GE

რა კითხვები დარჩათ და რას მოითხოვენ განათლების სამინისტროსგან დირექტორთა კონკურსის მონაწილეები – განცხადება

სკოლის დირექტორთა კონკურსის მონაწილეები მაია ეკალაძე და დავით ფერაძე, მინისტრ გიორგი ამილახვარის განცხადებას, რომ 1000-მდე სკოლაში კონკურსი ხელახლა გამოცხადდება, მათი უწყვეტი პროტესტის პირველ გამარჯვებად თვლიან, მაგრამ დარჩათ კითხვები და წინადადებები, რომელიც განათლების სამინისტრომ დაანონსებული ახალი კონკურსის გამოცხადებამდე უნდა გაითვალისწინოს და განახორციელოს.

ამ მიზნით, 13 დეკემბერს “დაბლოკილმა” კანდიდატებმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განცხადება შეიტანეს, სადაც კითხვებიც არის მოცემული და განათლების მინისტრის იმ ბრძანებაში ცვლილებების განხორციელების კვალდაკვალ, რომელიც სკოლის დირექტორთა შერჩევისა და წარდგენის წესს არეგულირებს, ითხოვენ, რომ სამინისტრომ შემდეგი ქმედითი ნაბიჯები გადადგას:

“1. დასახელდეს კონკრეტული თარიღები, როდის გაიმართება გასაუბრება და სერტიფიკატების გადაცემა გამოცდაჩაბარებული კანდიდატებისთვის და როდის წარედგინება კანდიდატები ვაკანტურ სკოლებს;

2. რომელი ორგანიზაციებისა და პერსონების ჩართვა იგულისხმება პროცესის ინკლუზიურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად? აქვე მოვითხოვთ, არ შევიდეს კომისიაში არცერთი წინა კომისიის არცერთი წევრი; აქვე გვაინტერესებს, რა ნაბიჯები გადაიდგმება არასწორად წარმართული გასაუბრების პროცესის პრევენციის მიზნით;

3. რა ნაბიჯები გადაიდგმება სამეურვეო საბჭოების სამართლიანი გადაწყვეტილების პრევენციისთვის? ვთავაზობთ, რომ ამ ეტაპზე, სამეურვეო საბჭოებთან როგორც გასაუბრების, ისე ხმის მიცემის პროცედურისას განხორციელდეს ვიდეო-გადაღება, როგორც თავად სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება, რადგან წინა შვიდწლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ სამეურვეო საბჭოებისთვის მიუღებელი დირექტორობის კანდიდატები, რომლებიც მინისტრმა თამარ სანიკიძემ დისკრეციით დანიშნა, რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ ა. წ. ოქტომბერში უკვე არჩეულ დირექტორებად იქცნენ… ანუ, უკვე მისაღები არიან სასკოლო საზოგადოებისთვის 2015 წელს მინისტრის ძალით დანიშნული დირექტორები;

4. მოვითხოვთ, ვიდეო-გადაღებას არა ნებაყოფლობით, არამედ სავალდებულოდ გასაუბრების ყველა მონაწილისთვის; მნიშვნელოვანია, ვიდეო- ჩანაწერში მკაფიოდ ისმოდეს მოსაუბრეთა ხმები;

5. ამავდროულად, გამოცხადდეს თარიღი ახალი გამოცდის, რადგან სკოლას უნდა ჰქონდეს ნამდვილი არჩევანის შესაძლებლობა; დირექტორი, რომელიც ვერ მართავს სკოლას და გათავისუფლდება, სამეურვეო საბჭოს მუდმივად უნდა ჰქონდეს არჩევანის შესაძლებლობა; დირექტორად არ არჩევის შემთხვევაში, სერტიფიცირებული კანდიდატი გადიოდეს ყველა ტრენინგს, რომელსაც გაივლის მოქმედი დირექტორი, რათა ითვლებოდეს სრულფასოვან შემცვლელად საჭიროების შემთხვევაში;

6. აბსოლუტურად ყველა დეტალი ჩაიწეროს დირექტორის შერჩევის წესში, მათ შორის კრიტერიუმები და მათი შეფასების ინდიკატორები ქულებით;

7. შედეგები გაცხადდეს კონკურსანტისთვის გასაუბრების დასრულებისთანავე და განიმარტოს ინდიკატორებით კონკურსანტის სურვილის შემთხვევაში.

“ერთ კვირას ვაძლევთ ვადას, რომ ამ საკითხზე პასუხისმგებელი პირი შეგვხვდეს და გველაპარაკოს მათ მოსაგვარებლად”, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს დღეს დირექტორთა კონკურსის მონაწილე დავით ფერაძემ.

სკოლის დირექტორთა კონკურსის ე.წ. დაბლოკილმა კანდიდატებმა განათლების სამინისტროსთან უწყვეტი პროტესტი მას შემდეგ დაიწყეს, რაც 4 დეკემბერს, მათთან გამართული შეხვედრის შემდეგ, განათლების მინისტრმა გადაჭრით განაცხადა, რომ საჯარო სკოლის დირექტორთა კონკურსის ფარგლებში, “არცერთ შემთხვევაში და არსად გამოკვეთილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი დარღვევები”. მაია ეკალაძემ და დავით ფერაძემ დირექტორთა კონკურსის “უსამართლო შედეგების” აღიარებისა და გამოსწორების მოთხოვნით, გიორგი ამილახვარის უწყებასთან არაერთი ღამე გაათენეს.

ამავე თემაზე:

გიორგი ამილახვარი: სკოლებში, სადაც დირექტორის შერჩევა ვერ მოხდა, ხელახალი კონკურსები გამოცხადდება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური