„გაუგებარია რას გულისხმობს მინისტრი პედაგოგების მიერ ბარიერის არგადალახვაში“
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია რა ნიშნავს მასწავლებელთა საგნობრივ გამოცდაზე ბარიერის მოხსნის ინიციატივა. როგორც მან EDU.ARIS.GE-ს განუცხადა, ცენტრი ახლა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის განახლებული სქემის პრეზენტაციას ელოდება, რის შემდეგაც იგი თავადაც მზადაა ნებისმიერ სადისკუსიო სივრცეში ჩაერთოს, საკუთარი შეფასება გამოხატოს.
რას ფიქრობს დაგეგმილ ცვლილებებზე, როგორ ემზადება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებისთვის და რა ხარვეზებს ხედავს არსებულ სქემაში – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე EDU.ARIS.GE მაია მიმინოშვილს ესაუბრა.
– ცნობილია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდების სქემაში ცვლილებებს გეგმავს, გარკვეული სიახლეები მინისტრის მიერ დაანონსდა, თუმცა დააზუსტა, რომ მსჯელობა მიმდინარეობს. თქვენი ინფორმაციით, რა ტიპის ცვლილებებზე მიდის მსჯელობა და რაც მთავარია რა ალტერნატივას შესთავაზებენ პედაგოგებს ახალი სქემის მეშვეობით?
–ძალიან კარგად დაიწყეთ: ჯერჯერობით მხოლოდ ნათქვამია და არაფერი ამის იქით. სწორედ იგივე შემიძლია გიპასუხოთ – რამდენადაც ვიცი, განათლების სამინისტრო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან ერთად, სწორედ იმ ორგანიზაციასთან ერთად, რომელიც მასწავლებელთა განვითარების სქემაზეა პასუხისმგებელი, ამ საკითხზე მსჯელობს და მუშაობს.
ბუნებრივია, მეც თქვენთან ერთად ველოდები თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. მოდით ასე ვთქვათ – ჩვენ კონკრეტულ ორგანიზაციასა და სამინისტროს ვემსახურებით, თუნდაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს. ვემსახურებით იმდენად, რამდენადაც ჩვენი საქმეა ვალიდური და ობიექტური შეფასების ინსტრუმენტის შექმნა. მსჯელობა და შეფასების გაკეთება მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ შეგვეძლება.
–რამდენადაც ცნობილია, დაგეგმილი ცვლილების თანახმად, საგნის გამოცდას ბარიერი მოეხსნება და პრაქტიკოს მასწავლებელს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობა სხვა აქტივობებით ექნება. თქვენი შეფასება როგორია უშუალოდ ბარიერის მოხსნის ნაწილზე?
–არ ვიცი რას გულისხმობს მინისტრი ბარიერის არგადალახვასა და არქონაში, მართალი გითხრათ ჯერჯერობით ვერ გავიგე. პირადად მე, მგონია, რომ მინისტრს უნდა ვაცალოთ. გულწრფელად გითხრათ, ამ საკითხზე ასეთი დამოკიდებულება მაქვს, რადგან ერთი ნათქვამით შეიძლება ფიქრობს, გააზრებული აქვს და ჩვენ არ ვიცით. როცა პრეზენტაციას გამართავენ და მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას – რომ ეს ასე უნდა გაკეთდეს, კომენტარის გაკეთება შემდეგ შეიძლება.
– მისი განხორციელების შემთხვევაში, როგორ ფიქრობთ, რას მოიტანს ეს ცლილება სამომავლოდ და რეალურად რაიმე შედეგის მომტანი თუ იქნება? ცხადია, უკეთესი შედეგის მიღწევის თვალსაზრისით…
–როგორც აღვნიშნე, არ ვიცი და ვერ გეტყვით რას ნიშნავს ბარიერის არქონა. უტრირებულად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს იმას, რომ შედეგი ნოლი რომ მივიღო მერე რა?!- არაფერი. ყოველ შემთხვევაში რაც მოვისმინე, საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ეს შეფასების ერთადერთი საშუალება არ იქნება, რაშიც მინისტრს ვეთანხმები კიდევაც, რადგან როცა მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდები შემოიღეს, სულ ვსაუბრობდით იმაზე, რომ პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გადაწყდეს და ეს მათ ხელშეწყობას ნიშნავს.
ეს ნიშნავს იმას, რომ მასწავლებელს კომპეტენციების გამყარებაში ხელი მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ. რა თქმა უნდა, მასწავლებელმა თავისი კარიერული ზრდისთვის უნდა იშრომოს, ხოლო ეს შრომა კი პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ სამინისტრო ხელს უნდა გიწყობდეს. ამის შემდეგ კი გვექნება მორალური უფლება, ადამიანი შევაფასოთ.
–ანუ, გამოდის, რომ ხარვეზი არსებულ სქემაში იყო და ის დახვეწას ყველა შემთხვევაში საჭიროებდა?
–ცხადია, ამ კუთხით რომ მასწავლებლებს მხარდაჭერა აკლდათ, ეს ყველასთვის ნათელი იყო. ბუნებრივია, გამოცდებით დაწყება სწორი არ იყო. რა თქმა უნდა, სწორი არაა როცა მასწავლებელს ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე მიადგები და ეუბნები – ახლა ადექი და შენი კომპეტენციები დაადასტურეო, ეს სწორი მიდგომა არაა.
არსებობს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, ძალიან მინდოდა ამ სტანდარტის დამტკიცების პროცესში მასწავლებლებიც ჩართულიყვნენ, თუმცა ვაღიაროთ, რომ ინერტულობა გამოიჩინეს და ეს სტანდარტი დამტკიცდა ისეთი, როგორიც არის. თუმცა, ვფიქრობ იქ გაუგებარი მოთხოვნები მაინც არაფერია. ამ სტანდარტის მიხედვით ჩვენ ვალდებულები ვიყავით შეფასების ინსტრუმენტი შეგვექმნა და შეგვეთავაზებინა ის, რაც შევთავაზეთ.
თუკი მასწავლებელს კომპეტენციების გამყარებაში უფრო მეტად და ეფექტურად შევუწყობთ ხელს, ამას რას სჯობს. ხოლო თუ საუბარია იმაზე, რომ ადამიანმა საკუთარი კომპეტენცია უნდა დაადასტუროს, მაშინ ამას გამოცდას დაარქმევ თუ სხვა რამეს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ბარიერის არქონა კი ჩემთვის სრულიად გაუგებარია.
–თქვენ რამდენად ჩართული ხართ მთელ ამ პროცესში და როგორ ემზადებით მასწავლებელთა სასერთიფიკატო გამოცდებისთვის?
–ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ, რადგან ჩვენი ორგანიზაცია ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშეა, ახალი სისტემაა ასაგები და მთლიანად ამაზე ვართ გადასულები. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, ისე დაინერგება – იქნება გამოცდა, მაშინ შესაბამისი ბარიერი უნდა იყოს – ეს გახლავთ ჩემი დამოკიდებულება.
არ იქნება გამოცდა? – მაშინ ეს ჩვენს პასუხისმგებლობაში ნამდვილად არ შედის. თუ ამასთან დაკავშირებით შესაფერისი სივრცე შეიქმნება, იქნება ეს საკამათო სივრცე თუ სადისკუსიო, მასში მონაწილეობას სიამოვნებით მივიღებ. თუმცა, მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველას ოფიციალურად გვეცოდინება, თუ რას გეგმავს სამინისტრო.
მასწავლებელთა საგნის გამოცდები ზამთარში შეიძლება არ ჩავატაროთ – ალექსანდრე ჯეჯელავა
მოამზადა სალომე სარიშვილმა
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება