„განათლების მიღების პროცესში ბავშვს უნდა ექცეოდნენ პატივისცემით“ – რაც ჩვენი უფლებების შესახებ უნდა ვიცოდეთ
„ბავშვთა უფლებების შესახებ ბავშვებისთვის“ – ასე ჰქვია პუბლიკაციას, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა და მოსწავლეებისა და ბავშვებისთვის მათი უფლებების შესახებ აუცილებელ ინფორმაციას მოიცავს.
EDU.ARIS.GE პუბლიკაციას უცვლელად წარმოგიდგენთ:
ყველა 18 წლამდე ადამიანი არის ბავშვი
საქართველოში, ბავშვების სასიკეთოდ, 2019 წელს შეიქმნა ბავშვის უფლებათა კოდექსი – „ბუკი“. ეს არის კანონი, სადაც წერია ბავშვის უფლებები. ყველამ უნდა იცოდეს და დაიცვას ეს უფლებები.
კოდექსი (codex) – ლათინური სიტყვაა და წიგნს ნიშნავს. შესაბამისად, „ბუკი“ არის წიგნი ბავშვის უფლებების შესახებ.
„ბუკი“ ეხება ყველა ბავშვს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში თითოეულ ბავშვს თანაბარი უფლებები აქვს, მიუხედავად სქესის, ასაკის, რელიგიის, ეროვნების, კანის ფერის, შეზღუდული შესაძლებლობისა და სხვა განსხვავების მიუხედავად. ქვეყანაში ყველა ვალდებულია შექმნას საჭირო პირობები, რათა ყველა ბავშვის უფლება თანაბრად იყოს დაცული.
ბავშვების სასიკეთოდ, მსოფლიოში, 1989 წლიდან, არსებობს ბავშვის უფლებების კონვენცია. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა ქვეყანა შეთანხმდა იმაზე, თუ რა არის ბავშვის უფლებები და როგორ დაიცვან ის. ამ დროისთვის, ბავშვის უფლებების კონვენციას ეთანხმება ყველა ქვეყანა, მათ შორის, საქართველოც.
შენი უფლებაა, იცოდე, რა უფლებები გაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ შენთვის გასაგები ენით, ფორმით და საშუალებით უნდა აგიხსნან და მოგაწოდონ შენთვის საჭირო ინფორმაცია.
რა უფლებების შესახებ წერია „ბუკში“?
ყველა ბავშვს აქვს სიცოცხლის და განვითარების უფლება.
ეს ნიშნავს, რომ ზრდასრულებმა ბავშვს სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემო და განვითარებისთვის საჭირო პირობები უნდა შეუქმნან.
ბავშვი დაცული უნდა იყოს და უნდა ცხოვრობდეს ჯანსაღ გარემოში;
ქვეყანა ვალდებულია იზრუნოს, რომ ყველა ბავშვის უფლებები თანაბრად იყოს დაცული;
ზრდასრულებმა პატივი უნდა სცენ ბავშვის ღირსებას, პიროვნებას, აზრს, არჩევანს და გადაწყვეტილებას.
ბავშვს აქვს უფლება, თავისუფლად გამოხატოს, რას ფიქრობს, სიტყვებით, წერით, ხატვით ან სხვანაირად, როგორც მას უნდა. ზრდასრულებმა ბავშვს უნდა მოუსმინონ, სერიოზულად მოეკიდონ მის მოსაზრებას და გადაწყვეტილების მიღების დროს, აუხსნან, რატომ გაითვალისწინეს ან ვერ გაითვალისწინეს ის.
ბავშვის საუკეთესო ინტერესები ყოველთვის უნდა იყოს დაცული.
ეს იმას ნიშნავს, რომ, როცა ზრდასრულები ბავშვთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებენ ან რაიმეს აკეთებენ, უნდა დაფიქრდნენ, როგორ იმოქმედებს ეს ბავშვზე. ამ დროს, ბავშვსაც უნდა მოუსმინონ და გაიგონ, რას ფიქრობს. შემდეგ კი, ისე უნდა მოიქცნენ და ის გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რომელიც ბავშვისთვის საუკეთესო იქნება.
- ბავშვს დაბადებისთანავე აქვს უფლება, ჰქონდეს სახელი, გვარი და იცოდეს, რომელი ქვეყნის მოქალაქეა;
- ბავშვს უფლება აქვს, იზრდებოდეს ოჯახში, ოჯახურ გარემოში, სადაც ყველაფერია მისი განვითარებისთვის და მასზე ზრუნავენ.
გახსოვდეს, არავის აქვს უფლება, სიღარიბის გამო, ბავშვი ოჯახს დააშოროს. ასე რომ არ მოხდეს, ქვეყანა ვალდებულია, ოჯახებს ყველანაირად დაეხმაროს და გააძლიეროს.
ბავშვს უფლება აქვს, ჰქონდეს პირადი სივრცე, რომელშიც მოიაზრება პირადი მიმოწერაც. ამ სივრცის დარღვევის უფლება არავის აქვს. თუმცა, თუ ბავშვის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, შესაძლოა, ზრდასრულები გაეცნონ ბავშვის მიმოწერას.
განათლება
ყველა ბავშვს აქვს განათლების მიღების უფლება ბაღში, სკოლაში, კოლეჯში. ქვეყანა ვალდებულია, რომ ყველა ბავშვმა მიიღოს განათლება, ისწავლოს მისი საჭიროებების შესაბამისად;
გახსოვდეს, განათლების მიღების პროცესში ბავშვს უნდა ექცეოდნენ პატივისცემით. სასწავლო გარემოში ყველა ბავშვი დაცული უნდა იყოს ნებისმიერი ძალადობისგან. დაუშვებელია, ბაღში, სკოლაში, კოლეჯში თუ ნებისმიერ სხვა გარემოში ბავშვის მიმართ ძალადობა, მათ შორის, წესების დასაცავად ბავშვის დასჯა.
აკრძალულია ბავშვების მიმართ, ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ გარემოში ძალადობა!
დაუშვებელია ბულინგი – ბავშვებს შორის განმეორებითი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ჩაგვრა და დამცირება, მაგალითად: ხელის კვრა, გარიყვა, ისეთი სიტყვების დაძახება, რომელიც ბავშვს ცუდად აგრძნობინებს თავს, მეტსახელების შერქმევა და სხვა ქმედებები, რომელიც პირისპირ ან ონლაინ სივრცეში ხდება.
აკრძალულია ფიზიკური ძალადობა – შეხება, რომელიც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, აზიანებს ბავშვს. ცემა, ჩქმეტა, ხელის ძლიერად მოჭერა, თმის მოქაჩვა, ყურის აწევა და სხვა ქმედება.
აკრძალულია ფსიქოლოგიური ძალადობა – დაცინვა, დაჩაგვრა, აბუჩად აგდება, ბავშვის სხვასთან ცუდად მოხსენიება, ყვირილი და სხვა მოქმედება, რომელიც შეურაცხყოფს ბავშვს, მათ შორის, ონლაინ.
აკრძალულია იძულება – ფიზიკური მოქმედებით ან სიტყვიერად, პირისპირ ან ონლაინ სივრცეში მოქმედებით, ძალით გააკეთებინო ბავშვს ის, რისი გაკეთებაც არ უნდა და მისი უფლებაა, რომ არ გააკეთოს.
უგულებელყოფა – როცა მშობელს ან ბავშვზე მზრუნველ სხვა ადამიანს შეუძლია, მაგრამ არ ზრუნავს ბავშვზე და ამით საფრთხეს უქმნის მას. მაგალითად, არ უზრუნველყოფს საკვებით, ტანსაცმლით, ექიმის მომსახურებით და სხვ.
ფიზიკური დასჯა – სახლში, ბაღში, სკოლაში ან ნებისმიერ სხვა ადგილას, დისციპლინის, წესების დასაცავად, ფიზიკური შეხება, მაგალითად, წამორტყმა, ყურის აწევა, კუთხეში დაყენება ან ბავშვის სხვა ფორმით დასჯა.
სექსუალური ძალადობა/სექსუალური შევიწროება – როდესაც ვინმე მოტყუებით, მოთაფვლით, დაშინებით, ფიზიკური ძალის გამოყენებით ან მუქარით, ბავშვის მიმართ სექსუალურ მოქმედებას ჩადის. მაგალითად, სხეულზე ან/და ინტიმურ ადგილებზე შეხება ან სექსუალური შინაარსის კომენტარებით, ჟესტებით მიმართვა, ბავშვისთვის ინტიმური ფოტოების/ვიდეობის გაგზავნა ან ბავშვისგან ასეთი ფოტოების/ვიდეოების მოთხოვნა და სხვა ნებისმიერი სექსუალური მოქმედება, რაც აფრთხობს, აბნევს, აშინებს, არცხვენს ან თავს უხერხულად აგრძნობინებს ბავშვს.
სექსუალური ძალადობა და შევიწროება, ასევე, ნებისმიერი სხვა სახის ძალადობა, შესაძლოა, მოხდეს ქუჩაში, სკოლაში, ონლაინ, ან სხვა ნებისმიერ ადგილას.
ბავშვებს აქვთ უფლება დაადგინონ საზღვრები და უარი თქვან ყველაფერზე, რაც მათ დისკომფორტს უქმნით. მათი უფლებაა დაცული იყვნენ ნებისმიერი სახის ძალადობისგან, მათ შორის, სექსუალური ძალადობისგან.
თუ ოდესმე რაიმეს გამო ბავშვი იგრძნობს შიშს, დისკომფორტს, მნიშვნელოვანია, ესაუბროს სანდო ზრდასრულ ადამიანს, მაგალითად, მშობლებს, მასწავლებელს ან სხვა მზრუნველ პირს, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს ბავშვს. ისინი იმისათვის არიან, რომ მოუსმინონ და დაიცვან ბავშვის უსაფრთხოება.
თუ გაქვს კითხვები, ან დაგჭირდება დამატებითი ინფორმაცია, დახმარება, დარეკე ამ ნომრებზე:
- ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი – 111
- საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცხელი ხაზი
(პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარება, სახანძრო) – 112 - იურიდიული დახმარების სამსახური (ადვოკატი) – 1485
- სახალხო დამცველი – 1481
- მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურება –
08 08 00 00 00 88
როდესაც ზრდასრულებს პირად საკითხებზე ესაუბრები, მათ შენი თანხმობის გარეშე, არავის არ უნდა უთხრან შენი ნათქვამი, ამას კონფიდენციალურობა ქვია. მაგრამ, თუ შეიძლება, რომ შენ, სხვა ბავშვს ან უფროს ადამიანს რაღაც საფრთხე ემუქრებოდეს და დახმარება სჭირდებოდეს, ზრდასრულებმა მხოლოდ ამ შემთხვევაში და მხოლოდ იმ ადამიანებს უნდა გაუზიარონ შენი ნათქვამი, ვისი ვალდებულებაც ადამიანების დახმარებაა. შენ კი უნდა აგიხსნან, რატომ სჭირდებათ შენი ნაამბობის სხვისთვის გაზიარება.
ბავშვს აქვს უფლება, რომ დროულად და ხარისხიანად მიიღოს სამედიცინო მომსახურება, მათ შორის, მივიდეს ექიმთან, მიიღოს ექიმის რჩევები, ჩაუტარდეს გამოკვლევები, მიიღოს ექიმის დანიშნული მედიკამენტები და სხვა ყველაფერი, რაც სჭირდება ჯანმრთელობისთვის.
- ყველა ბავშვს აქვს უფლება, ჰქონდეს სუფთა წყალი და საკვები, იცხოვროს სუფთა და უსაფრთხო გარემოში.
- ბავშვს უფლება აქვს გადაწყვიტოს, სწამდეს რისიც უნდა და ეს გამოხატოს მისთვის სასურველი ფორმით.
- ბავშვს უფლება აქვს შეუერთდეს ჯგუფს ან შექმნას ჯგუფი იმისთვის, რათა მხარი დაუჭიროს მისთვის საინტერესო თემებს. მთავარია, ეს ისე გააკეთოს, რომ სხვები არ დააზიანოს.
- ყველა ბავშვს აქვს დასვენების და თამაშის უფლება.
- ბავშვს აქვს უფლება, ჰქონდეს ყოველდღიურად გამოსაყენებელი ნივთები, მოძრავი და უძრავი ქონება. თუ შენი მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი გადაწყვეტს, შენი უძრავი ქონება ან 1000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ქონება გაყიდოს, გააქირაოს, გადაცვალოს ან სხვანაირად გამოიყენოს, ამისთვის აუცილებელია სასამართლოს თანხმობა, ხოლო მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებამდე, შენს აზრს მოისმენს, ეთანხმები თუ არა ამ ქონების ამ ფორმით გამოყენებას.
- როცა ბავშვი რაიმეს დაწერს, დახატავს ან გამოიგონებს, ეს მისი ინტელექტუალური საკუთრებაა. არავის შეუძლია მისი ნახატი ან გამოგონება თანხმობის გარეშე გამოიყენოს.
- არ შეიძლება ვინმემ ბავშვს მისცეს ან გამოაყენებინოს ისეთი ნივთიერებები, რომლებსაც მისთვის ზიანის მიყენება შეუძლია, მაგალითად: ალკოჰოლი, თამბაქო და სხვა მავნე ნივთიერებები
– „როცა ბავშვს სხვადასხვა მიზეზების გამო არ ჰყავს მშობლები, მას სახელმწიფო უნიშნავს ზრდასრულ მზრუნველ პირს. ეს ადამიანი შეიძლება იყოს ოჯახის ნათესავი, სრულწლოვანი და ან ძმა, ბებია, ბაბუა ან სოციალური მუშაკი“.
– თუ ვინმე უნებართვოდ გამოიყენებს ბავშვის ნახატს ან გამოგონებას, ბავშვს შეუძლია, დაურეკოს, მაგალითად: ადვოკატს, იმისათვის, რათა ადვოკატი დაეხ – მაროს – იურიდიული დახმარების სამსახური – 1485 საქართველოში „გამოგონების დამცველს“ – ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – 032 2 25 25 33.
იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს მიაჩნია, რომ მისი რომელიმე უფლება დაირღვა, შეუძლია, დამოუკიდებლად, ზრდასრულების თანხმობის გარეშე მიმართოს სასამართლოს.
სასამართლო არის ადგილი, სადაც ადამიანები მიდიან, წერენ და შემდეგ ყვებიან თავიანთი უფლებების დარღვევის შესახებ და ითხოვენ ამ უფლებების დაცვას.
სასამართლოში ინიშნება პროცესები, სადაც საუბრობენ, განიხილავენ ადამიანების პრობლემებს, ანუ „საქმეებს“. როცა ეს საქმე ბავშვს ეხება, საქმის განხილვა ბავშვისთვის გასაგები ენით უნდა მოხდეს, ისე, რომ ბავშვმა მარტივად გაიგოს, რის შესახებ საუბრობენ ზრდასრულები. ხოლო მოსამართლემ საქმე დროულად და სამართლიანად უნდა განიხილოს, ბავშვის აზრი უნდა მოისმინოს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. ბავშვს უფლება აქვს, არ დაეთანხმოს მოსამართლის გადაწყვეტილებას და გასააჩივროს ის.
იხილეთ პუბლიკაცია თანდართული ილუსტრაციებით
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- როდესაც მოსწავლე სასწავლო წიგნებს სახლში ტოვებს – მიზეზები და რეკომენდაციები პრობლემის მოგვარებისთვის by განათლებული ბლოგი
- დიმიტრი უზნაძე მოქალაქის აღზრდაზე – „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ამოცანები“ by განათლებული ბლოგი