GE

გზა მასწავლებლობის სურვილიდან უფროსი მასწავლებლის სტატუსამდე

მასწავლებელთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების მსურველები ყოველწლიურად განსაკუთრებული ინტერესით მოელიან. ეროვნული საკვალიფიკაციო გამოცდები წელს 14 ივლისს დაიწყო და მასზე 28 700-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათ შორის არიან მასწავლებლობის მსურველებიც. მოქმედი მასწავლებლები საგნის გამოცდას სტატუსის ამაღლების მიზნით აბარებენ, სტატუსთან ერთად მათი ანაზღაურებაც იზრდება. არიან ისეთებიც, რომლებიც რეგისტრაციისას მხოლოდ უნივერსიტეტის დიპლომს ფლობენ და სურთ საკუთარი თავი ახალ პროფესიაში გამოსცადონ. ასეთ აპლიკანტებს შესაძლებლობა აქვთ, ერთი გამოცდით გახდნენ მასწავლებლები, იმ პირობით, თუკი საგამოცდო საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავენ.

ტესტური დავალებები ყოველი აპლიკანტისთვის, მოქმედი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის იდენტურია, რაც ხშირად მასწავლებლობის მსურველთა კრიტიკასაც იწვევს. მათი თქმით, სკოლებში მომუშავე მასწავლებლებმა გაცილებით უფრო რთული ტესტი უნდა ჩააბარონ, რადგან პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება უკვე გააჩნიათ.

ზოგჯერ საგნის გამოცდაზე გამსვლელ აპლიკანტებს არ აქვთ ამომწურავი ინფორმაცია იმაზე თუ რა ეტაპები უნდა გაიარონ ახალი პროფესიის შესასწავლად. EDU.ARIS.GE შეეცდება, რომ ამ სტატიაში გაგაცნოთ მასწავლებლის ახალი პროფესიული სქემით გათვალისწინებული ეტაპები, რომელთა გავლაც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩასართავად სავალდებულოა.

პირველი ეტაპი: იმისთვის, რომ მასწავლებელი გახდეთ, საჭიროა საგნის საკვალიფიკაციო გამოცდაზე 61%-იანი ზღვარის გადალახვა. ამ ეტაპის გავლა და ზღვარის გადალახვა უწევთ, როგორც მასწავლებლობის მსურველებს, ისე მოქმედ მასწავლებლებს, მიუხედავად იმისა, დიპლომირებული პედაგოგები არიან თუ არა.

მეორე ეტაპი შედეგების გამოცხადების შემდგეგ იწყება, როცა აპლიკანტმა უკვე იცის, რომ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

პირველი გზა, ზღვარგადალახული აპლიკანტი უნდა დარეგისტრირდეს საიტზე Teacherjobs.ge, სადაც მასწავლებელთა პროფესიული ცენტრი რეგულარულად დებს სკოლებში არსებულ ვაკანსიებს. რეგისტრაციის შემდეგ კი, სრულყოფილად უნდა შეავსოს თითოეული ველი, ატვირთოს დოკუმენტაცია და დაელოდოს მისთვის სასურველი ვაკანსიის გამოჩენას. თუ კონკრეტული სკოლა დაგაწყვეტს მის აყვანას, ფორმდება ხელშეკრულება, დირექტორს კი აქვს ვალდებულება დაუკავშირდეს მასწავლებლის სახლს (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს) და პედაგოგი ჩართოს პროფესიული განვითარების სქემაში. ამ შემთხვევაში პედაგოგს უფროსი მასწავლებლის სტატუსი ერთი თვის შემდგომ ენიჭება.

შედარებით უფრო რთულია მეორე გზა. ზღვარგადალახულმა აპლიკანტმა უნდა გაიაროს მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა კონკრეტულ უნივერსიტეტეში. ცხადდება კონკურსი და მიმდინარებს რეგისტრაციის პროცესი, რისთვისაც საჭიროა სისტემატურად გადაამოწმოს იმ უნივერსიტეტთა განცხადებები, სადაც აპირებს ჩაბარებას. უნივერსიტეტები რეგისტრაციის დროსა და ადგილს ოფიციალური საიტის მეშვეობით ავრცელებენ. შემდგომ, დაინტერესბული პირი აბარებს დოკუმენტაციას და ელოდება საგამოცდო პროცესების დაწყებას. უნივერსიტეტს აქვს უფლება თავად აირჩიოს რა ტიპის იქნება გამოცდა, ზეპირი თუ წერითი. უნივერსიტეტი ასევე თავად განსაზღვრავს საგამოცდო თემატიკასაც. მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გამოაცხადებენ ე.წ სარეიტინგო ქულებს, აპლიკანტი იგებს ინფორმაციას ჩარიცხვის შესახებ. თუ ის წარმატებით ჩააბარებს გამოცდას, მიეცემა შესაძლებლობა 1 წელი ისწავლოს მასწავლებლის პროფესია, ჩააბაროს გამოცდები, გაიაროს პრაქტიკა სკოლაში და დაწეროს პედაგოგიური კვლევა. ერთწლიანი სწავლების შემდგომ, ის იღებს დიპლომს, რომელიც ადასტურებს, რომ უფროსი მასწავლებლის სტატუსი აქვს. ამ გზას ძირითადად იმ მასწავლებლის მსურველები ირჩევენ, რომლებსაც უფრო მეტის სწავლა სურთ და მეტად ინფორმირებულებიც არიან, ამასთან, არ აქვთ იმედი, რომ სკოლაში მალევე დასაქმდებიან, დაუსაქმებლობის შემთხვევაში კი იციან სტატუსი შეუჩერდებათ.

საბოოლოო ეტაპი კი ესაა პროფესიაში სრულფასოვანი შესვლა, მოპოვებული სტატუსით, როცა აპლიკანტი სკოლის მასწავლებელი ხდება. ეტაპები იდენტურია კერძო სკოლაში დასაქმების მსურველი მასწავლებლებისთვისაც, რომლებიც მსგავსად მიყვებიან სახელმწიფო რეგულაციებს.

EDU.ARIS.GE წარმატებას უსურვებს გამოცდაზე რეგისტრირებულ თითოეულ აპლიკანტს, მოქმედ თუ მომავალ მასწავლებელებს. იმედი გვაქვს არაერთხელ იქნებით ჩვენი რესპონდენტები და მრავალჯერ მოგვიწევს თქვენი წარმატების გაშუქებაც.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური