გამოსავალი ქვეყნებს, სადაც დიპლომი ყველას აქვს, სამსახური – ძალიან ცოტას – რეკომენდაციები UNESCO-ს ანგარიშში
იუნესკოს ახალი ანგარიში აჩვენებს, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში არაბულ ქვეყნებში უმაღლეს განათლებაში ჩართულ სტუდენტთა რაოდენობა თითქმის გასამმაგდა და 15 მილიონს მიაღწია, რაც ქალთა აქტიური მონაწილეობისა და სტუდენტების მზარდი საერთაშორისო მობილობის დამსახურებაა.
ამის მიუხედავად, 3 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში UNESCO წერს, რომ განათლებაზე ხელმისაწვდომობა მაინც არათანაბარია, კურსდამთავრებულებს კი სამუშაოს პოვნა უჭირთ: რეგიონში ახალგაზრდების უმუშევრობა 26%-ს შეადგენს, რაც მსოფლიო საშუალო მაჩვენებელზე დაახლოებით ორჯერ მეტია.
როდესაც განათლებაზე ან ტექნოლოგიურ პროგრესზე ვსაუბრობთ, არაბული ქვეყნები, ალბათ, მაგალითი ვვერ იქნება. თუმცა იუნესკოს ახალი ანგარიშით აღმოჩნდა, რომ იქ ზუსტად ისეთივე საფიქრალი აქვთ, როგორიც ჩვენ – საქართველოში.
მიზეზებიც საქართველოს მოსახლეობისთვის უცხო არ არის: იქაც სტუდენტების 81% მხოლოდ ბაკალავრიატზე მიდის, კლასიკური დიპლომისთვის. მოკლევადიან, პრაქტიკულ და პროფესიულ სასწავლებლებში კი სტუდენტების მხოლოდ 7% სწავლობს (მაშინ როცა მსოფლიოში ეს ციფრი 19%-ია). იუნესკო პირდაპირ ამბობს, რომ ბაზარს კონკრეტული საქმის მცოდნე ხალხი სჭირდება.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ანგარიშში არის ისეთი პოზიტიური მონაცემებიც რაშიც, არაბულმა ქვეყნება მთელ მსოფლიოს გაუსწრეს. STEM მიმართულებებში (ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა) კურსდამთავრებულთა წილი 28%-ია (მსოფლიოში – 23%). ამ მიმართულების კურსდამთავრებულთა თითქმის ნახევარი (50%) ქალია. მთელ მსოფლიოში ეს მაჩვენებელი სულ რაღაც 35%-ს აღწევს. როგორც ჩანს, სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ ზუსტი მეცნიერებები „კაცის საქმეა“, იქ დიდი ხანია დაიმსხვრა.
აი, რას ურჩევს UNESCO იმ ქვეყნებსა და უნივერსიტეტებს, სადაც დიპლომი ყველას აქვს, სამსახური კი ძალიან ცოტას:
კვლევის მიგნებებზე დაყრდნობით, ანგარიშში წარმოდგენილია ათი ურთიერთდაკავშირებული რეკომენდაცია, რომლებიც მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების ხარისხობრივ ტრანსფორმაციას და მის მისადაგებას თანამედროვე შრომის ბაზართან. მათ შორისაა: განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა უფრო მრავალფეროვანი სასწავლო მიმართულებების შექმნით; სტუდენტების მხარდაჭერის გაძლიერება და კურსდამთავრებულთა დასაქმების პერსპექტივების გაუმჯობესება; ინვესტირება აკადემიურ და კვლევით პოტენციალში; პასუხისმგებლიანი ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება. გიზიარებთ მათ შორის საქართველოსთვის საინტერესო და გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს:
მოქნილი სასწავლო გზების (Pathways) და მოკლევადიანი პროგრამების შექმნა – უნივერსიტეტებმა უნდა განავითარონ მოკლევადიანი პროფესიული და ტექნიკური პროგრამები და სტუდენტებს უნდა მიეცეთ ალტერნატივა, რომ 4-წლიანი ბაკალავრიატის ნაცვლად, სწრაფად დაეუფლონ პრაქტიკულ ხელობას და აიღონ ისეთი სერტიფიკატები (Micro-credentials), რაც მათ დასაქმებას გაუადვილებს.
კურიკულუმების მუდმივი განახლება – სასწავლო პროგრამები და გეგმები უნდა გადაიხედოს და განახლდეს ბევრად უფრო ხშირად და რეგულარულად რადგან აუცილებელია ბალანსის პოვნა მშრალ თეორიასა და პრაქტიკულ სწავლებას შორის. პროგრამებში უნდა ჩააშენონ ციფრული, მეწარმეობრივი (Entrepreneurial) და ინტერპერსონალური (სოფთ-სქილები) უნარების განვითარება.
კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობა – უნივერსიტეტებმა უნდა შეწყვიტონ არამიზანმიმართული, კადრების ე.წ. ჰაერში გამოშვება და მჭიდრო კავშირი დაამყარონ ბიზნესსექტორთან, პოტენციურ დამსაქმებლებთან. უმაღლეს სასწავლებლებში უნდა შეიქმნას ან გაძლიერდეს კარიერული მხარდაჭერის, სტაჟირების ისეთი სერვისები, რომლებიც სტუდენტს სწავლის პერიოდშივე მოამზადებს რეალურ ბაზარზე გასასვლელად.
აკადემიური პერსონალის გაძლიერება – აუცილებელია მასწავლებელთა რაოდენობის გაზრდა და მათი შრომითი პირობების გაუმჯობესება. ლექტორებს უნდა ჰქონდეთ მუდმივი პროფესიული განვითარების, თანამედროვე სწავლების მეთოდების ათვისებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა, რათა სწავლების ხარისხი არ დაეცეს.
სამეცნიერო და კვლევითი პოტენციალის ზრდა – კვლევების რაოდენობრივი ბუმის პარალელურად, აქცენტი უნდა გადავიდეს ხარისხზე და კვლევების რეალურ გავლენაზე საზოგადოებასა და ეკონომიკაზე. სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მდგრადი დაფინანსება ეროვნული სამეცნიერო პროექტებისთვის, ხელი შეუწყონ უნივერსიტეტებს შორის ერთობლივ კვლევით პროგრამებს და შექმნან ინოვაციების ლაბორატორიები.
პასუხისმგებლიანი ციფრული ტრანსფორმაცია და AI მართვა – უნივერსიტეტებმა სასწრაფოდ უნდა შეიმუშაონ ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების ეთიკური ჩარჩოები, რადგან ტექნოლოგიური პროგრესი წესებს ასწრებს. შეიქმნას მკაფიო გაიდლაინები სტუდენტებისა და ლექტორებისთვის, თუ როგორ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები სწავლებასა და კვლევებში ისე, რომ არ დაირღვეს აკადემიური კეთილსინდისიერება.
ინსტიტუციური ავტონომია და ხარისხის უზრუნველყოფა – უნივერსიტეტებს უნდა მიენიჭოთ მეტი აკადემიური, ფინანსური და მმართველობითი დამოუკიდებლობა (ავტონომია) სახელმწიფო ბიუროკრატიისგან. შიდა საუნივერსიტეტო ხარისხის კონტროლის მექანიზმების მუდმივი გაუმჯობესება იმისთვის, რომ ავტონომიამ მოიტანოს არა თვითნებობა, არამედ სწავლების დონისა და კონკურენტუნარიანობის ზრდა გლობალურ ბაზარზე.
ასევე იხილეთ:
-
აკრძალვები სახელმწიფო უნივერსიტეტებსა და სტუდენტებს – რა შეზღუდვები იმოქმედებს შიდა და გარე მობილობის დროს ახალი ბრძანებით
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის? – მასწავლებლის სახლის მითითებები წინსვლის მსურველებს
by ARIS.GE-განათლება
-
მოსწავლეთა მიერ სკოლის უმიზეზოდ გაცდენების სურათი საქართველოში „მწვავედ გამოიყურება“ – PISA-ს მონაცემები
by ARIS.GE-განათლება