GE

„გამოდი, მოყევი, ყოჩაღ, დაჯექი ათიანი“, ეს კარგავს მთლიანად სწავლის ფუნქციას“ – რა არის მნიშვნელოვანი მოსწავლის განვითარების გზაზე

„ხშირად გვესმის, რომ სახელმძღვანელო არ ვარგა. კი, სახელმძღვანელოს ძალიან დიდი როლი აქვს და ძალიან დიდი დატვირთვა აქვს მოსწავლისა და მასწავლებლის ცხოვრებაში. ეს არის შუალედური, ინტერაქციული ინსტრუმენტი მასწავლებელ-მოსწავლე-მშობელს შორის და სასკოლო საზოგადოებას შორის და, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს კარგად გამართული, მაგრამ მნიშვნელოვანია მასწავლებლის როლი სწავლების პროცესში და სწავლის პროცესში, როდესაც მოსწავლე თვითონ სწავლობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთსა და იმავე პლატფორმაზე ვიყოთ და ერთნაირად ვუყურებდეთ ამ პროცესს“, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ექსპერტმა, თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის განათლების ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ია აფთარაშვილმა “მოტივირებულ პედაგოგთა კლუბის” მიერ ორგანიზებულ პედაგოგებთან გამართულ მორიგ ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც თემას, “სასწავლო პროცესი როგორც მოსწავლის განვითარების გზა“ განიხილავდნენ.

ია აფთარაშვილი ამბობს, რომ მასწავლებლობა ძალიან დიდი გამოწვევაა. ყველაზე მთავარი კი ის არის, არსობრივი წვდომაა. მნიშვნელოვანია, მოსწავლემ დაახარისხოს ინფორმაცია, გამოკვეთოს არსებითი მახასიათებლები, შეადაროს, იმსჯელოს და ივარაუდოს. ექსპერტის აზრით, მნიშვნელოვანია გაკვეთილის პროცესში გამოყენებულ იქნას ისეთი კითხვები, რომელიც საშუალებას მისცემს მოსწავლეს და მასწავლებელს, იმ ნარატივის მიღმა გაიხედოს, რომელიც შემოთავაზებულია და ინტერპრეტაციის საშუალება მიეცეს.

„იმისათვის, რომ ფაქტობრივი ინფორმაცია რეალურად დავამუშავოთ, გვჭირდება საკვანძო ცნებები, რომელიც დაგვეხმარება ინფორმაციის დამუშავებაში და ფაქტობრივი ინფორმაცია ცარიელი კი აღარ დარჩება, არამედ – გააზრებული… ჩვენ, პედაგოგები ვმუშაობთ არსობრივ ინფორმაციაზე, იდეებზე. ყველაფერი – თემა და ფაქტები, პროცესები, უნარები და სტრატეგიები არის ჩვენი ინსტრუმენტები დამხმარე მასალებისთვის. მაგალითად, ვიღებთ თემას „სამანიშვილის დედინაცვალი“. ამით ეპოქის სულისკვეთებასაც ვაჩვენებთ მოსწავლეს, კლდიაშვილის დიდებას და მისი აზრის დინამიკას, იმ პერიოდის მახასიათებლებსაც, ტექსტის სპეციფიკასაც და ნებისმიერ რამეს, ოღონდ არ უნდა იყოს თვითმიზანი მხოლოდ და მხოლოდ ტექსტის სწავლა – აბა გამოდი, მოყევი, ყოჩაღ, დაჯექი ათიანი, ასე არა. ეს კარგავს მთლიანად სწავლის ფუნქციას…

„ჩემს მაგალითზე გეტყვით. პურის საცხობი მანქანა მაჩუქეს… ზუსტად ავიღე იქ რაც ეწერა, სუფთა პროცედურა შევასრულე. სამჯერ რომ შევასრულე პროცედურა და არ გამომივიდა, მერე დავფიქრდი… ია, ამ პროცედურას 45-ჯერ რომ შეასრულებ, გგონია, გამოვა? დავფიქრდი, რატომ არ ამოიწია ან რომ ამოიწია, მერე რატომ ჩავარდა… რასაც ჩვენ ვაკეთებთ, იმავეს აკეთებენ ჩვენი მოსწავლეები. რამდენჯერაც არ უნდა გამოვაცხო ის პური, თუ ამ კითხვებს არ ვუპასუხე, ზუსტად ვიცი, ერთსა და იმავე შედეგზე გავალ. შემთხვევით მოვარტყამ და ერთხელ კარგი გამოვა, მაგრამ, საბოლოდ, ისევ ისეთი უბედური მცხობელი ვიქნები, როგორც ამ ეტაპზე ვარ“, – ამბობს ია აფთარაშვილი, რომელმაც მასწავლებლებს ურჩია, პირველ რიგში ახსოვდეთ, რამდენად ამოწმებენ და ააქტიურებენ მოსწავლის წარმოდგენებს, შეხედულებებს იმ სამიზნე თემასთან დაკავშირებით, რომელიც უნდათ, რომ დაამუშაონ.

განათლების ფსიქოლოგი ამბობს, რომ ბევრჯერ ერთი და იმავე ტექსტის წაკითხვა მოსწავლეს არაფერს აძლევს, თუ სწორად არ წაიკითხა. ნამდვილი ცოდნა კი გულისხმობს იმას, როდესაც მოსწავლეს შეუძლია ახსნას მოვლენები, წამოაყენოს ჰიპოთეზები, შექმნას ინტერპრეტაციები და ასევე, თავისუფალი იყოს შემოქმედებისა და თავისი ორიგინალური პროდუქციის შექმნისათვის. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვან ფაქტორად აფთარაშვილს სკოლაში პოზიტიური გარემოს შექმნა მიაჩნია, რაც ასევე მასწავლებელმა უნდა შექმნას.

ია აფთარაშვილი პედაგოგებთან შეხვედრაზე EDU. ARIS. GE-ს მიერ მისი წინა შეხვედრაზე მომზადებულ სტატიასაც შეეხო, რომლის სათაურიც გახლდათ „ყველაზე ტრაგიკული კი ის არის, როდესაც მოსწავლეს ეშინია კითხვის დასმის“. აღნიშნულმა ფრაზამ, რომელიც თავად აფთარაშვილს ეკუთვნოდა, პედაგოგებში რატომღაც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ექსპერტმა ეს დეტალი აღნიშნა და თემა ასე განავრცო:

„ზოგადად კითხვებზე არ არის საუბარი. ეს არ არის არც ციდან მოტანილი არც მხოლოდ ქართული ფენომენი. სწორედ ეს არის სწავლა-სწავლების გამოწვევა, რომ შეიძლება მოსწავლე ჩავკეტოთ… განა აქტიური არ იქნება, განა კითხვებს არ დასვამს, მაგრამ შეიძლება ეს არ იყოს მისი გულწრფელი ცნობისმოყვარეობიდან აღმძვრელი კითხვები. მისი კითხვები შეიძლება იყოს დავარცხნილი, სტანდარტული, თქვენთვის სასურველი ან იყოს თვითგამოხატვისთვის… ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს გავუჩინოთ ინტერესი, ცნობისმოყვარეობა და ამის ფარგლებში ისინი გახდნენ მკვლევარები…. მოსწავლემ ის კი არ უნდა თქვას, როგორმე ეს ტექსტი ვისწავლო და მივიტანო, არამედ ტექსტში უნდა ამოგზაურო, პროცესში უნდა ამოგზაურო“, – ამბობს განათლების ექსპერტი.

ასევე იხილეთ: 

„ყველაზე ტრაგიკული კი ის არის, როდესაც მოსწავლეს ეშინია კითხვის დასმის“ – განათლების ფსიქოლოგი მოსწავლეთა ჰოლისტურ განვითარებაზე

რა მიზეზით არ არის ამ დრომდე დამტკიცებული განათლების 2022-2032 წლების ერთიანი სტრატეგია? – სამინისტროს პასუხი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური