GE

გამოკითხული მოსახლეობის 73% საატესტატო გამოცდების გაუქმებას უარყოფითად აფასებს

მოსახლეობის 73 % სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას უარყოფითად აფასებს, ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებულ კვლევაშია საუბარი. 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” საჯარო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 2087 ადამიანი გამოკითხა. კვლევის ერთ-ერთი თავი განათლების პოლიტიკას და ხარისხს ეთმობა.

მიმდინარე წლის დასაწყისში განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მიერ გაკეთდა განცხადებები, რომ 2020 წლიდან უნივერსიტეტის ბაკალავრიატში მისაღებად ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება და ასევე სკოლის მე-11 და მე-12 კლასელთათვის დამამთავრებელი გამოცდები გაუქმდება. კვლევის ავტორები დაინტერესდნენ, რას ფიქრობდა ამ საკითხზე საქართველოს მოსახლეობა.

როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულთა უმრავლესობა განათლების მინისტრის ინიციატივას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება სავალდებულო უნდა იყოს. (58%-კი, 30%-არა, 13%-არ ვიცი).

რაც შეეხება სკოლის დამამთავრებელი გამოცდების გაუქმებას, ამ საკითხს კიდევ უფრო მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს, კერძოდ, გამოკითხულთა 73%-ს არ სურს აღნიშნული გამოცდების გაუქმება, 22% – ეთანხმება, 5%-მა კი არ იცის კარგია ეს თუ ცუდი.

2018 წლის სექტემბერში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გამოაქვეყნა კვლევა სასკოლო განათლების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ბოლო 6-7 წლის განმავლობაში ქართული სასკოლო განათლების ხარისხი თითქმის არ შეცვლილა, მაშინ როცა ამავე პერიოდში ამ პროგრამის საბიუჯეტო დაფინანსება გაორმაგდა.

სწორედ ამიტომ, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში, ორგანიზაცია დაინტერესდა რას ფიქრობს მოსახლეობა სასკოლო განათლების ხარისხზე. გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი (45%) სასკოლო განათლების ხარისხს საშუალოდ აფასებს, ხოლო გამოკითხულთა მესამედი – უარყოფითად.

კვლევა 2019 წლის 20 თებერვლიდან – 5 მარტის პერიოდში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში სულ 2087 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი 2.3%-ია.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური