განათლების მინისტრმა ე.წ. უფასო ფაკულტეტების კუთხით დაგეგმილ სიახლეებზე განმარტება გააკეთა
როგორ გამოარჩევს სახელმწიფო, დღეს არსებული არამოთხოვნადი პროფესიებიდან, რომელია ის პროფესიები, რომელსაც სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს? – ამ კითხვას უპასუხა საქართველოს განათლებისადა მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხის” პირდაპირ ეთერში საუბრისას და კომენტარი გააკეთა სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, სადაც როგორც გაირკვა სიახლეებია მოსალოდნელი.
მინისტრი ამბობს, რომ ჰუმანიტარული მიმართულებები, ეს არის ის მიმართულებები, სადაც შესაძლოა, დასაქმების დიდი მოთხოვნა არ იყოს, მაგრამ ეს არის აუცილებელი, განსაკუთრებით საქართველოში.
“ჩვენ გვაქვს ე.წ. პრიორიტეტული პროგრამების ჩამონათვალი, სადაც სახელმწიფო სრულად აფინანსებს ამ მიმართულებებს და მათ შორის არის ის, რომელიც ჩამოთვალეთ [ჰუმანიტარული]. მართალია, ეს პროგრამა გადახედვას საჭიროებს და სხვადასხვა პრიორიტეტების ცვლილებას, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ და სექტემბრიდანვე უკვე სიახლეები გვექნება ამ კუთხით, მაგრამ ის ფუნდამენტური მიმართულებები – ქართველოლოგიური, ჰუმანიტარული, ფილოსოფია… ბუნებრივია, აქ დასაქმების მაჩვენებელი არ და ვერ იქნება მაღალი, მაგრამ არც არავის თავში არ მოუვა, რომ ამ დარგებს ხელი არ შევუწყოთ და ეს გაგრძელდება”, – განმარტა გიორგი ამილახვარმა 6 ივნისს.
ამ კონტექსტში განათლების მინისტრმა უმაღლესი დაფინანსების მოდელის ცვლილებაზე ისაუბრა და პირდაპირ თქვა, რომ მრავალი წელია მუშაობა დაწყებულია, თუმცა დონორებთან ერთად მოდელის შემუშავებას კიდევ ერთი-ორი წელი მაინც დასჭირდება, რადგან “ეს არ არის მარტივი.”
“ჩვენ გვინდა, ერთის მხრივ ე.წ. საბაზო დაფინანსება განვუსაზღვროთ უნივერსიტეტებს, რომელიც აუცილებელია მათი სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად და ისინი არ იყვნენ დამოკიდებული მხოლოდ სტუდენტების რაოდენობასა და მათგან მიღებულ გადასახადებზე. ეს ჩვენ გადაგვიყვანს უმაღლეს განათლებაში რაოდენობრივი მაჩვენებლიდან ხარისხზე”, – თქვა გიორგი ამილახვარმა და დაამატა, რომ ერთ წლის ვადაში გვექნება მოდელი, რომლის პილოტირებასაც დაიწყებენ.
მისი თქმით, სწორედ ზემოთქმული იწვევს პრიორიტეტების გადახედვასაც და სახელმწიფო ზემოთ ნახსენებ მიმართულებებთან ერთად, დააფინანსებს იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომელიც ფეხს უწყობს ეკონომიკას.
ასევე იხილეთ:
- ხელფასი 10 000, 9 000 და 8 000 ლარი – განათლების სამინისტროს ქვეუწყებისთვის გამონაკლისი წესი დადგინდა – დეტალები by ARIS.GE-განათლება
- აშენდება თუ არა 179-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა? – რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს by ARIS.GE-განათლება
- დადგინდა რამდენი ლარით დაფინანსდება 2025-2026 სასწავლო წელს მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა სწავლა by ARIS.GE-განათლება