„კარავი განათლების სამინისტროს წინ მათი სირცხვილის სიმბოლოდ გადაიქცა“
თუ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მოხვდებით, აუცილებლად მოისმენთ რუპორიდან გაჟღერებულ უცვლელ მოწოდებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრისადმი, რომელიც ასე ჟღერს: “მინისტრო ამილახვარო, ნუ გვიღუპავთ მომავალ თაობას, დაასრულეთ უსამართლობა!”.
ეს სკოლის დირექტორობის კონკურსის მონაწილისა და ისტორიის მასწავლებლის დავით ფერაძის, სიტყვებია რომელიც კოლეგებთან ერთად, უკვე არაერთი დღეა, ღამეს სამინისტროსთან ათევს, აპროტესტებს განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგებს და მათ გამოსწორებას ითხოვს.
ოთხ დეკემბერს, მინისტრ გიორგი ამილახვართან გამართული შეხვედრის შემდეგ, მასწავლებელი დღემდე გაკვირვებას ვერ მალავს, რომ მინისტრმა ჯერ მისი მიმოწერების ე.წ. სქრინების ჩვენებაზე დაუწყო საუბარი, ამ დღის შემდეგ კი “პედაგოგთა პროტესტის დისკრედიტაციას ცდილობენ”, თუმცა, როგორც ფერაძე EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, ეს არ მუშაობს და მათი პროტესტის დისკრედიტაციის მიღწევა შეუძლებელია – “ყველა ხედავს, რომ ეს პროტესტი გულწრფელია”.
დავით ფერაძე კიდევ ერთხელ განმარტავს მოთხოვნას, რომელიც პროტესტის მონაწილეებს აქვთ და მათი მხრიდან შესაძლო კომპრომისზეც საუბრობს:
“ჩვენ ვითხოვთ ყველა იმ ადამიანის საქმის განხილვას, ვისაც განცხადებაც აქვს დისკრეციაზე დაწერილი და არა ორი ადამიანისთვის, როგორც ეს მინისტრის მოადგილემ წარმოაჩინა. განიხილონ ეს დისკრეციის საკითხი, თავისი უფლებაა შემდეგ მინისტრი დანიშნავს თუ არა, მაგრამ ხომ შეიძლება, განიხილო და ისე მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ არც ამაზე მოდიან. თუ დისკრეციას გამორიცხავენ, მაშინ სხვა რა გამოსავალია, როცა 1200 სკოლა დირექტორის გარეშეა დარჩენილი, ვგულისხმობ სერტიფიცირებულ დირექტორს და ამ სკოლების გარეთ დგას 500-მდე ადამიანი, რომელიც არის დირექტორობის უფლების მქონე… რას ნიშნავს ამ დროს დისკრეციის არგამოყენება? მაშინ, ეს მაინც გააკეთონ, რომ ხელახლა ჩაატარონ ამ სკოლებში გასაუბრება და ეს ადამიანები წარადგინონ სკოლების წინაშე. პრობლემა იმაშია, რომ დღეს ჩვენ კი არ უნდა ვთხოვდეთ მათ კომპრომისზე წასვლას, აქეთ უნდა გვთხოვდნენ, იმიტომ, რომ მინისტრის ბრძანება, რომლითაც რეგულირდება დირექტორთა შერჩევის, კონკურსის გამართვის წესი, სამართლებრივი ჩარჩოებიდან ამოვარდნილია და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და არსებითად ძალიან დისკრიმინაციულია”, – აცხადებს პროტესტის მონაწილე მასწავლებელი.
ის ამბობს, რომ სამინისტრო დათმობებზე აუცილებლად უნდა წავიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არც პროტესტის მონაწილეებს გაუჭირდებათ სხვა, უკიდურესი პროტესტის ფორმების გამოყენება.
„პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება, ოღონდ არა შიმშილობით“
დავით ფერაძე მიიჩნევს, რომ პედაგოგებს გაერთიანება ირიბი ან პირდაპირი წნეხის გამო უჭირთ და მათ ხშირად აქციაზე გასვლისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ:
“მნიშვნელოვანია, რომ როგორც იქნა, ცოტა სოლიდარობის განცდამ გაიღვიძა პედაგოგებში, თორემ ჩვენთან ყოველ დღე გვიანობამდე რჩებიან საზოგადოების წარმომადგენლები. შაბათს ძალიან ბევრი აცხადებს მზაობას, რომ 12:00 საათიდან შემოგვიერთდნენ და სოლიდარობა გამოგვიცხადონ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ტერორი გამკაცრდეს. მინისტრს რატომ უნდა ჰქონდეს ჩემი მიმოწერები ხელთ, ეს როგორ შეიძლება? ეს ტოტალური კონტროლის დაწესებაზე მიანიშნებს.
“კარავი განათლების სამინისტროს წინ მათი სირცხვილის სიმბოლოდ გადაიქცა. ეს უკვე სახეა სამინისტროსი და მინისტრის, იმიტომ, რომ მეხუთე დღეა, ღამეს ვათევთ ამ სიცივეში და ადამიანური რეაქცია ამაზე არ არის… ჩაკეტილი კარი, საპირფარეშოში შეშვების უფლების წართმევა, ეს უკვე მათი სახეა”, – ამბობს დირექტორთა კონკურსის მონაწილე ჩვენთან საუბარში.
გარდა ამისა, დღეს დავით ფერაძემ კონკურსის კომისიასთან საკუთარი გასაუბრების (დავით ფერაძის ხედვა) შედეგის შესახებ მომზადებული ოქმი მიიღო, რომელშიც ჩანს, რომ მას აუცილებელი ერთი ქულა დააკლდა: “და აი, ამ დავიდარაბის დროს, მომდის შეთითხნილი, არასრული ოქმი, გასაუბრების მერე სახელდახელოდ გამომცხვარი კრიტერიუმებით. გასაუბრების დროს კრიტერიუმები არ არსებობდა. ოქმში ყველაზე დაბალი ქულით შეაფასეს, სკოლის შესახებ ინფორმაციის სანდოობა. არადა, ეს ინფორმაცია საჯაროდ გამოვითხოვე. ანუ, თავისივე მოწოდებული ინფორმაცია მიაჩნიათ არასანდოდ. შედეგად დაუკლიათ მხოლოდ ერთი ქულა”, – წერს მასწავლებელი და დოკუმენტს აქვეყნებს:
დღეს, 7 დეკემბერს, პროტესტის მონაწილეები EDU.ARIS.GE-სთან აცხადებენ, რომ პროტესტი სხვადასხვა სახით გაგრძელდება, თუმცა არა შიმშილობით. 9 დეკემბერს კი განათლების სამინისტროსთან სხვა პედაგოგებსაც ელიან.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება