GE

განათლების სამინისტრომ სასკოლო წიგნების გამომცემლებთან მიღწეული შეთანხმების დეტალები გაასაჯაროვა

განათლების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიას განცხადებით, სამინისტრომ გაითვალისწინა იმ მოთხოვნების ჩამონათვალი, რომელიც გამომცემლების ნაწილთან მუშაობის შედეგად ჩამოყალიბდა და საბოლოოდ ის სატენდერო პირობებში აისახება. საუბარია 6 პუნქტზე.

„1. შემუშავდა გრიფირების ახალი ფორმატი, რომელიც გამომცემლებისთვის აპელაციის ახალ ინსტრუმენტს მოიცავს. კერძოდ, როდესაც გამომცემლები არ დაეთანხმებიან სამინისტროს შეფასებას სახელმძღვანელოს შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით, გრიფირების მინიჭების ბრძანებამდე მათ შეუძლიათ გაასაჩივრონ ეს შეფასება სააპელაციო დეპარტამენტში, რომელიც სამინისტროშივე ფუნქციონირებს.

2. შემუშავდა საავტორო უფლებების დაცვის უპრეცედენტო მოდელი. სტამბებს რომ ეძლეოდათ საშუალება, დაებეჭდათ ყალბი წიგნები, ეს აღარ მოხდება და თითოეულ წიგნს ჰოლოგრამა დაეკვრება, რაც გაყალბებას შეუძლებელს გახდის.

3. შინაარსობრივი გრიფირების საფასური გაუქმდა, რომელიც ხშირად 1000 ლარს აღემატებოდა. ახლა უკვე გამომცემლებს გრიფირებაზე წარსადგენად ერთჯერადი 100 ლარის გადახდა მოუწევთ.

4. შემუშავდა ტენდერის გამარტივებული მოდელი.

5. გაუქმდა წინა გრიფირების ფარგლებში არსებული ჯარიმები, რომელიც 50 000 ლარს შეადგენდა, ახლა კი ეს გამოვლენილი ზარალის ოდენობა იქნება.

6. აღმოფხვრილია უცხოენოვან სახელმძღვანელოებზე რიგი გამომცემლების მონოპოლია. რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველ გამომცემლებს შეუძლიათ უცხოენოვანი სახელმძღვანელოების მომზადება, თუკი ეს სახელმძღვანელო გრიფირებას გაივლის. თუმცა იმისთვის, რომ ეს სახელმძღვანელოები იყოს ხარისხიანი, ჩვენ გამომცემლებს ტრენინგებსაც ვთავაზობთ“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე.

გარდა ამისა, დღეს ცნობილი გახდა, რომ ცვლილება შევიდა დაფინანსების მიმართულებითაც.

„რაც შეეხება თანხებს, სწორედ გამომცემლებთან კომუნიკაციის საფუძველზე, წინა გრიფირებასთან მიმართებაში, დაახლოებით ორჯერ არის გაზრდილი გამომცემლობის (ბეჭდვის გარეშე) საპროგნოზო ღირებულება და დაახლოებით 7.5 მილიონ ლარს შეადგენს ვვარაუდობთ, რომ კონკურენცია ამ თანხას შეამცირებს. ამასთან, ყველა თეთრი, რომელიც ზედმეტად არ იქნება გადახდილი, მიმართული იქნება სწავლის პროცესის გაუმჯობესების სხვა მიმართულებებზე – თვალსაჩინოებებზე, ლაბორატორიებზე, ყველაფერზე, რაც წიგნთან ერთად თანამედროვე განათლების აუცილებელი ნაწილია. გრიფირების წესი ეხება იმ სახელმძღანელოების მომზადების პროცესს, რომლებიც სკოლაში  2018-2019 სასწავლო წელისთვის შევა.

გრიფირება, ეს პირველი ეტაპია, როდესაც ყველა დაინტერესებული პირი ამზადებს სახელმძღვანელოს მაკეტს, რომელიც შეფასებას გადის დარგის საუკეთესო ექსპერტებისაგან შემდგარ სახელმწიფო კომისიაში და არჩევს რომელი წიგნის ხარისხი შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმასა და სხვა მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია, რომ პირველად გრიფირების ისტორიაში, წიგნების დაბეჭვდამდე, მინიმუმ 3 თვის მანძილზე ის ხელმისაწვდომი იქნება სპეციალისტებისა და მასწავლებლებისათვის. ავტორები ვალდებულნი იქნებიან აღმოფხვრან ამ პერიოდში გამოვლენილი ყველა ხარვეზი“,– აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

სკოლებში 2017–18 სასწავლო წელსაც ძველი სახელმძღვანელოებით ისწავლიან – „მე და საზოგადოების“ სწავლება გადაიდო

ქეთი გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური