„ძალიან მიყვარხართ და ძალიან მინდა, მალე დავბრუნდე თქვენთან“ – მოშიმშილე პედაგოგი მოსწავლეებს
„დათო დილით, გაღვიძებისთანავე, კარვიდანვე სკოლაში, გაკვეთილებზე წავიდა, რადგან დღეს ფიზიკურად ვერ გააცდენდა“, – უყვება EDU.ARIS.GE-ს თავისი კოლეგის, დავით ფერაძის შესახებ განათლების სამინისტროსთან მოშიმშილე მასწავლებელი და სკოლის დირექტორობის კონკურსის მონაწილე მაია ეკალაძე, რომელმაც კოლეგასთან ერთად სამინისტროსთან მეორე ღამე გაათია.
გიორგი ამილახვარის უწყებასთან მასწავლებლების უწყვეტი აქცია სკოლის დირექტორთა კონკურსის „უსამართლო შედეგების აღიარებისა და გამოსწორების მოთხოვნით“ არაერთი დღეა მიმდინარეობს. მაია ეკალაძემ კი დღეს, 6 დეკემბერს, შიმშილობის მესამე დღე მიითვალა, თუმცა, ამის მიუხედავად, პედაგოგები მოსწავლეებზე და პროტესტის გამო გაცდენილ გაკვეთილებზე წუხან.
„თავს ვგრძნობ არაჩვეულებრივად. შუაღამისას იწვიმა, მაგრამ გვქონდა კარავი. კარავში ორი ადამიანისთვის ღამის გათენება შეუძლებელი იყო, მანქანაში გავატარეთ რამდენიმე საათი. სულ, დაახლოებით, სამი საათი გვეძინა და შემდეგ დავუბრუნდით ადგილს. მართლა შეუძლებელია ამდენი გაკვეთილების გაცდენა და აი, ეს გვაწუხებს ძალიან, ეს გვაშფოთებს, რომ ჩვენი ხმა არ ისმის, ღამეების გათენება გვჭირდება იმისთვის, რომ ადამიანებმა დასკვნები გამოიტანონ და გადაწყვეტილება მიიღონ შექმნილ სიტუაციაზე“, – ამბობს მასწავლებელი.
მაია ეკალაძის ინფორმაციით, გუშინ სახალხო დამცველთანაც ცდილობდნენ კომუნიკაციას, ვინაიდან მათ შენობაში შესვლის უფლებასაც არ აძლევენ, მათ შორის დღის განმავლობაში: „მართლა სასწაული ხდება, საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებაც კი არ გვეძლევა ამ შენობიდან, არა მარტო სფეროს პრობლემებს, არამედ ადამიანურობის ფარგლებსაც სცდება ეს ყველაფერი“.
EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, როგორ დაამშვიდებს საკუთარ მოსწავლეებს, რომლებიც მის მდგომარეობაზე ღელავენ, მაია ეკალაძე გვპასუხობს, რომ მოსწავლეების წერილები დღითი დღე მატულობს და თითქმის ყველასთან აქვს კომუნიკაცია.
„ვცდილობ რომ ყველას მივწერო. რეალურ სურათს ვუხატავ მათ და ვეუბნები, რომ მე არ მცივა, კარგად ვარ, ჯანმრთელად ვარ და დარწმუნებული ვარ, ჩემს ჯანმრთელობას არ შეექმნება საფრთხე. მინდა, რომ ისწავლოთ, კიდევ უფრო მეტი გაუკეთოთ თქვენს თავს მანამ, სანამ მე თქვენ დაგიბრუნდებით. მიყვარხართ ძალიან და ძალიან მინდა, რომ მალე დავბრუნდე თქვენთან“, – მიმართავს მოსწავლეებს მაია ეკალაძე.
რაც შეეხება მის გზავნილს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსადმი, პედაგოგი პასუხისმგებელ პირებს მიმართავს და გადაჭრით აცხადებს, რომ შედეგის დადგომამდე პროტესტი არ შეწყდება და “კიდევ ბევრ ღამეს, რამდენსაც შეძლებს, გაატარებს ქუჩაში”.
„მივმართავ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, კითხვები დასმულია და პასუხები უნდა გასცეთ თქვენ. პასუხების გაცემამდე შეუძლებელია, რომ აქედან ვინმე დაიძრას, ეს ღირსების საკითხია. ბატონებო, მარტო საკუთარ ღირსებაზე ნუ ფიქრობთ, ჩვენ დიდხანს ველოდით თქვენი ღირსებით გადაწყვეტილების მიღებას, ბოლომდე ნუ შელახავთ ჩვენს ღირსებას“, – აცხადებს მაია ეკალაძე.
რაც შეეხება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პოზიციას, მას შემდეგ, რაც პედაგოგებმა მათთან გამართული შეხვედრის პასუხად გიორგი ამილახვარის განცხადება მოისმინეს და პროტესტის უკიდურეს ზომას, ასევე უწყვეტ პროტესტს მიმართეს, არც განათლების მინისტრი და არც უწყების რომელიმე წარმომადგენელი საკითხს არ გამოხმაურებია, EDU.ARIS.GE მათთან კომუნიკაციას ისევ ცდილობს.
ამავე თემაზე:
ავტორი: მარიამ ბარამიძე, edu.aris.ge
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- როდესაც მოსწავლე სასწავლო წიგნებს სახლში ტოვებს – მიზეზები და რეკომენდაციები პრობლემის მოგვარებისთვის by განათლებული ბლოგი
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება