GE

გამყოფ ხაზთან მცხოვრები სტუდენტების 2021-2022 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება – შერიგების სამინისტრო

გამყოფ ხაზთან მცხოვრები სტუდენტების 2021-2022 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება. ამის შესახებ დღეს, 23 დეკემბერს, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომის ფარგლებში გახდა ცნობილი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, მიიღეს გადაწყვეტილება გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარების გაწევისა და სტუდენტების 2021-2022 სასწავლო წლის დაფინანსების გაგრძელების თაობაზე.

„სახელმწიფო აგრძელებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვას, მათ საჭიროებებზე საპასუხო ძალისხმევას და მხარდაჭერას მათთვის ცხოვრების სათანადო პირობების უზრუნველყოფისთვის. მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვმარტო, რომ უსაფუძვლოა ამ საკითხებზე ბოლო თვეების განმავლობაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს შეჩერდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები. უფრო მეტიც, 2013 წლიდან დღემდე, უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის არც ერთ სხდომას უმსჯელია, რომელიმე სოფლისთვის სტატუსის შეჩერების თაობაზე ან იმ სტუდენტების დაფინანსების შეწყვეტაზე, რომლებიც აკმაყოფილებენ წლების განმავლობაში დაზუსტებულ და მოქმედ კრიტერიუმებს. გუშინ და დღეს გაიმართა სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომები, რომლებზეც მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილებები როგორც მოსახლეობისთვის გათბობის უზრუნველყოფისთვის ფინანსური მხარდაჭერის თაობაზე, ასევე სტუდენტებისთვის 2021-22 სასწავლო წლის უმაღლესი განათლების დაფინანსების შესახებ“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ასევე იხილეთ:

რატომ ირჩევენ საქართველოს უცხოელი სტუდენტები და რა დაბრკოლებების გადალახვა უწევთ ჩვენს ქვეყანაში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური