GE

გორის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულები ჩივიან, რომ სექტორებში „ხმაური შედის და ხელი ეშლებათ“ – NAEC-ის პასუხი აბიტურიენტებს

„ხმაური რომ არ გვაწუხებდეს, კიდევ უფრო კარგად გავართმევდით თავს გამოცდაზე მოსული დავალებების დაწერას“, – ასეთ პრეტენზიას აცხადებდნენ გუშინ გორში, ქართულის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები, რომლებმაც ტესტებზე გორის მესამე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში იმუშავეს.

აბიტურიენტების ინფორმაციით, სექტორების ნაწილში, სადაც ისინი გამოცდას წერდნენ, ტემპერატურა მაღალია, ფანჯრები ღიაა და ხმაური შედის, რაც მათ საკითხებზე კონცენტრაციის საშუალებას არ აძლევს და დავალებების წერა უჭირთ.

„თავად გამოცდა ადვილი იყო – ჯემალ ქარჩხაძის “იგი”, მაგრამ ხმაური რომ არ გვაწუხებდეს, კიდევ უფრო კარგად გავართმევდით თავს. სექტორში საშინელი სიცხეა და ამის გამო დამკვირვებლები აღებენ ფანჯრებს, საიდანაც საშინელი ხმაური შემოდის. მე, მაგალითად, ხმაურში კონცენტრაცია მიჭირს და ვიბნევი. ისედაც დასტრესილი ვარ და ასეთი გარემო კიდევ უფრო მაღიზიანებს. შემოდის როგორც გულშემატკივრების, ასევე ავტომობილების გადაადგილებისა და სიგნალის ხმა“, – თქვა გვანცა მაისურაძე.

კიდევ ერთი აბიტურიენტი, ზურა სადაღაშვილი კი ჰყვება, რომ მიუხედავად ფანჯრის დახურვის მოთხოვნისა, ეს სურვილი არ გაითვალისწინეს.

ის ადასტურებს, რომ საგამოცდო სექტორები მართლაც აღჭურვილია კონდიციონერებით, მაგრამ ფიქრობს, რომ ცენტრში „მათი გამოყენება არ იციან“.

„მართლაც გამაღიზიანებელია ეს ყველაფერი, მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს. ერთ-ერთმა აბიტურიენტმა კი მოითხოვა ფანჯრის დახურვა, მაგრამ არავინ გაითვალისწინა“, – ამბობს ის.
აბიტურიენტების მიერ გაჟღერებული უკმაყოფილების საპასუხოდ, გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა განაცხადა, არ ჰქონდა ინფორმაცია ვინ შეწუხდა სიცხით და განმარტა, რომ ფანჯრებს მაშინ აღებენ, როდესაც ცხელა და კონდიციონერი ჩართული არ არის.

„სადაც ფანჯარა ღიაა კონდიციონერი ჩართული არ არის, სადაც დახურულია -ჩართულია“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს თინათინ გვერდწითელმა და დაამატა, რომ გორში საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და რაიმე პრობლემით მისთვის არავის მიუმართავს.

მიმართვის და ასევე დამკვირვებლის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება კი აბიტურიენტებს ნამდვილად აქვთ. საგამოცდო სექტორებში კონდიციონერების გამოყენების პრინციპზე კომენტარი EDU.ARIS.GE-სთან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ, ჯერ კიდევ გამოცდების დაწყების წინა დღეს გააკეთა და პროცესი დეტალურად ახსნა.

„რა ტემპერატურაზე უნდა იყოს ჩართული კონდიციონერი, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული რეგულაცია არ გვაქვს და ამინდის მიხედვით რეგულირდება. კონდიციონერებს ვრთავთ დილიდან, თუმცა ისეც ხდება ხოლმე, რომ თავად აბიტურიენტები გვთხოვენ გამოვრთოთ ან დავარეგულიროთ ტემპერატურა. ხშირად იყოფა ხოლმე საგამოცდო სივრცეში მყოფი აბიტურიენტების აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით და უმრავლესობის აზრი როგორიც იქნება, ისე დარეგულირდება ტემპერატურაც. თუ აბიტურიენტმა პროცედურულ დარღვევად მიიჩნია ეს საკითხი, შეუძლია, რომ დაწეროს საჩივრის განცხადება დღის ბოლომდე“, – განმარტა გამოცდების ცენტრის დირექტორმა

დღეს, 5 ივლისს კი ჩვენ გამოცდების ეროვნულ ცენტრს დამატებით ვკითხეთ, აქვს თუ არა უფლება სექტორის დამკვირვებელს, გამორთული კონდიციონერის პირობებში, ფანჯარა გამოაღოს. უწყების პასუხი ასეთია: „დამკვირვებელი ითვალისწინებს როგორც კონდიციონერის ჩართვასთან, ასევე ფანჯრის გაღებასთან დაკავშირებით აბიტურიენტთა უმრავლესობის აზრს“.

გორში მხოლოდ ერთი საგამოცდო ცენტრია, მესამე საჯარო სკოლა. შენობა, რომელიც სამანქანო გზასთან, სადაც დღის განმავლობაში ტრანსპორტის დიდი ნაკადი გადაადგილდება, ახლოს არის. გარდა ამისა, გამოსაცდელთა გულშემატკივრებს საგამოცდო ცენტრთან ძალიან ახლო პერიმეტრზე უწევთ საათობით ყოფნა, რაც ასევე ხმაურის გამომწვევი მიზეზია.

ასევე იხილეთ:

„რეგიონებიდან ჩამოვდივართ… ხომ შეიძლება, შვილს ადამიანურად ვუგულშემატკივრო“ – მშობლები გორის ცენტრიდან

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური