გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „მაჩაბელი“ გაიხსნა
მიმდინარე წლის 17 ივლისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიხსნა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „მაჩაბელი“, რომელიც სამი დღის განმავლობაში უმასპინძლებს ქართველ და უცხოელ ხელოვანებს და არაერთ საინტერესო მასტერკლასსა და სხვადასხვა ტიპის აქტივობებს შესთავაზებს დაინტერესებულ საზოგადოებას. ფესტივალი „მაჩაბელი“ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული პროექტია. ფესტივალის თანადამფინანსებელია გორის მუნიციპალიტეტის მერია.
ფესტივალი გახსნა და სტუმრებს მიესალმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც ისაუბრა ფესტივალის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ. ქართველ და უცხოელ ხელოვანებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობისთვის. სტუმრებს ასევე მიესალმა საქართველოს პარლმანტის წევრი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რომელმაც მიმოიხილა ფესტივალის დაარსების ისტორია და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებით და შესაბამისად, ხელოვნების დარგების პოპულარიზაციის გზით მრავალფეროვანი გახდება საოკუპაციო ხაზთან არსებული რეგიონის კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრება და გაიზრდება ქვეყნის ცნობადობა.
ფესტივალის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს: საერთაშორისო განათლების ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ნუნუ მიცკევიჩმა; შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბატონმა ლევან ხარაბაძემ; საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მრჩეველმა, პროფესორმა იოსებ ჭუმბურიძემ; გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ბატონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა; გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბატონმა დავით რაზმაძემ; გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ბატონმა გიორგი ბერძნიშვილმა; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა დავით კვერნაძემ; გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ქალბატონმა გვანცა მჭედლიშვილმა.
ფესტივალის გახსნის ოფიციალური ცერემონიის მსვლელობის დროს საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდაცვლილი ასოცირებული პროფესორის ი. ალიმბარაშვილის ხსოვნას.
ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის გახსნის მიმდინარეობისას პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა და პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ, ბატონ ლევან ხარაბაძესთან ერთად საზეიმოდ გახსნეს საგამოფენო სივრცე, სადაც პროექტის – “არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს“ ფარგლებში აღმოჩენილი ნივთებია წარმოდგენილი. თითოეული არტეფაქტი ნაპოვნი, მიწიდან ამოღებული და გაწმენდილია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ და თარიღდება ძვ. წ. აღ. XXVIII-XXVI სს.
ფესტივალის ფარგლებში ორგანიზებულ მასტერკლასებს და სხვა აქტივობებს უძღვებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ხელოვანები.
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მრჩეველმა, პროფესორმა იოსებ ჭუმბურიძემ ისაუბრა ლევილის ქართველთა მამულში განხორციელებული მასშტაბური სარესტავრაციო სამუშაოების შესახებ და ფესტივალის სტუმრებს გაუზიარა საკუთარი შთაბეჭდილებები.
იტალიელმა არქიტექტორმა, პროფესორმა დანილო ლისიმ გამართა მასტერკლასი “არქიტექტურა და ლანდშაპტური დიზაინი”, წარმოადგინა სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში გამაჯვებული პროექტები და ისაუბრა მათი შექმნის ისტორიასა და მნიშვნელობაზე.
ფესტივალის პირველ დღეს ასევე წარმოდგენილი იყო რეჟისორ გიორგი ჭუმბურიძის დოკუმენტური ფილმი “რობიკოს მასტერკლასი”.. ფილმმა აუდიტორიის მოწონება დაიმსახურა. ჩვენების შემდეგ მოეწყო განხილვა-დისკუსია.
ფესტივალის პირველ დღეს მუსიკალურად აფორმებდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯაზბენდი „კანუდოსი“ და ჩელისტი დეა ხეოშვილი. შესრულდა რამდენიმე კომპოზიცია ახალი მუსიკალური ალბომიდან.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო ფესტივალში ჩართული ხელოვანების რამდენიმე საგამოფენო სივრცე, მათ შორის გამოიფინა მიშო ვანიშვილის სახელობის სტუდენტთა ფოტოკონკურსის „ახალგაზრდა ხელოვანები მშვიდობისთვის“ მონაწილეთა ნამუშევრები, რომელთაგან გამარჯვებულების გამოვლენისა და დაჯილდოების ცერემონია დაგეგმილია ფესტივალის მესამე დღეს, 19 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში, ნიკო ლომოურის სახელობის სახლ-მუზეუმში.
- გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა 5 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ციფრული ინდუსტიისა და ვიდეომონტაჟის შესახებ ტრენინგები ჩატარდა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიშო ჯალაბაძის სახელობის სტიპენდიის გადაცემის ღონისძიება ჩატარდა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი