GE

„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ და სიმონ ჩიქოვანის „სიმღერა გურამიშვილზე“ – ქართულის საკითხები ბოლოს წინა სესიიდან

ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღის მეორე სესიაზე აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიცემული დავალებების დამახსოვრება გაუჭირდათ. ამაზე მეტყველებს მათი დიდი უმრავლესობის ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები EDU.ARIS.GE -ს ჟურნალისტებთან ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე გახსნილ საგამოცდო ცენტრებთან.

ის, რაც დაზუსტებით შეიძლება ითქვას, წერით დავალებაში პროგრამული ნაწარმოებებიდან აპლიკანტებს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ შეხვდათ, ხოლო არაპროგრამულიდან მოვიდა სიმონ ჩიქოვანის ლექსი „სიმღერა გურამიშვილზე“. აბიტურიენტებს გაუჭირდათ თეზისების მისადაგებაც.

გლდანის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული ანა ქურდიაშვილი ამბობს, რომ ვარიანტი ადვილი არ იყო: “დავწერე სიმონ ჩიქოვანის “სიმღერა დავით გურამიშვილზე”, თემის თეზისის შინაარსი ასეთი იყო: პიროვნება მაშინ არის ქვეყნისადმი ვალმოხდილი, თუ შთამომავლობას კვალს უტოვებს. პარალელები თვითონ ტექსტიდან გავავლე. ტექსტები და რედაქტირება, ვფიქრობ, მარტივი იყო. თუმცა, საბოლოო ჯამში, მგონია რომ ეს ვარიანტი, მეოთხე, არც ისე ადვილი შეგვხვდა. ჩემი ნაშრომით კმაყოფილი არ ვარ. ძალიან ვნერვიულობდი და ამის ფონზე რაღაცები დამავიწყდა”.

191-ე საჯარო სკოლიდან გამოსული ლიალ ჯანაშვილი: “ადამიანები საკუთარი მიზნებისთვის ბრძოლაში ყველაზე სასტიკ ბუნებას ავლენენ” – ეს იყო თეზისი “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან”. პარალელი გავავლე ჯორჯ ორუელის ნაწარმოებებთან – “ცხოველების ფერმა” და “1984”. ასევე, “დორიან გრეის პორტრეტთან” და “სამანიშვილის დედინაცვალთან”. ამას გარდა, დავწერე შაჰ-აბასზე და თემურ ლენგზე. რედაქტირებას რაც შეეხება, იყო მორფოლოგიური და პუნქტუაციური შეცდომები”.

ზაირა არსენიშვილის „ვა, სოფელო“ და „ვეფხისტყაოსანი“ – მეორე დღის პირველი სესიის საკითხები ქართულში

ირაკლი ჯიქია 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან: “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება” იყო პროგრამულიდან და ეს შევარჩიე. როგორც მოსალოდნელი იყო, ჰაგიოგრაფია შემოვიდა. ერთი კითხვაც მახსენდება – “რისი მეშვეობით დაინიშნა კათალიკოსად?”, მხატვრულ ანალიზს აქ ნაკლებად ითხოვდნენ. პასუხები თავად ტექსტში იყო. მხატვრული ანალიზისთვის კითხვებს – შედარება, ეპითეტი იპოვეთო, უფრო მეორე ნაწარმოები ითხოვდა და მე იმიტომ ავირჩიე პროგრამული. არგუმენტირებას რაც შეხება, მიზანი ამართლებს თუ არა საშუალებასო. დავწერე, რომ არ ამართლებს და მაჰათმა განდის მაგალითი მოვიყვანე. შედარება გავაკეთე სხვა საზოგადო ზნეობის გარეშე მოღვაწე ისტორიულ ფიგურებთან”.

სალომე კოკოჩაშვილი ერთადერთი აბიტურიენტია, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის მეოთხე ვარიანტის ტესტირებიდან ძალიან ბედნიერი გამოვიდა:

“დავწერე უცხო ტექსტი – “სიმღერა დავით გურამიშვილზე”. თეზისის მიხედვით უნდა მესაუბრა წუთისოფლის ვალდებულებებზე. პარალელი გავავლე “განდეგილთან”, რადგან ამ უკანასკნელის პერსონაჟმა წუთისოფლისგან დაკისრებულ ვალდებულებებს თავი ვერ გაართვა, მეტის გაკეთება შეეძლო. ასევე, მაგალითად მოვიყვანე “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება”, გრიგოლმა ხომ საერო და სასულიერი ცხოვრებას ერთნაირად კარგად გაართვა თავი. მგონია, რომ ანალიზიც და რედაქტირებაც საკმაოდ კარგად მიწერია”, – ამბობს სალომე, რომელსაც ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სურს ჩაბარება, ტესტი კი 191-ე საჯარო სკოლაში დაწერა.

თელავის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული სალომე ტალახაძე: “თემები იყო სიმონ ჩიქოვანის ლექსი “სიმღერა დავით გირამიშვილზე” და “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან” ცქირის ეპიზოდი. მე ხანძთელი ავირჩიე, საკმაოდ ვრცლად საწერი თემაა და ბევრი კარგი არგუმენტი მოვიყვანე, კარგადაც ვიმსჯელე. არ მინერვიულია და იმედია, კარგ შედეგს დავდებ”.

ამავე ცენტრიდან გამოსულმა ნათია ერთგულაშვილმა თავისი პარალელები გაიხსენა: “პროგრამული იყო “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან” ცქირის ეპიზოდი და მე ეს დავწერე, სათაური მომეწონა, რომელიც ასე ჟღერს – “მიზნისთვის ბრძოლისას ადამიანები სასტიკ ბუნებას ამჟღავნებენ”. პარალელი ტირანებთან გავავლე – ჰიტლერი, სტალინი და ა.შ. იმისთვის, რომ ნაციმზი გაევრცელებინათ ყველაფერს აკეთებდნენ და სასტიკი ბუნება გამოამჟღავნეს. თანამედროვეობაში კი რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეაზე, კერძოდ მათ ლიდერებზე ვისაუბრე. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი თავით და მგონია, მაღალ ქულას ავიღებ”.

191-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოცდის მიწურულს გამოსული დავით კაპანაძე EDU.ARIS.GE-ს ეუბნება, რომ უცხო ტექსტს, ნაცნობი არჩია.

“დავწერე თემა “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაზე”. ტექსტის გააზრებაში დავწერე, ცქირი რასაც სჩადის, სურვილის დასაკმაყოფილებლად. პარალელად მოვიყვანე “შუშანიკის წამება”, ვარსქენი რასაც უკეთებს შუშანიკს, ასევე თავისი სურვილებისთვის. მეორე მაგალითად მოვიყვანე “ჯაყოს ხიზნები”, ჯაყო როგორც ექცევა მარგოს. რედაქტირების ნაწილში, რაც დავთვალე, ექვსი მძიმე აკლდა, იყო ასევე კალკი, “თ” და “დ” გადავაკეთე. იყო ყველაფერი ნაცნობი, არაფერი რთული არ ყოფილა”.

ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული იოანა ჟორჟოლიანის თქმით, ტესტის წერა არ გასჭირვებია:

“ძალიან გამიმართლა, ჩემთვის საერთოდ არ იყო რთული, ისევე, როგორც სხვა, წინა სესიების თემები, ესეც მარტივი იყო. რედაქტირებაში ძირითადად იყო პუნქტუაციური შეცდომები. “ს” იყო დასამატებელი, ერთგან “ი” – ბოლოში. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად დავწერე. წინ ისტორიისა და ინგლისურის გამოცდებია. ყველაზე მეტად ისტორიის მეშინია. საერთაშორისო ურთიერთობებზე ვაბარებ”.

ქართული ენისა და ლიტერატურაში აბიტურიენტების გამოცდა ხვალ დასრულდება, გამოცდა მხოლოდ დილას, ერთ სესიად უნდა ჩატარდეს.

ასევე იხილეთ:

იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური