განათლების მინისტრი სკოლებში ძალადობის ფაქტების შესახებ ომბუდსმენის ანგარიშს ეხმაურება
„ბულინგი არის მთელ მსოფლიოში ძალიან სერიოზული პრობლემა და მათ შორის საქართველოში“, – ეს განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა EDU.ARIS.GE -სთან სახალხო დამცველის მიერ სკოლებში ძალადობის ფაქტების შესახებ გამოქვეყნებული საგანგაშო ანგარიშის შესახებ საუბრისას გააკეთა.
მინისტრი, სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა და თქვა, რომ სკოლებში ბულინგი დღითიდღე მარცხდება, რადგან ამ მიმართულებით მუშაობს მანდატურის სამსახური და სკოლის ადმინისტრაცია. ჯეჯელავას თქმით, სახალხო დამცველის ამოცანაა ჩვენი ყურადღება მიიქციოს.
„ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრი რამე გავაკეთეთ. სკოლებში ყოველდღიურად გვაქვს გაუმჯობესება მდგომარეობის, თუმცა სახალხო დამცველის ამოცანა, რა თქმა უნდა, არის ის, რომ მიაქციოს ჩვენი ყურადღება პრობლემისკენ“, – აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში გუშინ წარმოადგინა და მდგომარეობა საგანგაშოდ შეაფასა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ხშირია ბავშვის მიმართ როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები უფროსებისა და თანატოლების მხრიდან.
ანგარიშის თანახმად, როგორც სკოლის მასწავლებლები ისე მოსწავლეები ძალადობად არ აღიქვამენ ისეთ აშკარა ძალადობის ფაქტებს, როგორიც არის ცემა, თავში წამორტყმა, ხელის კვრა, ყურის აწევა, თმის მოქაჩვა და სხვა. ასე ფიქრობს, მასწავლებელთა დაახლოებით 14% და მოსწავლეთა 40% და მეტი.
ძალადობის სხვადასხვა ფორმებიდან ცალსახად გამოკვეთილია ყვირილი, რომელსაც ყველაზე მეტი მოსწავლე ასახელებს, როგორც უფროსების მხრიდან გამოყენებულ მიმართვის ფორმას. მასწავლებელთა 25 % კი ამას ძალადობად არ მიიჩნევს.
სკოლის თანამშრომლების და განსაკუთრებით მოსწავლეების მნიშვნელოვან ნაწილს ძალადობად არ მიაჩნია დასჯის მიზნით, გაკვეთილის მანძილზე მოსწავლის ფეხზე დაყენება (მოსწავლეების 51%; სკოლის თანამშრომლების 21%); სკოლის თანამშრომლების მიერ მოსწავლის (მოსწავლეების) დაბარება შინამეურნეობაში დასახმარებლად (მოსწავლე (31.9%); სკოლის თანამშრომელი (11.4%)”, – ვკითხულობთ უჩა ნანუაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ბავშვის უფლებების ცენტრმა, 2016–2017 სასწავლო წლის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით, 109 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, მათგან 98 საჯარო სკოლა, 5 კერძო და 6 სკოლა–პანსიონი შეამოწმა.
მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის მიზეზით რამდენიმე მასწავლებელი სკოლიდან გათავისუფლდა
როდის უნდა მიმართონ მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიურ ცენტრს მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და მშობლებმა
“ძალადობის საკითხებზე სკოლების მონიტორინგის შედეგები საგანგაშოა” – უჩა ნანუაშვილი
მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა – გორი
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება
- დაიწყო რეგისტრაცია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით – ინსტრუქცია და ვადები by ARIS.GE-განათლება