GE

განათლების ექსპერტი: ძალიან მნიშვნელოვანია, კომპეტენტური მასწავლებლის წილი გაიზარდოს სასწავლო რესურსების შექმნის საქმეში

მნიშვნელოვანია, მასწავლებლების ხმა, მასწავლებლების წილი, ოღონდ კომპეტენტური ხმა, გაიზარდოს სასწავლო რესურსების შექმნის საქმეში – ამის შესახებ განათლების ექსპერტმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ნათია ანდღულაძემ პარლამენტში, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ მხარდაჭერილი მოკვლევის – „სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკა ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში“ შესახებ ზეპირი მოსმენა გაიმართა.

ნათია ანდღულაძემ, რომელიც მოკვლევის ფარგლებში ექსპერტის პოზიციით მონაწილეობდა, განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს საკუთარი რეკომენდაცია გააცნო, რაც სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების მომზადებაში მასწავლებლების ჩართულობას გულისხმობს

როგორც განათლების ექსპერტი ამბობს, პანდემიის პერიოდმა გამოაჩინა, რომ მასწავლებლებს აქვთ რესურსი და შესაძლებლობები, თავად შექმნან სასწავლო რესურსები, გრიფირების პროცედურებში კი შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, სავალდებულო მოთხოვნაა, მასწავლებლის გამოცდილება ჰქონდეს სახელმძღვანელოს ერთ-ერთ ავტორს მაინც, რაც მისი აზრით, დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. მისი თქმით, მნიშნელოვანია, სახელმძღვანელოს შემქმნელს ჰქონდეს საგნობრივი ცოდნა, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ ესმოდეს როგორ უნდა ასწავლოს ეს საგანი, ჰქონდეს პედაგოგიური გამოცდილება და ესმოდეს ქართველი ბავშვის.

„როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ დარგობრივი ცვლილებებია, ძალიან მნიშნელოვანია, ზედმეტად აკადემიური მიმართულებით არ წავიდეთ, იმიტომ, რომ საქართველოში ისედაც პრობლემაა სახელმძღვანელოების თვალსაზრისით. არ გვაქვს ტრადიცია სახელმძღვანელოების შექმნის. იგივე ეხება ბევრ საბჭოთა ქვეყანას და სხვადასხვანაირად უმკლავდებიან ამ ყველაფერს, მაგრამ ჩვენთან გვაქვს ძალიან დიდი წყვეტა, სულ მცირე 80-წლიანი… ცოტა არასწორად ვიარეთ, მაგრამ პრობლემა, ერთ-ერთი ეფექტი ამ ყველაფერის არის ის, რომ სახელმძღვანელოების შემუშავებაში არ არიან ჩართული დიდწილად პედაგოგიური გამოცდილების მქონე ადამიანები, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კომპეტენცია იყოს უფრო კარგად წარმოჩენილი… აქ საუბარია საშუალო ქართველ მასწავლებელს რა გამოწვევები აქვს, როცა საშუალო ქართველ ბავშვს ასწავლის რაღაცას. თუ უფრო მრავალფეროვნად ესმის ეს საკითხი, მთლად უკეთესი და მაღალმთიანი სოფლის ან ქალაქის გარეუბანში, სადაც სოციალურად დაუცველი ბავშვების წილი მაღალია… ეს თუ ესმის პედაგოგიკური თვალსაზრისით, მთლად უკეთესია. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლებლების ხმა, მასწავლებლების წილი, ოღონდ კომპეტენტური ხმა, გაიზარდოს სასწავლო რესურსების შექმნის საქმეში. ამას უნდა გეგმაზომიერი ბიძგის მიცემა“, – განაცხადა ნათია ანდღულაძემ 26 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე.

განათლების მკვლევარი მიიჩნევს, რომ მასწავლებლის გამოცდილების მქონე ადამიანების ამ საკითხში ჩართვას სჭირდება შესაბამისი მექანიზმების შექმნა, რათა მათ გაიღრმავონ ამ მიმართულებით კომპეტენცია და ამას საფუძველი დღეს უნდა ჩაეყაროს. ნათია ანდღულაძემ განათლების კომიტეტის სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ თავად შეეცდება, კიდევ უფრო დეტალურად გაწეროს ეს საკითხი დოკუმენტად ქცეულ რეკომენდაციებში.

ასევე იხილეთ:

ექსპერტებისგან გაკრიტიკებული დაწყებითი საფეხურის საგნობრივი სტანდარტი დამტკიცების ბოლო ეტაპზეა – რა დრო ექნებათ ავტორებს სახელმძღვანელოს შედგენისთვის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური