GE

გივი მიქანაძე უმაღლესი განათლების მიმართულებით აქტიურად იმუშავებს – კომიტეტის თავმჯდომარის თხოვნა დეპუტატებს

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე, მისი წინამორბედის მსგავსად, გეგმავს, რომ განათლების კომიტეტი უფრო მეტად აქტიური იყოს საზედამხედველო ფუნქციის შესრულების კუთხით.

კომიტეტის ახალმა ხელმძღვანელმა, მისი თავმჯდომარეობით გამართულ პირველ კომიტეტის სხდომაზე, განათლების სექტორთან საკუთარი შემხებლობის დეტალებზე ისაუბრა და დეპუტატებს კონკრეტული მიმართულებით მუშაობაც სთხოვა.

მისი თქმით, როგორც იურისტი, სტუდენტობის პარალელურად, მასწავლებელიც იყო და სამოქალაქო განათლებასა და სამართალმცოდნეობას ორ სკოლაში, მე-9 და მე-11 კლასებში ასწავლიდა.

„ფაქტობრივად, შემიძლია გითხრათ, რომ ორ სკოლაში მუშაობისას, კარგი გაგებით „მოვიწამლე“ ამ სისტემით, რომელსაც დღემდე ვერ ვეშვები. 2011 წლიდან აკადემიურ საქმიანობას ვეწევი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ასევე ამბობს, რომ 2016-2018 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის რექტორი იყო, რამაც ხელი შეუწყო უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებთან მჭიდრო ურთიერთობისა და მეგობრობის ჩამოყალიბებას.

სწორედ საკუთარ გამოცდილებაზე საუბრისას განმარტა გივი მიქანაძემ, რომ მას უმაღლესი სასწავლებლების მიმართულებით სურს აქტიური მუშაობის გაგრძელება და პრიორიტეტებს იმ სახელმწიფო უნივერსიტეტებს ანიჭებს, რომლებიც თბილისის გარეთ მოღვაწეობენ, რის გამოც მათ უფრო მეტი ხელშეწყობა და მხარდაჭერა სჭირდებათ.

„როგორც გიორგის (ამილახვარს) ჰქონდა უმაღლესის მიმართულება, ერთგვარ პატრონაჟში აღებული, მეც მაქვს სურვილი, რომ უმაღლესი განათლების მიმართულებით გავაგრძელო აქტიური მუშაობა.

„საგანმანათლებლო კერები, რომლებიც გვაქვს ჩვენ თელავში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ბათუმში და ზუგდიდში მეტ მხარდაჭერას საჭიროებენ იმისთვის, რომ ადგილზე ახალგაზრდებს მისცენ მაღალი ხარისხის ცოდნა, დაამაგრონ ისინი და შემდგომში მათ ადგილზე განვითარების და მოღვაწეობის ხელშეწყობა ჰქონდეთ“, – თქვა კომიტეტის თავმჯდომარემ 18 აპრილს გამართულ სხდომაზე.

ამასთან, გივი მიქანაძე ხაზს უსვამს, რომ მისთვის უმაღლესი განათლების საკითხები კარგად ნაცნობია და არასდროს მოწყვეტილა ამ ყველაფერს. წარსულში ჩამოაყალიბა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი, ააწყო მთლიანი კონცეფცია და წლების განმავლობაში მხარს უჭერდა არაფორმალური განათლების დანერგვას.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციის შესრულების კუთხით, უნდა გაკეთდეს უფრო მეტი თემატური მოკვლევა, რომელიც „გვაჩვენებს, თუ სად გვაქვს უფრო სიღრმისეული გამოწვევები და იქიდან გამომდინარე დავაყენოთ საკანონმდებლო ინიციატივები“.

„დიდი ალბათობით, განათლების კოდექსს სამინისტრო წაიღებს პატრონაჟის სახით და კომიტეტი თავისთავად იქნება ჩართული ამ პროცესში, მაგრამ, ასე ვთქვათ, სამინისტრო იქნება ამ შემთხვევაში ლოკომოტივი მისი შემუშავების კონტექსტში. აქედან გამომდინარე, რადგანაც კომიტეტის სამოქმედო გეგმა ძირითადად სწორედ ამ კოდექსთან მიმართებაში იყო აწყობილი, ჩემი თხოვნა არის, რომ იქნებ, 28 აპრილამდე, მაქსიმალურად მოვიფიქროთ რა თემატური მოკვლევები გვინდა, რა საკითხებზე გვსურს კონცენტრირება“, – მიმართა განათლების კომიტეტის წევრ დეპუტატებს თავმჯდომარემ.

გარდა ამისა, 19-20 აპრილს, გივი მიქანაძე კომიტეტის სხვა წევრებთან ინდივიდუალურ კონსულტაციებსა და შეხვედრებს გამართავს.

დასასრულს, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტის სამოქმედო გეგმის განახლება მაისში დააანონსა, სადაც გაწერილი იქნება, თუ რაზე იმუშავებენ წლის ბოლომდე.

ასევე იხილეთ:

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმა და სტრატეგია

მოამზადა ბაჩანა ტყემალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური