„განათლების სისტემა საქართველოში გამოსაცვლელია…“ – რა კითხვამ გააღიზიანა პარლამენტში მიხეილ ჩხენკელი
საკანონმდებლო ორგანოში განათლების კომიტეტის წევრის, ოპოზიციონერი დეპუტატის, როსტომ ჩხეიძის გამოსვლამ და კითხვამ 18 ნოემბერს, პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარებული განათლების მინისტრი გააღიზიანა.
დეპუტატმა ნიგოეთის ისტორიულ სკოლასთან მიმართებით მიხეილ ჩხენკელის ფრაზას – “არარენტაბელური” გაუსვა ხაზი და თქვა, რომ ასეთი დამოკიდებულება ისტორიისადმი დამოკიდებულებასაც თავდაყირა აყენებს. მისი თქმით, ასეთივე წარმატებით, არარენტაბელური შეიძლება, რომ მომავალში ითქვას სათაფლიის ნაკრძალის დიზონავრის ნაკვალევზეც და იქ მრავალსართულიანი შენობის ჩადგმა მოიწადინონ.
„ბატონო მინისტრო, თუ რაიმემ უნდა იხსნას საქართველო, უპირველესად განათლებამ და თუ რაიმეა უმძიმეს დღეში სწორედ განათლების სისტემა, რომელიც გამოსაცვლელია. ვფიქრობდი, ხომ არ მეთქვა გასაუმჯობესებელია, მაგრამ გამოსაცვლელია და…“
როსტომ ჩხეიძის თქმით, უნდა გვახსოვდეს, რომ ისტორიის სახელმძღვანელო არა თარიღების გროვა, არამედ ქვეყნის წარსულის, მისი უმეტესწილად მაინც დრამატული თავგადასავლის სულის მოტანაა და უპირველესად, ცხადია, პატარებისათვის. ამისთვის კი გვაქვს არაერთი ნაშრომი, ნიმუში (ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის…), რომელიც ძალიან წაადგებათ ისტორიის სახელმძღვანელოს მომავალ ავტორებს სწორი ხედვისთვისაც და თხრობის ზოგადი სტილისტიკისთვისაც.
„მთავარია, რომ სახელმწიფო ნება იყოს. თორემ სრულიად მიჩქმალულია ზვიად გამსახურდიას ღვაწლი, რომელმაც დღევანდელი სახელმწიფო მოგვიტანა და დააფუძნა იმ ფესვზე, რაზეც წარმოდგენა არ ჰქონდა ნოე ჟორდანიას. ამიტომაც ჩააბარა იოლად სიმწრით ამოგებული დამოუკიდებლობა იმპერიალისტულ რუსეთს.
„9 აპრილის ჯეროვნად დაფასებას არა და არ დაადგა საშველი და ჩვენი დამოუკიდებლობის მომტან დღეს, 1991 წლის 9 აპრილს, კვლავინდებურად წაფარებია 1918 წლის 26 მაისი, თითქოსდა, მას შემდეგ საქართველოს სამოცდაათწლოვანი კოლონიური ყოფა არც არსებობდეს. ამგვარ დამოკიდებულებაში ხელშესახებად ირეკლება ისტორიის მახინჯი ხედვაც და ფალსიფიკაციისაკენ მიდრეკილებაც. ამგვარი ხედვითა და მოთხოვნით რიგიანი ისტორიის სახელმძღვანელო როგორღა უნდა დაიწეროს და მოსწავლეებსაც როგორ გინდა, რომ გმირები გმირებად დაუსახო და მოღალატენი მოღალატეებად და როგორ გინდა, ხელშესახებად განაცდევინო ისტორიის სული. არარენტაბელობის თეორია ხვალ ქართული ენის დაკნინებამდეც მიგვიყვანს, სწორედ რუსულ ენას გვახვევდნენ რენტაბელურად მეოცე საუკუნის 70-იან წლებში“, – მიმართა როსტომ ჩხეიძემ მიხეილ ჩხენკელს.
დეპუტატი ამბობს, რომ იმდენი პრობლემა, იმდენი გამოწვევა და იმდენი უბედურება ტრიალებს განათლების სფეროში, ერთბაშად რა გამოასწორებს, მაგრამ მათ მოსაგვარებლად ქმედითი საქმიანობა უნდა დავინახოთ და არა გაუთავებელი გადავადება, გაჭიანურება.
განათლების მინისტრმა პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს წინა ხელისუფლებაზე მიუთითა და თქვა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ, სკოლაში საქართველოს ისტორიის დამოუკიდებელ საგნად დაბრუნებით სამართლიანობა აღადგინა.
„მსურს, გამოვეხმაურო ერთ-ერთ საკითხს, რომელიც ბატონმა როსტომმა დასვა სკოლებში საქართველოს ისტორიის სწავლებასთან დაკავშირებით. მე საერთოდ მაინტერესებს, როგორ სვამთ ამ კითხვას, როდესაც თქვენი ხელისუფლების დროს საქართველოს ისტორიის საგანი სკოლებში გააუქმეთ და ჩვენ წელს, სექტემბერში აღვადგინეთ სამართლიანობა და საქართველოს ისტორია, როგორც დამოუკიდებელი საგანი, დავაბრუნეთ სასკოლო პროგრამაში თავისი სახელმძღვანელოთი.
„ეს მინდოდა ხაზგასმით აღმენიშნა და საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ მეთქვა, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, ამ სასწავლო წელს დაბრუნდა საქართველოს ისტორია, როგორც დამოუკიდებელი საგანი სკოლებში. საამაყო ამბავია, რომ ჩვენი მოსწავლეები დღეს საქართველოს ისტორიას დამოუკიდებელ საგნად შესაბამისი, ღირსეული სახელმძღვანელოთი შეისწავლიან, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში იმუშავეს ჩვენმა საუკეთესო ისტორიკოსებმა და სპეციალისტებმა‘‘, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა საპასუხო გამოსვლისას საქართველოს პარლამენტში.
ასევე იხილეთ:
რა უპასუხა მიხეილ ჩხენკელმა ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტში
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება