„გუგული მასწავლებელზე გსმენიათ რამე? – გუგლია“ – ალექსანდრე ჯეჯელავა პედაგოგებს
განათლების და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ 62-ე საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილ პედაგოგებთან შეხვედრისას კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასწავლებლებმა კომპიუტერში არა კონკურენტი, არამედ მოკავშირე უნდა დაინახონ.
განათლების მინისტრმა ახალი ტერმინი „გუგული მასწავლებელიც“ შემოიტანა და მასწავლებლებს უთხრა, რომ ეს ყოვლისმცოდნე გუგლია.
„გუგული მასწავლებელზე გსმენიათ რამე? – გუგლია!
ნათელა მასწავლებელს, ინტერნეტის გაჩენამდე, კლასში კონკურენტი არ ჰყავდა. თუ ნათელა მასწავლებელი იტყოდა, რომ სამხრეთ ურალში მოიპოვება ოქრო, ე.ი. მოიპოვება. თუ იტყოდა, რომ არ მოიპოვება, ე.ი. არ მოიპოვება. ალბათობა იმისა, რომ ბავშვს ამოეღო ენციკლოპედია ჩანთიდან და გადაემოწმებინა სამხრეთ ურალის ამბავი, ძალიან დაბალი იყო. შეიძლებოდა, 5 წელიწადში ერთი ეგეთი მოსწავლე გყოლოდა.
ახლა ნათელა მასწავლებელთან ერთად ოთახში არის „გუგული მასწავლებელი“ და ბავშვს შეუძლია იმ წამსვე, რა წამსაც იტყვი რაღაცას, გადაამოწმოს საზეპიროს სისწორე, მდინარის შენაკადები, ვარძიის სართულების რაოდენობა, რაც გნებავთ. ამას ჩვენ ვერ შევაჩერებთ!
ერთ-ერთ შეხვედრაზე ისიც კი მითხრეს: იქნებ აუკრძალოთ რამენაირად ამ მოწყობილობების გამოყენება. შეიძლება აუკრძალო ერთი ან ორი დღით, მაგრამ სულ აკრძალვა შეუძლებელია ტექნიკურად!
„გუგული მასწავლებელთან“ ერთად გაკვეთილის ჩატარება რთულია, თუ ადვილი? გააჩნია საიდან შეხედავ. ძალიან რთულია იმ შემთხვევაში და შეიძლება გაბრაზდე, ბავშვი რომ გეტყვის, ეგრე არ არის და თუ ჩათვლი, რომ ეს არის მოკავშირე და ბავშვს შეაქებ და ეტყვი, რომ მაგიტომ მიყვარხარ, რომ ასე ყველაფერი გაინტერესებს და ამოწმებ და ნახულობ, მაშინ დადგება სხვა ვითარება“, – უთხრა მინისტრმა პედაგოგებს.
ალექსანდრე ჯეჯელავამ მასწავლებლებს ასევე აუხსნა, რომ არავის უთქვამს, კომპიუტერი მაინცდამაინც მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს კლასში. მინისტრის თქმით, მთავარი ამოცანა კლასში ტექნოლოგიების გამოყენებაა ცოდნის უკეთესი შედეგის დასადგომად და ვინ გამოიყენებს მას, მოსწავლე თუ მასწავლებელი, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა.
„ტექნოლოგიების გამოყენებაზე როდესაც საუბრობენ კლასში, რატომღაც მიიჩნევენ, რომ მასწავლებლებმა უნდა ისწავლონ ძალიან კარგად კომპიუტერები, ან ბავშვებზე უფრო მაგრად, რაც ტექნიკურად კი არა, თეორიულადაც კი შეუძლებელია. თანამედროვე ბავშვი დაიბადა ტექნოლოგიების საუკუნეში. ჩვენ თაობა ვართ ციფრული ემიგრანტები. ანუ არაციფრული სამყაროდან გადმოვედით ახალ ქვეყანაში და ცხადია, როგორც ყველა ემიგრანტს ზომიერი ურთიერთობა გვაქვს ამ ამბებთან. გვაქვს ურთიერთობა, მაგრამ ძალიან ჩახუტებული და გადაფსკვნილი ვერ ვართ. აქაც არის გამონაკლისები, რა თქმა უნდა. ზოგმა ასაკოვანმა ძალიან კარგად იცის კომპიუტერი, მაგრამ ეს იქნება ერთეული შემთხვევები ათასიდან.
არავის უთქვამს, რომ ასაკოვანმა ახალგაზრდაზე კარგად უნდა იცოდეს კომპიუტერი. თუ არ იცი გუგლის გამოყენება, უთხარი, რომ „არ ვიცი, მიდი შვილო, დაჯექი და გააკეთე“! – რასაც თქვენ ისედაც აკეთებთ“, – აღნიშნა მინისტრმა.
„მასწავლებელთა დიდ ნაწილს არ აქვს ტექნოლოგიების მოხმარების კომპეტენციები“
„სქემაში რაც არის წამყვანი მასწავლებელი, სკოლების სქემაში ეს იქნება წამყვანი სკოლა“
ცისანა არის© შერგილაშვილი
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება