რა უპასუხა მიხეილ ჩხენკელმა ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტში
განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენდნენ. კითხვები კონკრეტულ საკითხებს უკავშირდებოდა თუმცა დებატები ფაქტობრივად არ შედგა.
ოპოზიციონერი დეპუტატების მთავარი კითხვა ასე ჟღერდა: საქართველოში 58 რუსულენოვანი საჯარო სკოლა და სექტორია – 11 სკოლა და 47 სექტორი, რომელთა კონტინგენტი იზრდება. პარალელურად იზრდება რუსული კერძო სკოლების რაოდენობაც. როგორი არის სამინისტროს პოლიტიკა? კერძოდ, გულისხმობს თუ არა იგი რუსულენოვანი სკოლების და სექტორების რაოდენობის ზრდას? თუ გულისხმობს საიდან მოჰყავს პერსონალი? რა პრინციპით ხელმძღვანელობს სამინისტრო კერძო რუსულენოვანი სკოლების ავტორიზაციის მინიჭების დროს?
განათლების მინისტრი უარყოფს, რომ საქართველოში რუსულენოვანი სექტორები და სკოლების რაოდენობა გაიზარდა.
„2022 წლის 1 იანვრიდან საჯარო და კერძო სკოლებში რუსული სექტორი არ დამატებულა. ხოლო 2 საჯარო სკოლაში რუსულმა სექტორმა ფუნქციონირება საერთოდ შეწყვიტა. ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით გვაქვს რუსულენოვანი 11 სკოლა და 45 სექტორი. ამასთან გაცნობებთ, რომ ავტორიზაცია არცერთ ახალ რუსულენოვან კერძო დაწესებულებას არ გაუვლია“, – განაცხადა ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ დასმული კითხვის პასუხად მიხეილ ჩხენკელმა.
მინისტრა აღნიშნა, რომ 2022 წლის 1 ნოემბრის მონაცემებით, რუსულენოვან სკოლებსა და სექტორებზე 16 242 მოსწავლე სწავლობს, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. ჩხენკელის განმარტებით, მონაცემების ზრდა უკრაინაში საომარი მოქმედების დაწყებას უკავშირდება.
მიხეილ ჩხენკელმა ისიც უარყო, რომ ქვეყანაში სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა სწავლის გადასახადის დავალიანების გამოა გაზრდილი და ამის მიზეზები სხვადასხვაა: სტუდენთა სტატუსის შეჩერების მიზეზი შესაძლოა იყოს სხვადასხვა – უცხო ქვეყანაში სწავლა, ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, სტუდენტთა პირადი განცხადება მიზეზის მითითების გარეშე, ფინანსური დავალიანება ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოებები. 2018-2022 წლების მონაცემების თანახმად, ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებული სტუდენტთა რაოდენობის მკვეთრი ცვლილება არ აღინიშნება და 1-2 % პროცენტის ფარგლებში მერყეობს.
დამატებით დასმული კითხვების პასუხად, რომელიც ეხებოდა სკოლაში უფასო კვების შეტანის, სტუდენტთა საერთო საცხოვრებლების, ახალგაზრდა წარჩინებული კურსდამთავრებულების ქვეყნიდან გადინებისა და ასევე, ზოგადი განათლების სექტორში არსებულ სხვადასხვა თემებს, მინისტრს დეტალური პასუხები არ გაუცია და განაცხადა, რომ ამის შესაძლებლობა მას ორ კვირაში ექნება. დღესვე ცნობილი გახდა, რომ მიხეილ ჩხენკელს, მინისტრის საათის ფორმატში, პარლამენტში დეკემბრის პირველ კვირაში მოუსმენენ.
ასევე იხილეთ:
მოამზადა მზეო შველიძემ
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება