GE

„განდეგილსაც“ არ გამოვრიცხავ, რომ შემოიტანონ“ – რეპეტიტორის მოლოდინი ქართულის ეროვნული გამოცდის წინ

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები მთავარი გამოცდით იწყება – ქართული ენა და ლიტერატურა წელს 5 სესიად უნდა ჩატარდეს.

აბიტურიენტები ბევრს ბჭობენ, რა თემები ან ავტორები შეიძლება მოვიდეს წლევანდელ გამოცდებზე ქართულში და თავიანთი მოლოდინები და ვარაუდები მათაც აქვთ. სწორედ ამ კითხვით მიმართა EDU.ARIS.GE-მ მრავალწლიანი რეპეტიტორობის გამოცდილების მქონე პედაგოგს, რუსუდან მურღულიას.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი საკუთარ ვარაუდს გვიზიარებს და საკუთარი არგუმენტიც აქვს თუ რატომ ფიქრობს ასე:

“არის კონკრეტული ავტორები და ნაწარმოებები, რომელთა ნააზრევებიც ყოველთვის თანამედროვე და აქტუალურია. ამ არგუმენტით, ალბათ, სავარაუდოა, რომ იყოს ჭაბუა ამირეჯიბის “დათა თუთაშხია”; ვაჟა-ფშაველას “გველის მჭამელი”, გიორგი ერისთავის “გაყრასაც” ვფიქრობ.

“ასევე, ნიკო ლორთქიფანიძის “შელოცვა რადიოთი”, ოთარ ჭილაძის “ადამიანი გაზეთის სვეტში”. შესაძლებელია ჰაგიოგრაფიიდანაც იყოს. ვვარაუდობ, რომ იქნება “ვეფხისტყაოსანი” და ილია ჭავჭავაძის “განდეგილსაც” არ გამოვრიცხავ, რომ შემოიტანონ”, – ამბობს ჩვენთან საუბარში ქართულის სპეციალისტი.

რუსუდან მურღულიას აზრით, ქართულის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე მრავალფეროვანი ავტორები და თემატიკაც, ალბათ, სასურველი იქნებოდა.

“ისე კი, ჩემს აბიტურიენტებს ვურჩევ უცხო ტექსტის ანალიზის დაწერას. როცა მთელი ტექსტის შინაარსი არ იციან, მონაკვეთის ანალიზს რატომღაც უკეთ წერენ, როცა პროგრამულს წერენ, შინაარსი გამოსდით ანალიზის ნაცვლად. წლებია, რაც ამას ვაკვირდები”, – განგვიცხადა პედაგოგმა.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური