GE

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეღავათი ინდოელ სტუდენტებს

განათლების და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, ინდოეთის რესპუბლიკაში მცხოვრები სტუდენტები, რომლებიც  საქართველოში სწავლობენ და ეპიდსიტუაციის გამო, გამომგზავრებას ვერ ახერხებენ, სემესტრის დასრულებას დისტანციურ რეჟიმში შეძლებენ.

განათლების სამინისტროს მიერ EDU.ARIS.GE-სთვის 4 ივნისს მიწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ყველა აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს შეეხება.

„იმ სტუდენტებს, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში, ინდოეთში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ვერ შემოვიდნენ საქართველოში, სტატუსი არ შეუჩერდებათ და სწავლას დისტანციურ რეჟიმში დაასრულებენ. შესაბამისად, ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ინდოეთის რესპუბლიკიდან შემომავალი სტუდენტებისათვის, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში სწავლება დისტანციურ რეჟიმში განახორციელონ. აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება მიმდინარე სემესტრში აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომლებიც ინდოეთში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ვერ შემოვიდნენ საქართველოში“-აღნიშნავენ განათლების და მეცნიერების სამინისტროში.

ინდოეთი პირველ ადგილს იკავებს იმ ქვეყნებს შორის, რომელიც საქართველოში სასწავლებლად სტუდენტებს გზავნის. საქსტატის მონაცემებით 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში, ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 7771 ინდოელი სტუდენტი იყო აღრიცხული.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური