„განათლების სამინისტრო ტყუილშია გაჯიუტებული და ეს, უპირველესად, მოსწავლეს აზიანებს“ – გიორგი ჭაუჭიძის შეფასება
სკოლის დირექტორთა კონკურსის შედეგების მიზეზით მიმდინარე პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე, ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებელი მარნეულში, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2019-ის“ გამარჯვბული, გიორგი ჭაუჭიძე, რომელიც განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებული სკოლის დირექტორთა კონკურსში მონაწილეობდა, თუმცა კომისიამ ის არცერთ მითითებულ სკოლაში არ წარადგინა, დღეს EDU.ARIS.GE-სთან აცხადებს, რომ პროტესტი, რომელსაც მაია ეკალძე მიმართავს, პირველ რიგში, არის ტყუილის წინააღმდეგ”.
ჩვენს კითხვაზე, რას ეუბნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თავისი მოქმედებით თუ უმოქმედობით საზოგადოებას, მასწავლებელთა კორპუსს, მოსწავლეებსა და მთლიანად, სასკოლო საზოგადოებას, დირექტორობის ერთ-ერთი მსურველი გვპასუხობს, რომ იმას, რასაც პედაგოგები აპროტესტებენ, შეიძლება, “სისტემური ტყუილი ვუწოდოთ”.
“ამ ტყუილს, ერთი მხრივ, სჭირდება დანახვა და გაცნობიერება ჩვენგან, ბევრი ადამიანისგან და მეორე მხრივ, თვითონ განათლების სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან. ის, რომ ამ ტყუილში არიან გაჯიუტებული, სიცრუეში გაჯიუტებული, ეს არის ცუდი გზავნილი ყველას მიმართ, ვინც თქვენ ჩამოთვალეთ. პირველ რიგში, სკოლის მოსწავლეების მიმართ, იმიტომ, რომ ჩვენ ხომ ამ სფეროში ვმუშაობთ და ამ პატარა ადამიანებს გარკვეულწილად ვაყალიბებთ, ხომ?! პირველ რიგში, მათთვის არის ეს დამაზიანებელი და მთლიანად ჩვენი საზოგადოებისთვის, თუ რაღაც მორალური ღირებულებები გაგვაჩნია, აი, ამის წინააღმდეგ არის მიმართული. იმედი მაქვს, რომ ეს გაჯიუტება სიცრუეში შეუძლებელია, დიდხანს გაგრძელდეს”, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან საუბარში გიორგი ჭაუჭიძე.
ის თბილისში, განათლების სამინისტროსთან პროტესტის გამოსახატად, მარნეულიდან ჩამოდის და მაია ეკალაძესა და დავით ფერაძეს უერთდება. ასე იყო 5 დეკემბერსაც და დღესაც:
“ღამის ორ საათზე და შეიძლება, უფრო გვიან წასული გიორგი ჭაუჭიძე დილაადრიან გამომეცხადა თავისი ჩვეული ყავებით… მარნეულიდან… ისეც სულ ერთად ვართ აგერ რამდენი კვირაა… იცოდა, რომ დათო კარვიდან გაკვეთილებზე უნდა გაქცეულიყო დღეს, შეუძლებელი იყო მის სიტუაციაში გაცდენა და მარტო არ დამტოვა… ვინ იცის, რამდენი და რა საქმე გადადო უძილობის გარდა??? ქაღალდით გააშრო წვიმისგან დასველებული სკამი… დავაფინეთ პლედები და ბატონი მინისტრის ფანჯრის ქვეშ ვსხედვართ… გადმოგვხედოს და დათვალოს, რამდენ კაცს ვუდრით… რამდენ ადამიანს… და მერე რამდენ მასწს… ასეთ მასწავლებლებს ბლოკავავს სამინისტრო?”, – დაწერა 6 დეკემბრის დილით მაია ეკალაძემ.
გიორგი ჭაუჭიძის თქმით, სხვადასხვა ორგანიზაციამ და ადამიანმა ამ სიტუაციაში გარკვეული ნაბიჯების გადადგმა განათლების სამინისტროს შესთავაზა და მისთვის გასაკვირია რატომ არ დგამენ ნაბიჯებს, რომელსაც მისი აზრით, “ნებისმიერი საქმეში ჩახედული, გონიერი ადამიანი გადადგამდა”.
ამავე თემაზე:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება