„ატესტატს პირდაპირ ვუფორმებთ“ – მომავალი სტუდენტები და მათი მშობლები სასკოლო გამოცდების დაბრუნებაზე
„თუ ზედაპირულად მივუდგებით, კარგია, ზოგადი ცოდნა შემოწმდება, მაგრამ თუ გამოსაშვებ გამოცდებთან ერთად, ეროვნული გამოცდების დაწერა მოგვიწევს, რთული და სტრესული იქნება ბევრისთვის“, – ასე ფიქრობს სკოლის საატესტატო გამოცდების დაბრუნების საკითხზე მომავალი იურისტი, ანა კასრაძე, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს ჩააბარა.
„ზოგად განათლებაში ორი გამოცდა იქნება შემოღებული“ – განათლების მინისტრის მოადგილე
2024 წელს სკოლადამთავრებულებს ამ კონტექსტში საკუთარი მოსაზრება აქვთ უმაღლესში მისაღებ ერთიან ეროვნულ გამოცდებზეც და მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ სკოლის გამოცდების დაბრუნება ეროვნულების გაუქმებით უნდა გაგრძელდეს, აი, რატომ:
„საატესტატო გამოცდები უნდა დაბრუნდეს, ბევრად კარგი იქნება, როდესაც ბევრ საგანში გამოიწრთობა ბავშვი, ვიდრე რაღაც კონკრეტულში. მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ცოდნაზე, უნდა იყოს ყოველმხრივი ცოდნა, მით უმეტეს როდესაც სკოლაა. მაგრამ ეროვნული გამოცდები აღარ უნდა იყოს. ეროვნული გამოცდები როგორი რაღაცაა იცით – სამი საგანი დაიზეპირე და გადი, მე ახლა მივდივარ უნივერსიტეტში იმიტომ, რომ პოლიციაში უნდა ვიმუშაო და მჭირდება, თორემ საერთოდ არ ჩავაბარებდი. თავის მხრივ, სკოლაშიც უნდა იყოს კატეგორიები – ტექნიკური და ჰუმანიტარული საგნები. ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია არ მჭირდება სამართალზე. ზოგს არ სჭირდება ისტორია, ამიტომ უნდა განაწილდეს ბავშვები გამოსაშვებ გამოცდებზეც”, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს საბა ქიმაძემ.
საბასგან განსხვავებით, თამარ მამულაშვილს, რომელიც მომავალი ჟურნალისტია, სასკოლო გამოცდები უმაღლესში მისაღები გამოცდების ერთგვარ რეპეტიციად წარმოუდგენია და არ ფიქრობს, რომ „ეროვნულები აღარ უნდა იყოს“:
„სკოლის გამოცდების დანიშვნა უკეთესი იქნება, პირველ რიგში იმიტომ, რომ გარკვეულწილად გამოცდაზე გასვლას გაამარტივებს. პრეგამოცდები, ასე ვთქვათ, ძირითად უნარებს შესძენს მოსწავლეს ეროვნულ გამოცდებზე გასვლისთვის. რომ ვამბობთ – სკოლა დაამთავრა, მოსწავლეს გარკვეული განათლება ყველა საგანში უნდა მოჰყვებოდეს და არა მხოლოდ იმ სამ საგანში, რომლებსაც უმაღლეს სასწავლებელში მისაღებად აბარებს“.
ანა კასრაძე, მომავალი იურისტი: „თუ ზედაპირულად მივუდგებით, კარგია, რადგან ზოგადი ცოდნა შემოწმდება. თუ გამოსაშვებ გამოცდებთან ერთად, ეროვნული გამოცდების დაწერა მოგვიწევს, ანუ მეთორმეტე კლასში თუ ჩატარდება, რთული და სტრესული იქნება ბევრისთვის. მეთერთმეტეში თუ ჩატარდება, კიდევ უფრო შეღავათია, მაგალითად, რომ ნახავ, მე-11 კლასში, რომ ისტორია უფრო კარგად იცი, ვიდრე მათემატიკა, ისტორიით ჩააბარებ, ამ მხრივ უკეთესია“.
სასკოლო გამოცდების დაბრუნების გადაწყვეტილებაზე განსხვავებული და საგულისხმო შეხედულებები გაგვიზიარეს მომავალი სტუდენტების მშობლებმაც. პასუხები იმ თვალსაზრისითაც საინტერესოა, რომ ჩვენ მიერ გამოკითხულთა ნაწილი, მშობლობასთან ერთად, სკოლის მასწავლებელიც არის.
„ვემხრობი იმიტომ, რომ სულ მიშვებულია სწავლა, აღარ არის სკოლებში ხარისხი. როცა მოსწავლემ იცის, რომ ჩასაბარებელი აქვს გამოცდები ატესტატისთვის, და ვაი თუ ვერ აიღო, სტუდენტი ვერ გახდება, ამ დროს სხვანაირად მოქმედებს ბავშვი. მეტად მოტივირებულია და შედეგზეც გადის. მაგრამ მეორე მხრივ, მე-12 კლასი პირდაპირ მაპროფილებელი უნდა იყოს, რაც უნდა ბავშვს, ის უნდა ისწავლოს და ჩააბაროს“, – გვიხსნის პროფესიით მასწავლებელი მშობელი, მარინე ეზიაშვილი.
სკოლაში არსებულ ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას ჩვენ მიერ გამოკითხული კიდევ ერთი პედაგოგი მშობელიც:
„თქვენ არ იცით, სკოლაში რა ხდება! ბავშვებმა ბევრი და ელემენტარული რაღაც არ იციან. გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შემდეგ, აღარ სწავლობენ, შინაარსი ვერ გამოაქვთ წაკითხულიდან. პასუხს მათ არავინ არ სთხოვს, არ ავალდებულებს სათანადოდ. რომ ეუბნები, წამიკითხე, თუ არ მომიყვები, პასუხია – არ მინდა. ვერ წარმოიდგენთ, რა ხდება კლასებში, ამბად დაწერილი წამიკითხეთ და ამის შინაარსი დამიწერეთ, ოღონდ არ გადაწეროთ-მეთქი, ვეუბნები და იმის გადაწერასაც ცდილობენ. ფორმულას, რომელსაც ავხსნი, განვმარტავ და ჩასვით უბრალოდ მაგალითი, ესეც უჭირთ. ახლა ატესტატს ვუფორმებთ პირდაპირ და მაინც, სკოლიდან საშუალო განათლება ვერ მიაქვთ”.
გამოცდების დაბრუნების გეგმას ამართლებს კერძო სკოლის მასწავლებელი და მომავალი სტუდენტის მშობელიც:
„რაღაც ტიპის პასუხისმგებლობა სჭირდებათ ბავშვებს, ასე ეროვნული გამოცდების დონეც აიწევს. ჩვენ გვიხარია, რომ არიქა, დაწეროს! არადა, უნივერსიტეტს 50% ვერ ამთავრებს, სტატუსი აქვს უბრალოდ სტუდენტის. ზოგჯერ ბავშვმა არ იცის სად უნდა მუშაობა, სად ხედავს თავის თავს. ასეთი მიდგომით არ არის საჭირო, რომ ყველამ უნივერსიტეტში მიიღოს განათლება”.
განსხვავებული პოზიცია აქვთ იმ მშობლებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ნაკლებად ფლობენ ინფორმაციას სკოლაში მიღებული განათლების ხარისხზე ან მოსწავლეთა შედეგებზე არაერთ სასკოლო კვლევაში:
„ეს უნდა დაინერგოს I-II კლასიდან, რომ ბავშვები მიეჩვიონ სტანდარტს, ასე უცებ ვერ შემოიტან. ჩემი შვილი მეცხრე კლასშია და ნერვიულობს, სასკოლო გამოცდები არ მომიწიოსო.”
ერთ-ერთმა მშობელმა კი EDU.ARIS.GE-ს პირდაპირ უთხრა, რომ მოსწავლეს სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩასაბარებლადაც კერძო მასწავლებელთან მომზადება დასჭირდება, რაც მის ინტერესებში არ შედის. მშობელი ალბათ არც კი უშვებს, რომ სასკოლო გამოცდის წარმატებით ჩაბარება სწორედ სკოლაში მიღებული განათლებით უნდა იყოს შესაძლებელი.
„მე მგონი, არ უნდა იყოს. დავუშვათ, მე-11- მე-12 კლასში, მოსწავლეს გადაწყვეტილი აქვს რაზე ჩააბაროს, რატომ უნდა მოემზადოს სხვა საგნებშიც? რატომ უნდა იჭყლიტოს ტვინი და მშობელმა დამატებითი ხარჯი რატომ უნდა გაიღოს. ასევე, გამოსაშვებ გამოცდებზე – ქიმიაში, ფიზიკაში, რომელიც არ გჭირდება, რომ ჩაიჭრას მოსწავლე, შესაძლებლობა უნდა დაკარგოს ეროვნულზე გასვლის?! მე მგონი, სისულელე იყო და მაგიტომაც მოხსნეს, არც უნდა დააბრუნონ!”.
ამავე თემაზე:
ავტორები: კესო კვაჭაძე, EDU.ARIS.GE
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება