გარე დაკვირვებას „ნაეკთან“ ერთად მასწავლებლის სახლი განახორციელებს – დეტალები პროცესის შესახებ
გარე დაკვირვება უფროსი მასწავლებლებისთვის, რომლებიც წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას გადაწყვეტენ, სავალდებულო აქტივობაა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში შეტანილი ახალი ცვლილებების მიხედვით, გარე დაკვირვების წესს, სადაც უკვე აღარ ფიგურირებს ვიდეოგაკვეთილის კომპონენტი, ამტკიცებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და მასწავლებლის გარე შეფასების განმახორციელებელი არ იქნება მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
ცნობილია, რომ გარე დაკვირვებას სხვა ორგანიზაციებთან ერთად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიც ჩაატარებს. არის თუ არა გარე დაკვირვების წესის მომზადებაზე დაწყებული მუშაობა, რა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს გარე დაკვირვების დროს მასწავლებელმა და როგორი იქნება შეფასების პროცედურები, – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი ესაუბრება.
–არის თუ არა გარე დაკვირვების წესის მომზადებაზე დაწყებული მუშაობა და ვინ მუშაობს?
–წესზე მუშაობა სახელმწიფო კომისიის მუშაობის პარალელურად უკვე დაიწყო ჩვენმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა. ჩამოყალიბდა კონცეფცია, რომელიც გავიარეთ რამდენიმე სკოლის მასწავლებლის შეფასების ჯგუფთან და ძირითად პროცესებზე შევთანხმდით. ეს ეხება რეგისტრაციას, წინაპირობებს, შეფასების პროცედურებს, წარმოსადგენ დოკუმენტაციას, გარე შემფასებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. მუშაობის პროცესი საინტერესოდ მიმდინარეობს, აქტიური დისკუსიებით.
–ეთანხმებით თუ არა იმ შეფასების რუბრიკის გამოყენებას გარე დაკვირვების დროს, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა შექმნა? თუ საერთოდ ახლის შექმნას გეგმავთ?
–გადაწყდა, რომ გამოვიყენოთ უკვე შემუშავებული რუბრიკა. აღნიშნული რუბრიკა მომზადებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით. გაატარეს პილოტირება. მოგეხსენებათ, თავდაპირველად გარე დაკვირვება გათვლილი იყო ვიდეოდაკვირვებისთვის. იმის გამო, რომ მასწავლებლების გაკვეთილები ასევე ფასდება სკოლებში შეფასების ჯგუფის მიერ, ჩვენ ჩავრთეთ 7 სკოლა, რომლებსაც ვთხოვეთ გამოეცადათ რუბრიკა სკოლებში, თუ რამდენადაა შესაძლებელი მისი გამოყენება შიდა საგაკვეთილო დაკვირვებისთვის. ამის შემდეგ სკოლების მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები აისახა რუბრიკაში, რომელიც მეტად მოერგო პირისპირ დაკვირვების ფორმატს.
–როდის უნდა დაიწყოს გარე დაკვირვების მიხედვით მასწავლებელთა შეფასება?
–გარე დაკვირვებს წესის პროექტი წარედგინება სამინისტროს და მისი დამტკიცების შემდეგ ჩვენი ცენტრი გადაამზადებს როგორც გარე დამკვირვებლებს, ისე სკოლებში მასწავლებლის შეფასების ჯგუფებს, რაც საგაკვეთილო დაკვირვების ობიექტურად განხორციელების წინაპირობა იქნება და არ მისცემს საშუალებას რუბრიკას გაუკეთდეს განსხვავებული ინტერპრეტირება.
–ახალი სქემის მიხედვით, გარე დაკვირვების განმახორციელებელი არ იქნება მხოლოდ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. ვინ შეიძლება ჩაატაროს კიდევ მასწავლებლის შეფასება გარე დაკვირვების გზით?
–ამ სემესტრის მანძილზე გამოიცდება გარე შეფასების შემუშავებული მექანიზმები, რასაც დიდი ალბათობით ჩვენი ცენტრი ჩაატარებს. ამის შემდეგ, ის მასწავლებლები რომლებიც თავად გაივლიან გარე დაკვირვებას გადამზადდებიან, რომ მომდევნო წლიდან თავად შეძლონ გახდნენ გარე დამკვირვებლები. სამინისტროსა და ჩვენი მოსაზრება ერთმანეთს ემთხვევა და შესაძლებელია, მას შემდეგ რაც გამოიცდება გარე დაკვირვების პროცედურები, მეტი ორგანიზაცია ჩაერთოს მის განხორციელებაში, რაც მასწავლებელს მისცემს არჩევანს, თუ რომელ ორგანიზაციაში დარეგისტრირდეს გარე დაკვირვებისთვის.
–გარე დაკვირვების დროს ერთი და იგივე შეფასების კრიტერიუმებით და მეთოდოლოგიით იმოქმედებენ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი და სხვა განმახორციელებლები?
–რა თქმა უნდა, შემუშავებული კრიტერიუმები ყველა შესაძლო განმახორციელებლისთვის იქნება სტანდარტიზებული. ამ ეტაპზე არ ჩანს ალტერნატიული რუბრიკის შემუშავების საჭიროება.
–როგორც აღნიშნეთ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი იქნება გარე შეფასების ერთ–ერთი განმახორციელებელი. როგორ გადანაწილდება ფუნციები თქვენს ცენტრსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს შორის?
–რადგან საგაკვეთილო დაკვირვების რუბრიკა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შემუშავებულია, ჩვენ სამუშაო პროცესში მათთან კავშირი გვექნება, თუმცა ეს იქნება განხილვები ექსპერტულ დონეზე და არა ფუნქციურ განაწილებაზე.
–ხომ არ არის ცნობილი, ჯერ რომელი ცენტრი დაიწყებს გარე დაკვირვებას, თუ ორივე ერთდროულად განახორციელებს? გარე დაკვირვების დროს რა როგორ უნდა განხორციელდეს?
–განმახორციელებელი ამ ეტაპზე ერთი იქნება, თუმცა მას შემდეგ რაც გამოიცდება ყველა პროცედურა მოქმედებაში, შესაძლებელი გახდება სხვა განამახორციელებლებიც ჩაერთნონ პროცესებში. ამ ეტაპზე საუბარი დეტალებზე გამიჭირდება, ეს შეკითხვა უფრო მომდევნო სასწავლო წლისთვის იქნება აქტუალურიც და მეტ დეტალსაც მოგაწვდით.
როგორც უკვე გითხარით, ცენტრი ამ ეტაპზე მუშაობს წესზე, აწყობს განხილვებს სკოლებთან და ამ ეტაპების დასრულების შემდეგ წინადადებას მიაწვდის სამინისტროს, უკვე ამ ეტაპზე გახდება საბოლოო გადაწყვეტილებები ცნობილი და წესიც დამტკიცდება, რომელშიც საკმარისი ინფორმაცია იქნება მოცემული.
–როგორი ტიპის ორგანიზაციებს შეეძლებათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გარდა გარე დაკვირვების წარმოება?
–ამ კითხვაზე პასუხი ნაადრევია, უჩვენებს ამ სემესტრში დაგროვილი გამოცდილება.
–აღნიშნეთ, რომ უკვე ჩამოყალიბებულია გარე დაკვირვების კონცეფცია. რეგისტრაციისთვის რა წინაპირობებია საჭირო?
–უფროსი მასწავლებელი, რომელსაც უკვე აქვს მოგროვებული დამატებით აქტივობებში სრულად კრედიტქულები და აქვს სავალდებულო აქტივობიდან კვლევა დადებითად შეფასებული. ასევე მასწავლებლები, რომლებსაც გარე დაკვირვება დარჩათ განსახორციელებელი სტატუსის შესაცვლელად.
–რა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს გარე დაკვირვების დროს მასწავლებელმა?
–დოკუმენტაციის წარმოდგენა გარე დაკვირვებისთვის რეგისტრაციისთვის დაჭირდება. უნდა დააკმაყოფილოს წინაპირობები და წარმოადგინოს წინასწარი თემატური ჩარჩო ჩასატარებელი გაკვეთილების, რადგან გარე დამკვირვებელს წინასწარ ჰქონდეს წარმოდგენა ჩასატარებელ გაკვეთილზე, მოსწავლეების წინარე ცოდნაზე, გაკვეთილის მიზანზე. ფორმა წინასწარ იქნება მიწოდებული და არ იქნება ყველა გაკვეთილის დეტალური გეგმა
–რა არის გარე შემფასებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები?
–დარგობრივი მაღალი კვალიფიკაცია, სკოლაში მუშაობის გამოცდილება, სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომების ცოდნა, ეფექტურ კომუნიკაციის უნარი და ასერტულობა ის მოკლე ჩამონათვალია, რითიც აირჩევიან დამკვირვებლების კანდიდატები, მას შემდეგ რაც გადამზადებას გაივლიან და წარმატებით შეფასდებიან, უკვე მზად იქნებიან გარე დაკვირვებაში მონაწილეობისთვის. მეორე ეტაპზე, როგორც უკვე გითხარით, შემოუერთდებიან ის მასწავლებლები, რომლებსაც დაკვირვება გავლილი ექნებათ, რა თქმა უნდა, შერჩევის სხვა ეტაპები ძალაში დარჩება.
–როგორია შეფასების პროცედურები?
–რამდენიმე ეტაპისგან შედგება: წინასაგაკვეთილო შეხვედრა, უშუალოდ გაკვეთილზე დაკვირვება და გაკვეთილის შემდგომი შეხვედრა. თითოეული ჩამოთვლილი ეტაპი წესში იქნება გაწერილი.
როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი ამბობს, აღნიშნული ინფორმაცია არ არის საბოლოო გადაწყვეტილებები. არის დღეის მოცემულობა და მუშაობის პროცესში გარკვეული კორექტირებებიც შევა.
რას გულისხმობს მასწავლებლის გარე შეფასების რუბრიკა, რომელიც შესაძლოა ახალ სქემაშიც ადაპტირდეს
მასწავლებელის პროფესიული განვითარების სქემის ცვლილებათა პაკეტი გამოქვეყნდა
ცისანა არის© შერგილაშვილი
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება