GE

სკოლის ფორმალური სამეურვეო საბჭო და რესურსცენტრების დაბალი ეფექტიანობა – რა წერია აუდიტის ანგარიშში ზოგად განათლებაზე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ეფექტიანობის აუდიტი იმის დასადგენად, თუ რამდენად უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მართვის არსებული მოდელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ეფექტიან მმართველობას.

7 მარტს გამოქვეყნებულ ზოგადი განათლების ეფექტიანობის აუდიტის მრავალგვერდიან ანგარიშში ისეთი საკითხები მოხვდა, როგორიც არის სკოლის სამეურვეო საბჭო, საგანმანათლებლო რესურსცენტრები, სკოლების დაფინანსებისა და მართვის მოდელები. ანგარიშის თანახმად, თითოეული ამ მიმართულების ეფექტიანობის დადგენისას გამოიკვეთა არაერთი პრობლემა, რისი აღმოფხვრისთვისაც აუდიტის სამსახურმა განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდომის სამინისტროს მიმართ კონკრეტული რეკომენდაციებიც გასცა.

გამოკვეთილი ნაკლოვანებები ასეთია:

სკოლების მართვის მოდელი

ზოგადი განათლების ეფექტიანი მართვის სისტემის განვითარება სამინისტროს სტრატეგიული ამოცანაა, რომლის ერთ-ერთ კომპონენტსაც სკოლის მართვის დიფერენცირებული მიდგომის განხორციელება წარმოადგენს. მოცემული მიზნის გათვალისწინებით, სკოლების არსებული მდგომარეობის ანალიზი არ ჩატარებულა, რომელიც რელევანტურ კრიტერიუმზე დაყრდნობით უზრუნველყოფდა საჭირო რესურსების, მზაობის და შესაძლებლობის მქონე სკოლების იდენტიფიცირებას და ხელს შეუწყობდა განხილულიყო ავტონომიურობის გაზრდის შესაძლებლობა.

რესურსცენტრების როლი სკოლების მონიტორინგისა და მხარდაჭერის პროცესში

  • რესურსცენტრების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას განეკუთვნება სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში სასწავლო პროცესის და გარემოს მონიტორინგის განხორციელება, თუმცა მონიტორინგის ჩატარების პერიოდულობა და სკოლების დაფარვის სიხშირე არ არის განსაზღვრული; აღნიშნული კი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესისა და გარემოს გაუმჯობესების საფუძველია;
  • რესურსცენტრების მიერ სამინისტროსთან წარდგენილი სამოქმედო გეგმები რიგ შემთხვევაში არაერთგვაროვანია, ხოლო მისაღწევი შედეგები არ არის მკაფიოდ გაზომვადი; ასევე: არ არის დამტკიცებული რესურსცენტრების სამოქმედო გეგმის ერთგვაროვანი ფორმა;
  • რიგ შემთხვევებში, სხვადასხვა რესურსცენტრში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა იდენტურია, მიუხედავად მათი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სკოლებისა და ამ სკოლებში მოსწავლეების განსხვავებული რაოდენობისა, რაც ქმნის ფუნქციების არასათანადოდ განხორციელების რისკებს. ანალიზის მიხედვით, იდენტური თანამშრომლების რაოდენობის პირობებში იკვეთება შემთხვევა, როდესაც ერთი რესურსცენტრის დაფარვის არეალში მყოფი სკოლების რაოდენობა 7-ჯერ აღემატება, მეორე რესურსცენტრის დაფარვის არეალში მყოფი სკოლების რაოდენობას.

სამეურვეო საბჭოს როლი სკოლის მართვის პროცესში

  • სამეურვეო საბჭოს ფუნქციონირების შედეგად მისაღწევი მიზანი არ არის განსაზღვრული, რომელთან მიმართებითაც შეფასდება საბჭოს საქმიანობის ეფექტიანობა;
  • სამეურვეო საბჭოს საქმიანობის ანალიზის შედეგად ჩანს, რომ ძირითად შემთხვევაში საბჭოს წევრების როლი სკოლის მართვის პროცესში ფორმალურ ხასიათს ატარებს: წევრები ნაკლებად არიან ჩართულები სკოლის მართვასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას;
  • სამინისტროს მიერ არ არის ჩატარებული საბჭოს საქმიანობის კვლევა და ეფექტიანობის შეფასება. არ არის შესწავლილი საბჭოს წინაშე არსებული გამოწვევები და საჭიროებები, რაც შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების განხორციელების დაგეგმვას შეუწყობდა ხელს;
  • გამოკითხვების და სამეურვეო საბჭოს ოქმების ანალიზის მიხედვით იკვეთება საბჭოს მიერ ფუნქციების არასაკმარისად განხორციელების შემთხვევები. აღნიშნული შეიძლება გამოწვეული იყოს სამეურვეო საბჭოს წევრების კომპეტენციის ნაკლებობით კონკრეტულ საკითხთან მიმართებით.

სკოლების დაფინანსების მოდელი

  • ვაუჩერული დაფინანსების მოდელის და მასში ინტეგრირებული კომპონენტების ფარგლებში მისაღწევი მიზანი არ არის ნათლად გაწერილი, ხოლო დადგენილი საბაზისო თანხისა და დამატებითი კრიტერიუმების ოდენობის განსაზღვრის შესაბამისი კალკულაციის საფუძვლები არ ემყარება კონკრეტულ ინდიკატორებს;
  • სამინისტროს მიერ არ არის გამოკვლეული, ვაუჩერული დაფინანსების მოდელის არსებული ინდიკატორები რამდენად პასუხობს სკოლებისა და მოსწავლეების საჭიროებებს. აღნიშნულ პირობებში იზრდება ფინანსური რესურსის არაეფექტიანად განკარგვის რისკები;
  • არაქართულენოვანი სექტორის სკოლების წინაშე მდგარი გამოწვევების საპასუხოდ, სამინისტროს მხრიდან გათვალისწინებულია გაზრდილი ვაუჩერული დაფინანსება, თუმცა ეფექტიანი ღონისძიებების გასატარებლად, მნიშვნელოვანია არსებული საჭიროებების იდენტიფიცირება და დამატებითი მექანიზმების დანერგვა პროცესის მონიტორინგის მიზნით;
  • კერძო სკოლების დაფინანსება ეფუძნება მხოლოდ ერთ, რაოდენობრივ კრიტერიუმს და არ ითვალისწინებს სკოლების ფინანსურ მდგომარეობასა და საჭიროებებს, რაც ქმნის რესურსის არაეფექტიანად და არაპროდუქტიულად განკარგვის რისკებს. ამასთანავე, არ არის დანერგილი კერძო სკოლების დაფინანსების ფარგლებში ანგარიშვალდებულების სისტემა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური განმარტავს, რომ მის მიერ გაცემული რეკომენდაციები გამოვლენილ გარემოებებსა და ნაკლოვანებებზე, შესაძლებელს გახდის გაუმჯობესდეს პროცესის ეფექტიანობა და პროდუქტიულობა.

რეკომენდაციები გამოვლენილ გარემოებებსა და ნაკლოვანებებზე ასეთია:

რეკომენდაცია N1 სამინისტრომ, დასახული სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, შესაბამის მხარეებთან კოორდინაციითა და რელევანტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით უზრუნველყოს სკოლების მზაობის შეფასება. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რესურსების და შესაძლებლობების მქონე სკოლებისთვის განიხილოს დივერსიფიცირებული მიდგომის − ავტონომიურობის გაზრდის განხორციელების შესაძლებლობა, ანგარიშვალდებულების და დამატებითი მონიტორინგის მექანიზმების გათვალისწინებით.

რეკომენდაცია N2 რესურსცენტრების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვისა და შესაბამისი რესურსების ოპტიმალურად განაწილების ხელშეწყობის, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესისა და გარემოს ეფექტიანობის შეფასებისა და გაუმჯობესების მიზნით მიზანშეწონილია:

  • შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩართულობით შემუშავდეს და დამტკიცდეს რესურსცენტრების მიერ წარმოსადგენი სამოქმედო გეგმის ერთიანი ფორმა − კონკრეტული აქტივობების, მოსალოდნელი შედეგების, შესრულების ვადებისა და პასუხისმგებელი პირების შესახებ ინფორმაციის მითითებით;
  • მონიტორინგის მოქმედი ფორმ(ებ)ის მიხედვით განისაზღვროს სასწავლო წლის განმავლობაში განსახორციელებელი მონიტორინგის პროცედურების ოპტიმალური რაოდენობა და სკოლების დაფარვის სიხშირე.

რეკომენდაცია N3 სკოლის მართვის პროცესში სამეურვეო საბჭოს როლის გაძლიერების მიზნით სამინისტრომ შესაბამის მხარეებთან კოორდინაციით/თანამშრომლობით უზრუნველყოს საბჭოს საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება, საჭიროებების კვლევა, მათ წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

რეკომენდაცია N4 სახელმწიფო სახსრების ეფექტიანად და პროდუქტიულად ხარჯვის მიზნით, მიზანშეწონილია არსებული დაფინანსების მოდელის გადახედვა და შემდეგი კომპონენტების გათვალისწინება:

  • შეფასდეს სკოლების წინაშე (მათ შორის, არაქართულენოვანი სკოლები) არსებული გამოწვევები, მოსწავლეების საჭიროებები და დაფინანსების ფარგლებში მისაღწევი შედეგები;
  • დაფინანსების ყველა ეტაპზე მკაფიოდ გაიწეროს შესაბამისი მიზანი;
  • შეფასდეს კერძო სკოლების დაფინანსების მექანიზმის ოპტიმალურობა და არსებული კრიტერიუმების ეფექტიანობა საჭიროებებისა და მისაღწევი მიზნების გათვალისწინებით;
  • საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსების ფარგლებში დაინერგოს კერძო სკოლების ანგარიშვალდებულების სისტემა.

იხილეთ დეტალური ანგარიში

“სასკოლო სისტემის წარმატებით ფუნქციონირებისა და დეცენტრალიზებული მართვისათვის აუცილებელია ანგარიშვალდებულებისა და მხარდაჭერის მექანიზმების განვითარება. დღეისათვის საგანმანათლებლო რესურსცენტრი სათანადოდ ვერ ასრულებს სკოლის განვითარებისა და ხელშეწყობის ფუნქციას. იკვეთება საჭირო რესურსების და შესაძლებლობების  მქონე სკოლებისთვის ავტონომიის გაზრდის საჭიროება.

“2022-2030 წლებში ზოგადი განათლების სფეროში წინგადადგმული ნაბიჯი იქნება სასკოლო სისტემის რესტრუქტურიზაცია და ოპტიმიზაცია ფინანსური და ადამიანური რესურსების უფრო ეფექტიანი გამოყენების მიზნით. საგანმანათლებლო რესურსცენტრების მხარდაჭერით წახალისდება სკოლის თვითმმართველობები მათი ავტონომიურობის ამაღლების, დირექტორების, მასწავლებლებისა და სამეურვეო საბჭოს შესაძლებლობათა გაძლიერებით. 2026-2027 აკადემიური წლისთვის დასრულდება საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესი, რომელიც ახალი სტანდარტის შესაბამისად, აქცენტს აკეთებს სწავლა-სწავლების ხარისხისა და მოსწავლეთა მოსწრების შეფასებაზე”, – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტიდს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ცნობისთვის, 26 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობას განათლების სფეროში დაწყებული რეფორმების გასატარებლად მეტი დრო სჭირდება. აღნიშნული ეხება როგორც სკოლების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავებას, ასევე უნივერსიტეტში ჩარიცხვის ახალ წესს.

ამავე თემაზე:

ზოგად და უმაღლეს განათლებაში რეფორმების გატარების ვადები ერთი წლით გახანგრძლივდა – განმარტება განათლების მინისტრის მოადგილისგან

სკოლები თავიანთი შედეგების მიხედვითაც დაფინანსდებიან – რას გულისხმობს ახალი პროექტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური