრო მომეწონა – “ბედნიერების გამო, ადამიანები ოჯახებს კარგავენო”. მე არაპროგრამული უფრო გამიადვილდა და ეს დავწერე. ჩემთვის უფრო ადვილი სამსჯელო იყო. პროგრამულის თეზისი თუ კარგად მახსოვს, ეხებოდა შემოქმედის უკვდავების გზას. შეიძლება არაპროგრამული ტექსტის გამო მისაყვედურონ, მაგრამ იმედია, ჩავაბარებ. რედაქტირება მარტივი იყო”.
რაც შეეხება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის სტატისტიკურ მონაცემებს, 3 და 4 ივლისს, ჯამში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გამოცხადდა 94%-ზე მეტი აბიტურიენტი. დაიგვიანა ხუთმა გამოსაცდელმა.
5 ივლისს გამოქვეყნდება გამოცდაზე გამოყენებული ტესტები.
7 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები უცხოური ენების გამოცდით გაგრძელდება.
ინფორმაცია განახლებადია…
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
გამოქვეყნდა მასწავლებლის გამოცდებზე გამოყენებული ტესტები ოთხ საგანში (დაწყებითი კლასები) – გამოცდები 2025 by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტი გეოგრაფიაში by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„ისევ ახალი მინისტრის, გივი მიქანაძის იმედად ვართ“ – რა აქტივობით წარიმართა სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები და როგორია მისი ლეგიტიმაცია? by ARIS.GE-განათლება