როდის უნდა მიმართონ მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიურ ცენტრს მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და მშობლებმა
ფსიქოლოგის დახმარებით ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი მოსწავლე სარგებლობს. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრიდან მოწოდებული სტატისტიკით ირკვევა, რომ ბოლო 5 წელიწადში თერაპიული კურსი სულ 4 685 მოზარდს ჩაუტარდა.
ცენტრების გახსნა 2013 წელს დაიწყო და დაარსებიდან დღემდე ოთხჯერ გაიზარდა იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებმაც ცენტრს დასახმარებლად საკუთარი სურვილით, ან სკოლიდან გადამისამართების საფუძველზე მიმართეს.
პირველ წელს მისით 482-მა მოსწავლემ ისარგებლა. აქედან 294 ცენტრში საკუთარი ინიციატივით მივიდა, 188 კი სკოლიდან იქნა გადაგზავნილი. 2014 წელს მოსარგებლეთა რაოდენობა შემცირდა და – 462 შეადგინა ( 297 საკუთარი სურვილით მისული, 165-რეფერირებული). 2015 წელს კი ერთბაშად სამჯერ გაიზარდა იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებმაც ფსიქოლოგიური დახმარება მიიღეს – 1 232 (1 130 თვითდინებით მისული, 102 სკოლიდან რეფერირებული). 2016 წელს მოსარგებლეთა რაოდენობამ 1 593 შეადგინა ( თვითდინება-1 209, რეფერირებული-384). რაც შეეხება წლევანდელ მონაცემებს, 25 მაისის მდგომარეობით, ცენტრს უკვე 916-მა მოსწავლემ მიმართა (696 თვითდინებით მისული, 220 რეფერირებული ).
როგორც მონაცემებიდან ირკვევა, ფსიქოლოგებს საკუთარი ინიციატივით ბევრად მეტი მოსწავლე მიმართავს და გაცილებით ნაკლებია ისეთების რიცხვი, ვინც ცენტრში სკოლიდან გადაამისამართეს.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ლევან ზარდალიშვილი EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში პირველკლასელების მშობლებს განუმარტავს თუ რას მოიცავს ცენტრის საქმიანობა და რა შემთხვევაში შეუძლიათ მისით სარგებლობა.
–ლევან ზარდალიშვილი: პირველი ცენტრი თბილისში გაიხსნა. ახლა სულ შვიდი ცენტრი გვაქვს. ისინი სკოლის ასაკის ბავშვებს (6-დან 18 წლამდე) ემსახურება. ასევე მათ მშობლებს, პედაგოგებსა და მანდატურებს. ძირითადად ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებს ვემსახურებით.
–უფრო კონკრეტულად რას გულისხმობს მომსახურება?
–ლ.ზ: ამაში ძალიან ფართო ასპექტი შედის – დეპრესია, ამა თუ იმ სახის აკვიატებები, შიშები, ფობიები, ქცევის პრობლემები, აგრესია, ზედმეტი მოუსვენრობა და ა.შ. ეს ცენტრები ამ კუთხთ, ამ მიმართულებითაა სპეციალიზირებული.
–ბულინგის შემთხვევების დროსაც ეხმარებით მოზარდებს?
–ლ.ზ: ჩვენს პროფილში ნებისმიერი სახის ძალადობა შედის. ვმუშაობთ როგორც ძალადობის მსხვერპლთან, ისე მოძალადესთან.
–რა გამოავლინა პრაქტიკამ – არის თუ არა ემოციური პრობლემები განსაკუთრებით ხშირი და მწვავე რომელიმე ასაკში? ცენტრების მომსახურებით პირველკლასელები რამდენად სარგებლობენ?
–ლ.ზ: ყველა ასაკში სარგებლობენ. თუმცა, უმეტესწილად ბავშვებს პრობლემები გარდამავალ ასაკში უჩნდებათ – 11-დან 16 წლამდე. ძირითადად სწორედ ამ ასაკში მოგვმართავენ.
–მშობლები რამდენად ხშირად მიმართავენ ცენტრებს?
–ლ.ზ: სამწუხაროდ, მშობლების მომართვიანობა ხშირი არაა. რა თქმა უნდა, მშობელთა ჯგუფებიც არსებობს, მაგრამ თავისით ნაკლებად მოდიან და ნაკლებად ესწრებიან ამა თუ იმ სახის ტრენინგებს, რომელთაც ხშირად ვატარებთ და რომლებიც ასევე უფასოა.
ახლა ჩვენ ძალიან დიდი პროექტი დავიწყეთ, რომელსაც ქვია ძალადობრივი და დესტრუქციული ქცევის ამოცნობისა და პრევენციის პროგრამა. იგი 10 -15 სკოლაში უკვე ჩატარდა და ყველა სკოლაში იგეგმება. ამაში მონაწილეობენ პედაგოგები, ბავშვები და მათი მშობლებიც, თუ, რა თქმა უნდა, მოვახერხებთ მათ ჩართვას. ეს პროგრამა ემსახურება იმ საგანგაშო ნიშნების ამოცნობას, რომლებიც პედაგოგს დაანახებენ რომ ბავშვი არის მაგალითად ამა თუ იმ სახის დამოკიდებულების გაჩენის რისკის ქვეშ. ანახებს ძალადობის ნიშნებს. სულ ერთია ეს ოჯახური ძალადობა იქნება თუ რაიმე სხვა, ბულინგის ჩათვლით. ეცოდინება რა და როგორ გააკეთოს.
გარდა ამისა, ეს გულისხმობს იმ ტიპის პრევენციულ ღონისძიებებს, როგორიცაა მაგალითად ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვა. ოღონდ აქ მხოლოდ სპორტი და სწორი კვება არ იგულისხმება. ეს პროექტი ჩვენმა ცენტრმა და ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაიწყო. პირველი შედეგები ძალიან კარგია და იმედი მაქვს, წარმატებით გაგრძელდება.
–რამდენად ხშირია შემთხვევები, როცა მშობლები უარს ამბობენ მათ ან მათმა შვილმა ფსიქოლოგიური დახმარება მიიღონ?
–ლ.ზ: საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევები უფრო მეტი იყო და ახლა ნაკლებია. ფსიქოლოგიური მომსახურება სრულიად ნებაყოფლობითია. პირველ რიგში ბავშვი უნდა იყოს თანახმა და, რა თქმა უნდა, მშობელიც. დღესაც არიან მშობლები, რომლებმაც იციან, რომ მათ შვილებს პრობლემები აქვთ. ეს პრობლემები სკოლაში გამოვლინდა, სკოლამ მშობელს მიმართა რომ ბავშვი გადაემისამართებინათ, მაგრამ მშობელი უარზეა. ამ დროს, სამწუხაროდ, ვერაფერს ვაკეთებთ. თუმცა, თუ რაიმე საშიშროებაა, მაგალითად, ბავშვი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, ან რამე მის ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, ამას უკვე სოციალურ სამსახურს ვატყობინებთ. საჭიროების შემთხვევაში პოლიციასაც.
–როგორია პროცედურა, ვისი მოვალეობაა ბავშვში პრობლემის აღმოჩენა?
–ლ.ზ: ეს ყველას მოვალეობაში შედის. უბრალოდ, მანდატურები მომზადებული და დატრენინგებული გვყავს, რათა ესა თუ ის საგანგაშო სიმპტომი შეამჩნიონ. თუმცა, სწორი არ არის, რომ მხოლოდ მანდატურმა აღმოაჩინოს. არსებობს რეფერირების წესი, რომელიც სამი მინისტრის ბრძანებითაა განსაზღვრული. მისი მიხედვით, რეფერირებაზე პასუხისმგებელი სკოლაში მინიმუმ ერთი პირი უნდა იყოს. იქ, სადაც მანდატურია, ან ფუნქციას მანდატური ითავსებს. იქ, სადაც მანდატური არაა, ბავშვის გადამისამართებაზე პასუხისმგებელი ან თვით დირექტორია, ან მის მიერ დანიშნული პირი. უმეტესწილად ეს დირექტორის მოადგილე გახლავთ.
–თქვით, რომ ცენტრი შვიდ ქალაქში ფუნქციონირებს. რომელია ეს ქალაქები?
–ლ.ზ: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, რუსთავი, გორი და ფოთი.
–რამდენი ფსიქოლოგია თითოეულ ცენტრში?
–ლ.ზ: თბილისის ცენტრში ყველაზე მეტია. თბილისის ცენტრს მთლიანად 23 ადამიანი ემსახურება, ქუთაისისას – 6, ფოთში ორი ადამიანია, რუსთავში – 4, თელავში – 4 და გორშიც 4.
–ეს რაოდენობა საკმარისია?
–ლ.ზ: ვერ ვიტყოდი. მოთხოვნა იზრდება და აქედან გამომდინარე, რაოდენობის გაზრდაც საჭიროა, მაგრამ ეს ბევრ პრობლემასთანაა დაკავშირებული. აქ ძალიან მაღალკვალიფიცირებული პერსონალია საჭირო. თანაც, აუცილებლად ამ მიმართულებით გამოცდილების მქონე. თანაც, ყველაფერი ფინანსებთანაა კავშირში და იმედი მაქვს, რომ ნელ-ნელა ეს ყველაფერი გადაწყდება. ჯერჯერობით, მეტი ადამიანის დასაქმების საშუალება არ გვაქვს.
–აყვანის შემდეგ მათ გადამზადებაზე ზრუნავთ?
–ლ.ზ: დიახ. ის, ვისაც ავიყვანთ, უნდა იყოს ფსიქოლოგი, რომელსაც გავლილი აქვს სტაჟირება, ან აქვს კლინიკური ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპევტის დიპლომი. აუცილებლად ნამუშევარი უნდა იყოს რომელიმე ცენტრში, სადაც პრაქტიკული გამოცდილება აქვს მიღებული გამოცდილი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ. მინიმუმ 2 წელი უნდა იყოს ნამუშევარი. რა თქმა უნდა, ჩვენ მათ ტრენინგებს ვუტარებთ, ვამზადებთ, მაგრამ თუ საფუძველი არ ჰქონდათ, ტრენინგს არანაირი აზრი არ ექნება. ამიტომაც ვიღებთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც მცოდნეები და გამოცდილების მქონეები არიან.
–რა ხდება მას შემდეგ, რაც ბავშვი ცენტრში მივა? კურსი ინდივიდუალურად უტარდება თუ ჯგუფურია?
–ლ.ზ: ინდივიდუალურიცაა და ჯგუფურიც. ბავშვის საჭიროებას გააჩნია. ხშირად ბავშვი ინდივიდუალურად იწყებს და შემდეგ თერაპევტის გადაწყვეტილებით ჯგუფში გადადის. ზოგ ბავშვს კი პირდაპირ ჯგუფური თერაპია სჭირდება.
–რამდენად ხშირია შემთხვევა, როცა კურსის დასრულდების შემდეგ ბავშვი ისევ ხვდება ცენტრში?
–ლ.ზ: არის ხოლმე შემთხვევები, როცა ბავშვი, მისი ქცევა შეიცვლება უკეთესობისაკენ. მშობელი გადაწყვეტს, რომ მეტი აღარაა საჭირო და ბავშვი დროზე ადრე მიჰყავს. ასეთ შემთხვევაში, გარკვეული დროის შემდეგ ისევ უკან მოჰყავთ. ასევე, არის შემთხვევები, როცა ბავშვს 1-2 წელი არანაირი ქცევითი პრობლემა არ აქვს, მაგრამ დაეწყება გარდატეხის ასაკი და ისევ ჩვენთან ხვდება.
–ფსიქოლოგების გარდა რისი სპეციალისტები მუშაობენ ცენტრებში?
–ლ.ზ: გვყავს ორი ლიცენზირებული ბავშვთა ფსიქიატრი და ისევე სოციალური მუშაკები.
–ცენტრის მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეუძლიათ, თუ კერძო სკოლებისასაც?
–ლ.ზ: არ აქვს მნიშვნელობა. მაგ ასაკის ყველა ბავშვს შეუძლია მოვიდეს. მომსახურება ყველასთვის უფასოა.
–პედაგოგები რამდენად ხშირად სარგებლობენ ფსიქოლოგების დახმარებით და ძირითადად რა მიზეზით მოდიან ცენტრში?
–ლ.ზ: პედაგოგები ძირითადად მაშინ მოგვმართავენ, როდესაც ფსიქოლოგების დახმარება რომელიმე ბავშვის ქცევასთან დაკავშირებით სჭირდებათ. იღებენ რჩევებს, თუ როგორ მოიქცნენ ამა თუ იმ სიტუაციაში. თავად მათ რომ უნდოდეთ დახმარება, ასეთი შემთხვევა ჯერ-ჯერობით არ გვქონია.
მოძალადის და მსხვერპლის პორტრეტები ქართულ სკოლაში
როგორ უნდა ამოიცნოს მასწავლებელმა ბულინგის მსხვერპლი
მოამზადა თაკო მათეშვილმა
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება
- „სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია by ARIS.GE-განათლება
- დაიწყო რეგისტრაცია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით – ინსტრუქცია და ვადები by ARIS.GE-განათლება