GE

„რამდენსაც მე ვიხდი ჩემს განათლებაში, მგონია, რომ უკეთესად უნდა მასწავლიდნენ“ – სტუდენტები საგრანტო კონკურსის გამოცდიდან

საქართველოში საუნივერსიტეტო განათლების ფასებზე აზრი ხშირად ორად იყოფა. ერთი მხარე ამტკიცებს, რომ ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ იაფია უნივერსიტეტში სწავლა, მეორე მხარე კი საპირისპიროს ამბობს და მათი აზრით, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სწავლის არსებული საფასურიც ბევრია.

საზღვარგარეთის ქვეყნებში უნივერსიტეტში სწავლების ფასებს რომ გადავხედოთ, ვნახავთ, რომ ქვეყნების უმეტესობაში განათლების მიღება ბევრად უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე საქართველოში. თუმცა, აქ მეორე ფაქტორია – სწავლების ხარისხი და რამდენად ფასის შესაბამისია იგი.

საინტერესოა, თავად სტუდენტები რას ფიქრობენ ამ თემასთან დაკავშირებით. რამდენად პრობლემურია საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის უნივერსიტეტის გადასახადების დაფარვა? რამდენად დიდი შეღავათია სახელმწიფო სასწავლო გრანტი და უნდა გაძვირდეს თუ არა ქართულ უნივერსიტეტებში სწავლის გადასახადი, – აღნიშნულზე საკუთარი შეხედულებები EDU.ARIS.GE-ს, 2022 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებმა გაუზიარეს. გრანტის გაუმჯობესების მსურველებს ჩვენ, 6 ივლისს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის დღეს, თბილისის 191-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრთან ვესაუბრეთ.

რა დავალებები შეხვდათ გამოცდაზე საგრანტო კონკურსის მონაწილე სტუდენტებს

აღმოჩნდა, რომ ჩვენ მიერ გამოკითხული სტუდენტების უმეტესობას სასწავლო სახელმწიფო გრანტი ნაწილობრივ უკვე მოპოვებული აქვს და მისი 100%-მდე გაზრდა სურს. როგორც ისინი აღნიშნავენ, ამ დაფინანსების გარეშე, სწავლის საფასურის გადახდა გაუჭირდებოდათ. სტუდენტები იმასაც ეთანხმებიან, რომ საქართველოში საუნივერსიტეტო განათლების მიღება ბევრად უფრო იაფია, ვიდრე საზღვარგარეთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენს უნივერსიტეტებში სწავლის გადასახადი უნდა გაიზარდოს, რადგან უცხო ქვეყნებში საგანმანათლებლო დაწესებულებები ფასის შესაბამის ცოდნასაც იძლევიან, საქართველოში კი ყოველთვის ასე არ არის.

ერთ-ერთმა აპლიკანტმა, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტმა, დავით აბსენიძემ აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან დიდი შეღავათია 70%-იანი გრანტი, ამიტომ უნდა, საგრანტო კონკურსის დახმარებით, სწავლის დაფინანსება 100%-მდე გაზარდოს.

„გრანტი საერთოდ რომ არ მქონდეს, ალბათ გამიჭირდებოდა სრული გადასახადის დაფარვა. ზოგადად, ძალიან დიდი შეღავათია გრანტი და ამიტომ მინდა, რომ გავზარდო. რაც შეეხება დღევანდელ გამოცდას, მგონია, რომ იმ დასაფინანსებელ 200 სტუდენტში მოვახერხებ მოხვედრას, როლებსაც გრანტი 100%-მდე უნდა გაეზარდოთ. მე შარშანაც ვიყავი ამ გამოცდაზე და მაქვს გამოცდილება, მარტივი არ არის“, – გვითხრა დავით აბსენიძემ.

მან საქართველოში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფასებზეც ისაუბრა. დავითის შეფასებით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში განათლების მიღება იაფია, თუმცა ძვირიან ქვეყნებში სწავლის დონეც შესაბამისია.

გრანტის გაუმჯობესების კიდევ ერთი მსურველი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ლუკა დემეტრაშვილი კი ამბობს, რომ გრანტის უქონლობის შემთხვევაში, ისევ იმავე ხარისხის განათლებას მიიღებდა, რასაც ახლა იღებს, მაგრამ ამაში ბევრად უფრო მეტი რესურსი დაეხარჯებოდა, სწორედ ამიტომ, გვეუბნება, რომ გრანტი მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

„ვფიქრობ, საქართველოში არ არის ისეთი დიდი ფასები, რომ ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა ვერ შეძლოს განათლების მიღება, თუ ზოგს ამის ფული არ აქვს, ქვეყანაში გვაქვს ბევრი უფასო ფაკულტეტი და იქ შეუძლიათ ჩაბარება და სწავლა, მაგრამ გარკვეული ტიპის შეღავათები მაინც აუცილებლად გვჭირდება. ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ფასები ასეც უნდა იყოს. არასწორი იქნება, უნივერსიტეტებმა რომ სწავლის გადასახადი გააძვირონ. თუ უცხო ქვეყნებში აქვთ დიდი გადასახადები, იქ განათლების დონესაც შესაბამისს იძლევიან და თუკი ჩვენ მათ ვედრებით, რა განათლებას იღებენ იქ სტუდენტები, მაგაში უნდა შევედაროთ და არა ფასის ნაკლებობაში“, – გვითხრა ლუკა დემეტრაშვილმა.

ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, ბექა მაისურაძე ყურადღებას ამახვილებს ქართული უნივერსიტეტების სწავლის გადასახადსა და სწავლების ხარისხს შორის არსებულ დისბალანსზე. მისი თქმით, ბევრი უნივერსიტეტი არ გასწავლის ისე, როგორც იხდი.

„მაგალითად, რამდენსაც მე ვიხდი ჩემს განათლებაში, მგონია, რომ უკეთესად უნდა მასწავლიდნენ. თავისუფალ უნივერსიტეტში ვსწავლობ და ჩემი ფაკულტეტი, 70%-იანი გრანტის გათვალისწინებით, ღირს 4,150 ლარი. ეს ფული, რომ კურსებში დამებანდებინა, ალბათ, ჩემს საქმეში ნამდვილი პროფესიონალი ბევრად უფრო მოკლე დროში გამოვიდოდი, მაგრამ აქ ის ფაქტორია, რომ უნივერსიტეტში სწავლა შესაძლებლობას გაძლევს, სოციალური ურთიერთობები გქონდეს და ეს შესაბამისად, ფასსაც უწევს საუნივერსიტეტო განათლებას“, – ამბობს ბექა მაისურაძე EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას.

მისივე სიტყვებით, რომ არა 70%-იანი გრანტი, ალბათ, იგივე ხარისხის განათლებას ვერ მიიღებდა და ისედაც ძვირი სწავლის გადასახადის კიდევ უფრო გაძვირების გამო, სხვა, შედარებით უფრო დაბალი ხარისხის უნივერსიტეტში ჩააბარებდა.

საგრანტო კონკურსის მონაწილეებმა, გამოცდის შემდეგ, EDU.ARIS.GE-სთან მოსული საკითხები და ტესტის სირთულეც შეაფასეს.

პირველმა გამომსვლელმა გვითხრა, რომ საშუალო სირთულის დავალებები მოვიდა, თუმცა შედარებით რთული მოეჩვენა ტექსტის გააზრების ნაწილი, რადგან ერთ-ერთი ტექსტი მისთვის უცნობი იყო.

როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ, აღნიშნული ტექსტი B ჯგუფის ვიტამინებს შეეხებოდა, ხოლო მეორე ტექსტი კი ფილოსოფოსების მოსაზრებებს ადამიანებზე – რა არის ადამიანი.

აპლიკანტების უმეტესობამ აღნიშნა, რომ ლოგიკური მსჯელობის დავალება შედარებით უფრო რთული მოეჩვენათ, ვიდრე რაოდენობრივი, რადგან აქ უფრო მეტი საკითხავი ტექსტი და მეტი სააზროვნო მასალა იყო, რასაც უფრო მეტი დრო სჭირდებოდა, ვიდრე რაოდენობრივს. რაოდენობრივი მსჯელობის დავალება კი, როგორც გვითხრეს, თითქმის არცერთ აპლიკანტს არ გასჭირვებია, რადგან ტესტში დაახლოებით ისეთი სირთულის საკითხები მოვიდა, როგორიც გასული წლების ტესტებში იყო გამოყენებული.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 7 ივლისს ჩატარდა და ტესტზე სამუშაოდ სტუდენტებს 2 საათი და 35 წუთი ჰქონდათ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგრანტო კონკურსისთვის წელს 2,500-ზე მეტი სტუდენტი დარეგისტრირდა.

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

მოამზადა გოგა ნიჟარაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური