GE

განათლების სამინისტრო წელს „ტელესკოლისთვის“ 800 000 ლარის დამატებას ითხოვს, მომდევნო სამი წლის ბიუჯეტი კი 4 მლნ ლარამდე განსაზღვრა

საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს განათლების სამინისტროს და მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს. კანონში ცვლილების მიზეზი “პირველი არხი განათლება” და პროექტი „ტელესკოლა“ გახდა.

კერძოდ, კანონში არსებული აკრძალვა საგანმანათლებლო და კულტურული გადაცემების ერთობლივად მომზადების შესაძლებლობას არ იძლევა, რამდენადაც დაუშვებელია ასეთი ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა. ამიტომ, განათლების სამინისტრო გამოდის ინიციატივით, დათქმაში ჩაიწეროს, რომ შესაძლებელი იყოს მხოლოდ საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების განხორციელების პროგრამების დაფინანსება.

განათლებისა და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე კომიტეტის წევრებმა თავიანთი შენიშვნები გამოთქვეს. საფინანსო კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე არ იწონებს სამინისტროს სურვილს, რომ “ტელესკოლისთვის” სამინისტროსგან საჭირო მომდევნო სამი წლის ბიუჯეტი 3.8 მლნ ლარი, წინასწარ უზრუნველყოფილი იყოს ახლა მოთხოვნილ 800 ათას ლართან ერთად, რომლითაც ტელესკოლა ზაფხულშიც იფუნქციონირებს. კოვზანაძემ განმარტა, რომ “საუბარია ბიუჯეტის ცვლილებაზე, სამინისტროს ეს უნდა ესმოდეს და შესაბამისად, ახლა მოთხოვნილ 800 ათას ლარს ისინი მიიღებენ ამ წელს, თუმცა მომავალი წლის დაფინანსების უზრუნველყოფა წინასწარ არ მოხდება და ამაზე მომავალ წელს სამინისტროს ბიუჯეტის განსაზღვრისას ისაუბრებენ”.

“ბიუჯეტიდან საჭიროა დაახლოებით 800 ათასი ლარი მიმდინარე წლის არსებულ და დარჩენილ პერიოდზე”, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კოვზანაძემ ისიც შეახსენა მინისტრის მოადგილეს, რომ ანტიკრიზისული ბიუჯეტით მათი სახსრების შემცირება ისედაც იგეგმება.

კონკრეტულად მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებას რაც შეეხება, ინიცირებული კანონპროექტით „მაუწყებლობის შესახებ კანონის“ იმ ნორმაში, რომელიც კრძალავს ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსებას, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვას და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ანდა ეთერში გადაცემის პირდაპირ ან ირიბ დაფინანსებას ან თანადაფინანსებას, ემატება დამატებითი გამონაკლისი და ეს აკრძალვა არ გავრცელდება საგანმანათლებლო და კულტურული ხასიათის პროგრამებზე.

„აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება, გარდა საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამებისა, ასევე ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა“, – ვკითხულობთ პროექტში.

განათლების კომიტეტის წევრმა გია ჟორჟოლიანმა შენიშვნა გამოთქვა იმის შესახებ, რომ კანონპროექტში ნახსენები სუბიექტები, ვისაც ასევე შეეძლებათ მომზადებული საგანმანათლებლო ან კულტურული პროგრამები განათავსონ საფასურის გადახდის საფუძველზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით, არ შეიძლება იყვნენ პოლიტიკური პარტიები ან თუნდაც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები, ვინაიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების თანხებით ფინანსდება და იქ ჩარევა არ შეიძლება და გამორიცხულია ირიბი პოლიტიკური ხაზის გატარება.

განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის თქმით კი, იმის გამო, რომ კანონმდებლობა არ იძლევა შესაძლებლობას, განათლების სამინისტრომ მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტების შესყიდვა ვერ შეძლო.

„საქართველოში მცხოვრებ ყველა ბავშვს არა აქვს წვდომა ინტერნეტზე და გამომდინარე აქედან, ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, ჩვენ დავიწყეთ „ტელესკოლა“. იმის გამო, რომ დღეს კანონმდებლობა არ გავძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენ, განათლების სამინისტრომ, გარკვეული ინვესტიცია გავაკეთოთ საგანმანათლებლო და კულტურულ პროგრამებში, ხელი შეგვიშალა მნიშვნელოვანი საგანამანთლებლო პროექტების შესყიდვაში საეთერო ბადეში გასვლის მიზნით“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ საპარლამენტო კომიტეტზე გამოსვლისას.

ვინაიდან მინისტრის მოადგილის პასუხები არ ეხმიანებოდა გამოთქმულ შენიშვნებს, გადაწყდა, რომ საკანონმდებლო ცვლილებას განათლების სამინისტრო კიდევ ერთხელ გაივლის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, იქამდე კი, კანონს ამ შენიშვნების გათვალისწინების დათქმებით დაუჭირეს მხარი.

რაც შეეხება პროექტის ხარჯვით ნაწილს, განათლების სამინისტროს პოზიციაა, რომ ზემოხსენებული პროგრამისთვის საშუალოვადიან 2021-2023 წლებში საორიენტაციო ხარჯი იქნება 3.8 მლნ. ლარი. 2020 წლისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტიდან საჭიროა დაახლოებით 800.0 ათასი ლარი (სემესტრულად განხილვის შემთხვევაში) მიმდინარე წლის არსებულ და დარჩენილ პერიოდზე.

„რაც შეეხება დაფინანების საკითხს, თუ რა ნაწილზე გვაქვს განათლების სამინისტროს აღებული პასუხისმგებლობა – ეს არის ხელფასებზე, ფსიქოლოგებზე, ექსპერტებზე, რომლებიც მუშაობენ აი ამ „ტელესკოლის“ ფარგლებში. მუშაობა გაგრძელდება ზაფხულის პერიოდშიც. იმის გამო, რომ ის თანხა, რაც ახლა დაიხარჯა არ იქნება საკმარისი ზაფხულში და ასევე შემოდგომიდან, თუ ჩვენ ისევ დავიწყებთ გაკვეთილების ჩაწერას, თუ ეს პროცესი თავიდან დაიწყება და მასშტაბური იქნება“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

კანონპორექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ „ტელესკოლის“ ბიუჯეტი შეადგენს 404.2 ათას ლარს (აღნიშნული პროგრამის მიხედვით, ქვეპროგრამის განხორციელების ვადებია 2020 წლის 30 მარტი – 30 ივნისი, შესაბამისად დაახლოებით გულისხმობს 3 თვეს). საიდანაც მასწავლებლების ხელფასებისთვის გათვალისწინებულია 254,155 ლარი, ხოლო ტელეგაკვეთილების და საინფორმაციო ტიხრების გადაღებისთვის 150,000 ლარი.

მიმდინარე პერიოდში სამთვიანი ხელშეკრულებებით დასაქმებული იყო 65 პირი (კოორდინატორი, ფსიქოლოგი, ჯგუფის ხელმძღვანელი, სურდოპედაგოგი, ექსპერტები). ასევე 53 მასწავლებელი 440 გაკვეთილის ჩასატარებლად. საგულისხმოა, რომ ტელეწამყვანის (მასწავლებლის), არაქართულენოვანი (სომხური და აზერბაიჯანული) სკოლების ტელეწამყვანი მასწავლებლისა, რუსულენოვანი ტელეწამყვანისა და ცეკვის მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვრება ჩატარებული ერთეული სატელევიზიო გაკვეთილის შესაბამისად. სატელევიზიო გაკვეთილის ხანგრძლივობა შეადგენს სულ მცირე 15 წუთს, ხოლო ანაზღაურება 125.0 ლარს.

ამავე თემაზე:

„ტელესკოლა“ მოზარდებს ინტერნეტსივრცის რისკებზე ინფორმაციას არ აწვდის – ომბუდსმენის რეკომენდაცია სამინისტროს

„ტელესკოლა“ – ვინ და როდის გაზომავს ხარჯსა და სარგებელს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური