„გამოცდის შედეგით შეფასდეს პედაგოგი და მიენიჭოს სტატუსი“ – მასწავლებლის სქემაში ცვლილებები სავარაუდოდ, წლის ბოლომდე განხორციელდება
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები, დიდი ალბათობით, 2022 წლის ბოლომდე განხირციელდება. როგორც EDU.ARIS.GE-მ 1-ელ ნოემბერს გაარკვია, ვინაიდან ცვლილებების შესახებ ინფორმაცია სკოლებს უკვე გადაგზავნილი აქვთ, მომდევნო ეტაპი მათთან კომუნიკაცია და კომენტარების გაზიარება იქნება, თუმცა განსაკუთრებულ ცვლილებას უკვე შემუშავებულ დოკუმენტში არ ელოდებიან.
ყველაზე თვალშისაცემი ცვლილება, რომელიც სქემაში მასწავლებლისთვის მაღალი სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო პრაქტიკულ ნაწილს ეხება, გარე დაკვირვების სრულად მოხსნას და სავალდებულო კვლევის მომზადების შეცვლილი სახით მოწოდებას უკავშირდება. კვლევის აქამდე არსებული სახით წარმოდგენა, რომელიც ლიტერატურის მიმოხილვასაც ითვალისწინებდა აღარ არის საჭირო. ამან პედაგოგებში კმაყოფილება გამოიწვია, თუმცა მათი უმრავლესობა, როგორც აღმოჩნდა, სტატუსით გამოცდით ცვლილების მომხრეა და არ ეთანხმება დამატებითი სავალდებულო აქტივობების არსებობას. თვლიან, რომ გამოცდა სქემაში წინსვლისთვის „სავსებით საკმარისია“.
„გამოცდის შედეგით შეფასდეს პედაგოგი და მიენიჭოს სტატუსი, ხოლო პორტფოლიოს წარმოების კულტურა ნელ-ნელა დაინერგოს სკოლებში. არც ისე ულხინთ პედაგოგებს, ზოგს შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობაც არ აქვს. იმისთვის, რომ ცხოვრების ელემენტარულ მოთხოვნებს გავუმკლავდეთ, დღე და ღამე გვიწევს შრომა. სკოლაში, დღის განმავლობაში, უამრავ საგანმანათლებლო და მადლიან ქმედებებს ვახორციელებთ, ყველაფრის ატვირთვა, დაფიქსირება, ზედმეტად მიმაჩნია. უპრიანი იქნება, გამოცდით მოხდეს სტატუსის ამაღლება“, – ასეთი პოზიცია დააფიქსირა ერთ-ერთმა პედაგოგმა მასწავლებლების ჯგუფში, რომელსაც არაერთი კოლეგა დაეთანხმა და მსგავსი მოთხოვნა დააყენა.
– „აღარ გვინდა ამდენი ქაღალდომანიის ატვირთვები. დიდ დროს საჭიროებს. მხოლოდ გამოცდით მოგვენიჭოს სტატუსი. თუ მხოლოდ პორტფოლიოთი შეიძლება სტატუსის ცვლილება, რატომ არ შეიძლება გამოცდითაც მოხდეს?!“;
– „არ შეიძლება, ასე უცებ და დაგეგმილად ყველაფერი მოასწროს ერთმა პედაგოგმა. თან აქტივობებით დაიხუნძლოს, თან შესაბამისი რესურსი მოიძიოს, თან აუდიო-ვიდეო გადაღებები აწარმოოს ყოველ ფეხის ნაბიჯზე, თან აქტივობის შესაბამისი დოკუმენტაცია აწარმოოს, აკეთოს, შექმნას, კრიბოს, ტვირთოს… ნუთუ გამოცდის ჩაბარება, მრავალფეროვანი გაკვეთილები სხვადასხვა კლასებში, მოსწავლეებისა და კოლეგების უკუკავშირი და განუწყვეტელი ფიქრი საკლასო გარემოზე არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მასწავლებელს შესაბამისი სტატუსი მიენიჭოს……“
– „მე შევცვლიდი იმას, რომ ერთი წელი აღარ დაეკარგა პედაგოგს აქტივობების განხორციელებაზე და მაგალითად, თუ ჩააბარა 2023 წლის ზაფხულში გამოცდა და 2022-2023 სასწავლო წელს უკვე გაამზადა პორტფოლიო, ეგ ატვირთოს და 2023 წელსვე მიენიჭოს სტატუსი, წელი რაღატომ უნდა დაკარგოს?“
როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, სქემაში შესული ცვლილებების დამტკიცებამდეც შესაძლებელია, რომ წამყვანისა და მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდაჩაბარებულმა მასწავლებლებმა სტატუსის ცვლილებისთვის შემუშავებული აქტივობების შესრულება უკვე დაიწყონ და ეს ნაწილი პედაგოგების შემთხვევაში ასეც არის. უახლოეს პერიოდში კი eschool-ის სისტემაში გაჩნდება ღილაკი, სადაც პედაგოგები უკვე მომზადებულ დოკუმენტაციას ატვირთავენ, ცვლილებების ძალაში შესვლას კი ახალ წლამდე უნდა ველოდოთ.
შეგახსენებთ, რომ სკოლებს განახლებული სქემის სამუშაო დოკუმენტის შესახებ უკუკავშირის გასაგზავნად დრო 7 ნოემბრის ჩათვლით აქვთ.
ასევე იხილეთ:
- განათლების მინისტრს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს – თამარ ღვამიჩავამ გელა გელაძე ჩაანაცვლა by ARIS.GE-განათლება
- ახალგაზრდობის ხელშეწყობისთვის მომავალ წელს 14 მილიონამდე ლარის დახარჯვა იგეგმება – რას გულისხმობს მთავრობის პოლიტიკა by ARIS.GE-განათლება
- 3 მილიარდ ლარზე მეტი – 2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტით განათლების სამინისტროს დაფინანსება კიდევ გაიზარდა by ARIS.GE-განათლება