GE

„განათლების რეფორმა მხოლოდ თანხებში არ აისახება, სხვაც ბევრი პრიორიტეტული საკითხია გადასაწყვეტი“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილე

„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ბიუჯეტი მომავალი 2019 წლისთვის დაახლოებით 150 მლნ ლარით იზრდება, თუმცა ეს არ არის სრულყოფილი, რაც უნდა იყოს,“- განუცხადა EDU.ARIS.GE-ს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო სხდომის დაწყებამდე, სადაც „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტს და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2019-2022 წლებისთვის“ დოკუმენტის საბოლოო ვარიანტს განიხილავდნენ.

გიორგი კაკაურიძის განმარტებით, როგორც ფინანსთა, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, დონორ ორგანიზაციებთან ერთად, მუშაობს ერთობლივ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც თანხები გაწერილი იქნება 5-წლიან პერიოდზე.

„დაახლოებით 150 მლნ ლარით უკვე გაზრდილია ბიუჯეტი, თუმცა, ეს არ არის სრულყოფილი თანხა, რაც უნდა იყოს. საკითხზე ვმუშაობთ ჩვენ და განათლების სამინისტრო აზიის ბანკთან და სხვა დონორ ორგანიზაციებთან ერთად და ერთობლივად შევიმუშავებთ დოკუმენტს, რომელსაც უნდა მივყვეთ, სადაც თანხები 5-წლიან პერიოდზე იქნება გაწერილი“, -აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

კითხვაზე, როდის იქნება მზად აღნიშნული დოკუმენტი, კაკაურიძე განმარტავს, რომ განათლების სფერო ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება და მისი სრულყოფილი რეფორმა მხოლოდ თანხებში არ აისახება.

„განათლების რეფორმა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და თანხები, რაც ამ სფეროსთვისაა გათვალისწინებული, ნაწილობრივ უკვე დევს დოკუმენტში, მაგრამ რეფორმა, მოგეხსენებათ, მხოლოდ თანხებში არ აისახება, სხვა ბევრი პრიორიტეტული საკითხია გადასაწყვეტი“, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

მოამზადა ნონა ქარქაშაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური