GE

გაუთანაბრდეს კერძო სკოლის მოსწავლის ვაუჩერი საჯარო სკოლის მოსწავლის ვაუჩერს – საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს

სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ, სადაც სკოლების დაფინანსების დღეს არსებული მოდელის ნაკლოვანებები არაერთი მიმართულებით არის წარმოდგენილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს მოსწავლის ვაუჩერული დაფინანსების საკითხზე საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს განათლების დამცველთა ასოციაცია და საკანონმდებლო ორგანოს კონკრეტულ რეკომენდაციებს სთავაზობს.

როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე ამბობს, მათ წინადადებაში ორი მთავარი საკითხის გადაჭრის გზაა წარმოდგენილი.

„როგორც იცით, მასწავლებელთა სტატუსის დანამატები გაიცემა როგორც დანამატი და ერთი მოთხოვნა სწორედ ეს არის, რომ ეს დანამატები ჩვეულებრივ ხელფასში იყოს მოქცეული, ანუ ხელფასად გაიცეს და მეორეს მხრივ, ვაუჩერი, როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლას ერთნაირი ჰქონდეს – გაუთანაბრდეს კერძო სკოლის მოსწავლის ვაუჩერი საჯარო სკოლის მოსწავლის ვაუჩერს და ამით აღმოიფხვრას დისკრიმინაცია“, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს დავით ფერაძემ.

სახელმწიფო აუდიტი მიიჩნევს, რომ ვაუჩერული დაფინანსების მოდელის და მასში ინტეგრირებული კომპონენტების ფარგლებში მისაღწევი მიზანი არ არის ნათლად გაწერილი, ხოლო დადგენილი საბაზისო თანხისა და დამატებითი კრიტერიუმების ოდენობის განსაზღვრის შესაბამისი კალკულაციის საფუძვლები არ ემყარება კონკრეტულ ინდიკატორებს. ამასთან, სამინისტროს მიერ არ არის გამოკვლეული, ვაუჩერული დაფინანსების მოდელის არსებული ინდიკატორები რამდენად პასუხობს სკოლებისა და მოსწავლეების საჭიროებებს და აღნიშნულ პირობებში იზრდება ფინანსური რესურსის არაეფექტიანად განკარგვის რისკები. აუდიტი ეხება კერძო სკოლების დაფინანსების არსებულ მოდელსაც და ხარვეზებს იქაც ხედავს.

განათლების დამცველთა ასოციაცია კი აცხადებს, რომ ის, რაც სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში წერია, მათ არაერთხელ წამოჭრეს, როგორც მოსაგვარებელი პრობლემა და საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებშიც მიმართეს პარლამენტის შესაბამის კომიტეტს ჯერ კიდევ გიორგი ამილახვარის თავმჯდომარეობის პერიოდში, თუმცა უარი მიიღეს. ახლა კი სურთ, რომ ახალი რეკომენდაციები შესთავაზონ როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებას.

იხილეთ წინადადება დეტალურად: განათლების დამცველთა ასოციაციის საკანონმდებლო წინადადება მოსწავლის ვაუჩერული დაფინანსების საკითხზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური