შეფასების რა პროცესი უნდა გაიაროს მასწავლებელმა სტატუსის ასამაღლებლად – რა წერია სკოლებისთვის გაგზავნილ დოკუმენტში
საჯარო სკოლებმა, 31 ოქტომბერს, მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების შესახებ დოკუმენტი მიიღეს, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლების სამინისტროს ჩართულობით შემუშავდა და პროფესიული განვითარების სქემასთან არის მიბმული. დოკუმენტი აღწერს შეფასების პროცესს, რომელიც უნდა გაიარონ პედაგოგებმა მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებლად. თუმცა როგორც EDU.ARIS.GE-ს დღეს, 1-ელ ნოემბერს მასწავლებლის სახლში განუმარტეს, ამ მომენტისთვის ეს არ ნიშნავს, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილება შევიდა და ცვლილებებისთვის მომზადებული პირველადი დოკუმენტი სკოლებს მათი პროცესში ჩართულობის მიზნით გადაეგზავნა. მოგვიანებით დაგეგმილია როგორც შეხვედრები ამ საკითხებზე, ასევე სკოლებისგან მოსაზრებების ბეჭდური სახით მიღება.
დოკუმენტში განხილულია: მასწავლებლის პროფესიული საქმიანობისა და შეფასების ძირითადი პრინციპები, მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების ფორმა და კრიტერიუმები და მასწავლებლის პრაქტიკული საქმინობის შეფასების პროცესის ადმინისტრირება.
1. მასწავლებლის პროფესიული საქმიანობისა და შეფასების ძირითადი პრინციპები
მასწავლებლის პროფესიული განვითარების სისტემა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
პრინციპი 1 – პროფესიული განვითარება არის ყოველდღიური მიმდინარე პროცესი – პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავებისას აქცენტი უნდა გადავიდეს სწავლისა და გაგების პროცესსა და მხარდაჭერაზე, ნაცვლად მტკიცებულებების ანგარიშგებისა და შეფასებითი დამოკიდებულებისა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და მხარდაჭერის სისტემის ფარგლებში პედაგოგებისთვის შეთავაზებული უნდა იყოს:
- კონტექსტზე დაფუძნებული პროცესი, რომლის ფარგლებშიც მასწავლებელმა უნდა უპასუხონ თემისა და მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებებს;
- სამუშაო პროცესის დაფუძნება სასწავლო შინაარსებზე; ყურადღება კონცენტრირებული უნდა იყოს კონკრეტული საგნობრივი საკითხების სწავლა-სწავლებაზე:
- აქტიური პროცესები, რომლის ფარგლებშიც მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები სწავლობენ კონკრეტული მიდგომების თუ სტრატეგიების პრაქტიკაში გამოყენების, დაკვირვების შედეგების განხილვისა და უკუკავშირის მიღების საშუალებით;
- სამუშაო პროცესები მიმდინარეობდეს მოდელირების ფონზე და ექსპერტის მხარდაჭერით: მასწავლებლებისთვის შეთავაზებული უნდა იყოს კონკრეტული და ცხადი ნიმუშები და მაგალითები;
- მასწავლებლის აქტიური როლის განსაზღვრა და წარმოჩენა; პედაგოგი არ უნდა იყოს პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების პასიური მიმღები;
- სამუშაო პროცესებისთვის ადეკვატური დროის დათმობა. მასწავლებელს უნდა მიეცეს გაგების, პრაქტიკაში გამოცდის, რეფლექსიისა და დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა.
პრინციპი 2 – მასწავლებელი იღებს ინტენსიურ, კონსტრუქციულ უკუკავშირს – კონსტრუქციული მიდგომა და უკუკავშირი დაფუძნებულია კოლეგების მხარდაჭერასა და გუნდურ მუშაობაზე, მიზნობრივ დაგეგმვაზე, პროცესების მონიტორინგსა და რეფლექსიაზე. ძირითადად ასეთი ტიპის უკუკავშირი ხორციელდება ქოუჩინგის პროცესში, ან სამუშაო შეხვედრების დროს, რაც საშუალებას აძლევს მასწავლებელს, მოსინჯოს საკუთარი ძალები, განახორციელოს ექსპერიმენტები და განავითაროს ორიგინალური ხედვა. კონსტრუქციულ უკუკავშირში მნიშვნელოვანი ხვედრითი წილი უკავია მოსწავლეების მიღწევების ანალიზს.
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და მხარდაჭერის სისტემის ამ პრინციპზე დასაფუძნებლად საჭიროა: მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა იყოს სასკოლო კულტურის განუყოფელი ნაწილი; მასწავლებლების ინდივიდუალურ და კოლექტიურ რეფლექსიაზე დაფუძნებული პროცესების ხაზგასმა და წარმოჩენა. თვითშეფასებაზე დაფუძნებული შეფასების სისტემის უზრუნველყოფა, როცა მასწავლებლები სისტემატურად აფასებენ საკუთარ პრაქტიკას.
პრინციპი 3 – სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის არსებობს ურთიერთნდობა – აუცილებელია ურთიერთობები დამყარებული იყოს ნდობასა და მხარდაჭერაზე. პროფესიული განვითარება ორიენტირებული უნდა იყოს მასწავლებლების განვითარებაზე და არა მათი შესაძლებლობების ლიმიტების ხაზგასმაზე. ამიტომ, პროფესიული განვითარების პროგრამები არ უნდა იყოს ორიენტირებული დროში ხანმოკლე მტკიცებულებების კონსტანტირებაზე. სკოლაში უნდა მოქმედებდეს ანგარიშვალდებულების სისტემა, რომელსაც საფუძვლად უდევს მიღწევებისა და დახელოვნების მენეჯმენტი, სასკოლო საზოგადოების წევრები კი უნდა იზიარებდნენ პასუხისმგებლობას ხარისხიან განათლებაზე.
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და მხარდაჭერის სისტემის ამ პრინციპზე დასაფუძნებლად საჭიროა:
- სამუშაო პროცესი იყოს თანამშრომლობითი; აღმზრდელ-მასწავლებლები სწავლობდნენ კოლეგებთან ერთად საერთო გამოწვევების საპასუხოდ და ერთობლივი აქტივობების განხორციელების გზით;
- სასკოლო საზოგადოების წევრებს ჰქონდეთ ნდობა მიმდინარე პროცესისადმი; პოლიტიკა უნდა უზრუნველყოფდეს სკოლების, სკოლის ხელმძღვანელების, მასწავლებლების და სხვა დაინტერესებული მხარეების ურთიერთნდობას;
- ითვალისწინებდეს ფორმალური და არაფორმალური მიდგომების ერთობლიობას, მათ შეფასებასა და დაფასებას;
- პროცესები ეყრდნობოდეს მასწავლებელთა ლიდერობის, სასკოლო ლიდერობის, სისტემური ლიდერობის პრინციპებს და უზრუნველყოს მასწავლებლის შინაგანი მოტივაციის გაძლიერება;
- პროფესიული განვითარების მიზნით განხორციელებული აქტივობები უნდა აუმჯობესებდეს პედაგოგის რწმენას იმასთან დაკავშირებით, რომ შეძენილი ცოდნა სასარგებლოა მისი პრაქტიკისთვის და გამომდინარეობს მისი მოსწავლეების საუკეთესო ინტერესებიდან.
2. მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების ფორმა და კრიტერიუმები
მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობა ფასდება მასწავლებლის სტანდარტით განსაზღვრული, მისანიჭებელი სტატუსის შესაბამისი კომპეტენციების ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულებებისა და განხორციელებული საქმიანობის რეფლექსიის საფუძველზე.
აღნიშნულ მტკიცებულებებსა და რეფლექსიას მასწავლებელი ასახავს პორტფოლიოში, რომელიც განთავსებულია სკოლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, eschool-ის ელექტრონულ სივრცეში.
წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მსურველი ვალდებულია, პორტფოლიოში წარმოადგინოს საკუთარი საქმიანობის რეფლექსია და განხორციელებული აქტივობების მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს შესაბამისი კომპეტენციების ფლობას შემდეგი ოთხი მიმართულებით:
1. სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა;
2. სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული კვლევებისა და პროექტების განხორციელება;
3. განათლების სფეროში სიახლეების ძიება, პრაქტიკაში დანერგვა და გაზიარება;
4. საკუთარ და კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
მასწავლებლის პორტფოლიოში წარმოდგენილი უნდა იყოს თითოეული მიმართულებით საქმიანობის დამადასტურებელი მინიმუმ ერთი მტკიცებულება მაინც. შესაძლებელია ერთი და იგივე მტკიცებულება რამდენიმე კომპეტენციის ფლობას ადასტურებდეს.
პორტფოლიოს მეშვეობით მასწავლებელი წარმოაჩენს საკუთარ საქმიანობას. შესაბამისად, მან თავად უნდა შეარჩიოს, თუ რა ტიპის მტკიცებულებებს განათავსებს. მასწავლებელი თავისუფალია საკუთარ არჩევანში. მთავარია, რომ პორტფოლიოში განთავსებული მტკიცებულებები ასახავდეს სასურველი სტატუსის შესაბამისი თითოეული კომპეტენციების ფლობას.
შენიშვნა: პორტფოლიოში უნდა განთავსდეს მოქმედი სტატუსის მოპოვების შემდეგ განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
მოცემული ცხრილის პირველ სვეტში მოცემულია მიმართულებები, მეორე სვეტში – თითოეული მიმართულების შესაბამისი კომპეტენციები, ხოლო მესამე სვეტში მოცემულია საორიენტაციო მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლოა მასწავლებელს ჰქონდეს წარმოდგენილი პოტფოლიოში.
3. მასწავლებლის პრაქტიკული საქმინობის შეფასების პროცესის აღწერილობა
მას შემდეგ, როდესაც მასწავლებელი დარწმუნდება, რომ მისი საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არის სრულყოფილი და შესაბამისობაშია მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებულ სტატუსის მოთხოვნებთან, წერილობით მიმართავს სკოლის დირექტორს პრაქტიკული საქმიანობის შეფასების შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შუამდგომლობის თაობაზე.
წინადადების წარდგინება – სკოლის დირექტორი წერილობით წარადგენს წინადადებას განათლების მართვის ელექტრონულ სისტემაში (eschool). სკოლის დირექტორი ცენტრს წარუდგენს წინადადებას სტატუსის ცვლილების მსურველი მასწავლებლის შეფასების შესახებ.
წარდგინებით სკოლის ხელმძღვანელმა უნდა დაადასტუროს:
- მასწავლებლის პორტფოლიოში წარმოდგენილი მასალის ავთენტურობა;
- მასწავლებლის წვლილი სკოლის/ სასკოლო თემის განვითარების პროცესში;
- მასწავლებლის პროფესიული ეთიკა სასკოლო საზოგადოების წევრებთან (მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები) ურთიერთობის პროცესში.
შენიშვნა: წინადადების წარდგენაში გათვალისწინებული უნდა იყოს სასკოლო საზოგადოების აზრი.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი დასაქმებულია ერთზე მეტ საგანმანათლებლო და დაწესებულებაში, წინადადებას წარადგენს თითოეული სკოლის დირექტორი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით განისაზღვრება სტატუსის ცვლილების მსურველ მასწავლებელთა წინადადების წარდგენის ვადა.
წარდგენის პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, სტატუსის ცვლილების მსურველი თითოეული მასწავლებლისთვის ცენტრი ადგენს ექსპერტთა ჯგუფის წინაშე საკუთარი საქმიანობის წარდგენის თარიღს და ასახავს განათლების მართვის ელექტრონულ სისტემაში (eschool).
პორტფილიოს შეფასებაში მონაწილეობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული ექსპერტთა ჯგუფი (2-3 ექსპერტი). პორტფოლიოში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასება ხორციელდება წინასწარ შემუშავებულ რუბრიკებზე დაყრდნობით.
ექსპერტთა ჯგუფის წევრები შეისწავლიან მასწავლებლის პორტფოლიოს, რის შემდეგაც თავად პედაგოგი აკეთებს მათ წინაშე პორტფოლიოს პრეზენტაციას. ექსპერტთა ჯგუფი სვამს დამაზუსტებელ შეკითხვებს და საჭიროებიდან გამომდინარე, დამატებით ახდენს სასკოლო საზოგადოების გამოკითხვას.
შენიშვნა – იმის გათვალისწინებით, რომ მასწავლებელი პორტფოლიოში მტკიცებულებებს ტვირთავს რეგისტრაციის პერიოდში, ექსპერტთა ჯგუფს აქვს უფლება პორტფოლიოს წარდგენის პერიოდამდე არაუგვიანეს 10 დღისა მასწავლებლისგან მოითხოვოს დამატებითი მტკიცებულებები რომელთა გაცნობის საჭიროებაც გამოიკვეთა პორტფოლიოს შესწავლისას.
მასწავლებლის საქმიანობის შეფასება ატარებს როგორც განმსაზღვრელ, ასევე, განმავითარებელ ხასიათს. მასწავლებელი თითოეული მიმართულებით ფასდება წინასწარ შედგენილი რუბრიკების გამოყენებით. შეფასების დონეებია – დამაკმაყოფილებელი და გასავითარებელი.
სტატუსის ამაღლების საფუძველს წარმოადგენს „დამაკმაყოფილებელი“ დონით შეფასებული ოთხივე მიმართულება (სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა; სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული კვლევებისა და პროექტების განხორციელება; განათლების სფეროში სიახლეების ძიება, პრაქტიკაში დანერგვა და გაზიარება; საკუთარ და კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა).
იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის პორტფოლიოში წარმოდგენილი ინფორმაციით, რომელიმე მიმართულება (სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა; სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული კვლევებისა და პროექტების განხორციელება; განათლების სფეროში სიახლეების ძიება, პრაქტიკაში დანერგვა და გაზიარება; საკუთარ და კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა) შეფასდა როგორც „გასავითარებელი“, ექსპერტთა ჯგუფი გასცემს წერილობით განმავითარებელ უკუკავშირს.
მასწავლებლის შეფასება განათლების მართვის ელექტრონულ სისტემაში (eschool) აისახება ორი კვირის განმავლობაში. პედაგოგები სტატუს შეიცვლიან სასწავლო წლის ბოლოს.
მასწავლებელს პრაქტიკული საქმიანობის განმეორებით შეფასების მოთხოვნის საშუალება მიეცემა მომდევნო სასწავლო წელს „გასავითარებელი“ სტატუსით შეფასებული მიმართულებით.
როგორც EDU.ARIS.GE-ს დღეს, 1-ელ ნოემბერს, თბილისის ერთ-ერთი სკოლის წამყვანმა მასწავლებელმა განუცხადა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ჯერ მიღებული პირველადი დოკუმენტის გაცნობის პროცესში არიან და მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები უნდა ჩამოაყალიბონ, რის შემდეგაც უკუკავშირი შედგება.
ასევე იხილეთ:
- განათლების მინისტრს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს – თამარ ღვამიჩავამ გელა გელაძე ჩაანაცვლა by ARIS.GE-განათლება
- ახალგაზრდობის ხელშეწყობისთვის მომავალ წელს 14 მილიონამდე ლარის დახარჯვა იგეგმება – რას გულისხმობს მთავრობის პოლიტიკა by ARIS.GE-განათლება
- 3 მილიარდ ლარზე მეტი – 2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტით განათლების სამინისტროს დაფინანსება კიდევ გაიზარდა by ARIS.GE-განათლება