GE

განათლების სამინისტრო: სწავლის პროცესი საკლასო ოთახებში დღეს 369 საჯარო და კერძო სკოლაში განახლდა

დღეიდან, 15 თებერვლიდან, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის 369 საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდა, სადაც როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, მოსწავლეებისთვის უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოა უზრუნველყოფილი.

განათლების სამინისტროს არ გაუვრცელებია ინფორმაცია ქალაქების მიხედვით რამდენმა მოსწავლებ აირჩია სწავლა დისტანციურად და ჯერ უცნობია იმ სკოლების რაოდენობაც, სადაც კორონავირუსის ან სხვა მიზეზით სასწავლო პროცესი ამ ეტაპზე ვერ განახლდა.

“ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებისა და ინვენტარის მარაგით, სკოლებში მოწესრიგებული და გამართულია სველი წერტილები, ზედმიწევნით არის დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და სამინისტროს რეკომენდაციები. ამ მიმართულებით საგანმანათლებლო რესურსცენტრები სკოლებში სისტემატურ მონიტორინგს ახორციელებენ და ადგილზე ეცნობიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას.

სამინისტროს მიერ განახლებული რეკომენდაციებით, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და სკოლაში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ, უზრუნველყოფილია ყველა სკოლა, რომელთაც, თავის მხრივ, მოსწავლეთა მშობლების ინფორმირება უზრუნველყვეს.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, V-XII კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის ტერიტორიაზე აუცილებელია პირბადეების ტარება. პირბადეების მოხმარებასთან დაკავშირებით განსხვავებული რეკომენდაციაა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. კერძოდ, სსსმ მოსწავლეს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია პირბადის ტარება, ეძლევა შესაძლებლობა, სკოლის ტერიტორიაზე პირბადის გარეშე გადაადგილდეს.

რაც შეეხება, სკოლის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემურ ტესტირებას, ორი კვირის განმავლობაში საჯარო და კერძო სკოლებში ის 46 300 მასწავლებელსა და ადმინისტრაციის თანამშრომელს ჩაუტარდა. ქვეყნის მასშტაბით, 2 კვირის მონაცემებით, Covid-19 მასწავლებელთა და სკოლის თანამშრომელთა 0,5%-ს დაუდასტურდა.
მშობლებისთვისა და მასწავლებლებისთვის შეთავაზებულია დამატებითი შესაძლებლობაც. კერძოდ, თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობა აქვთ, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ოთხშაბათს. ბოლო მონაცემებით, დისტანციური სწავლების სურვილი საქართველოს მასშტაბით მოსწავლეთა 12%-მა გამოხატა. მნიშვნელოვანია, რომ ამავე შესაძლებლობით სარგებლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ასეთ დროს სკოლა მიმართავს ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, კონკრეტული კლასი გადავიდეს დისტანციურ რეჟიმში თუ მთლიანად სკოლა”, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

სანამ სკოლაში წავა, მოსწავლე უნდა ვავარჯიშოთ ამ წესების დაცვაში – პედიატრის მიმართვა მშობლებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური