GE

გზა ხულოდან ვაშინგტონამდე და უკან

,,მეგონა, სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერებაზე სწავლის შემდეგ, ეგრევე კაპიტოლიუმში აღმოვჩნდებოდი. ვაღიარებ, საკმაოდ გულუბრყვილო ფიქრები მქონდა“

მაშინ, როცა ქვეყნის დედაქალაქში განათლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით, ალბათ, არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ახალგაზრდებს განათლების მიღების ძალიან მწირი შესაძლებლობა აქვთ. მაღალმთიანი აჭარა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა. როცა საქართველოს ბუნების სილამაზით თავის მოწონება გვსურს, ეს სწორედ ის მხარეა, რომელიც ჩამონათვალში პირველ-მეორე ადგილს იკავებს, მაგრამ იშვიათად გვიფიქრია, რამდენ სირთულეს, რამდენ გამოწვევას ინახავს მთებში მოქცეული მშვენიერი ხეობა და რა გზის გავლა უწევთ ახალგაზრდებს იმისთვის, რომ გაიგონ, როგორ მიდის ცხოვრება ამ მთებს მიღმა.

თუმცა, პერიოდულად, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მთების გადადგმას ცდილობენ და გამოსდით კიდეც. სწორედ ერთ-ერთი მათგანია ჩვენი რესპონდენტი ლია დეკანაძე, რომელიც EDU.ARIS.GE-სთან ხულოდან ვაშინგტონამდე და ვაშინგტონიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტამდე განვლილი გზის შესახებ საუბრობს.

როგორ აფასებთ სკოლაში მიღებულ განათლებას?

ლ.დ.: დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, ძალიან ბევრი პრობლემა იყო. პირველ რიგში, მასწავლებელთა კვალიფიკაციის საკითხი. არაფერი იცოდნენ სწავლების თანამედროვე მექანიზმებზე, ან საიდან უნდა სცოდნოდათ? ყველა გაკვეთილი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ერთმანეთს და ყველა ერთმანეთზე მოსაწყენი იყო. ის, რომ ქიმია ჩვენს ირგვლივ ყველაფერში შეიძლება დავინახოთ, ახლა გავიგე, ამ ასაკში. სკოლაში ამ საგანს ვერასდროს ვიგებდი, რადგან აბსტრაქტული მეცნიერება იყო ჩემთვის, რომელსაც ვერსად ვხედავდი. საბუნებისმეტყველო საგნებში მხოლოდ თეორიებს ვსწავლობდით. როგორ უნდა მომწონებოდა ან გამეგო თუნდაც ქიმია, როცა ერთი ცდაც კი არ ჩაგვიტარებია?! ვიცი, რომ მსგავსი პრობლემები ბათუმშიც არის, თბილისშიც და ყველგან. ზოგადად, ასეთია ჩვენი განათლების სისტემა, მაგრამ განვითარების შესაძლებლობებში განსხვავება მაინც დიდია.

რაში გამოიხატება ეს განსხვავება?

ლ.დ.: იმას ვგულისხმობ, რომ თბილისში მოსწავლეებს სკოლის გარეთ მაინც შეუძლიათ დამატებითი არაფორმალური განათლების მიღება, სხვადასხვა წრეზე სიარული, რისი ფუფუნებაც ჩვენ არ გვაქვს. ხულოში სკოლას ალტერნატივა არ გააჩნია. არ არის არანაირი სივრცე, სადაც განვითარებას შეძლებ. თუ ხართ ხულოში ნამყოფი, გეცოდინებათ, როგორი ჩაკეტილი ხეობაა. მესმის, რომ შესაძლოა გეოგრაფიას ამ ყველაფერზე გავლენა არ ჰქონდეს, მაგრამ შინაგანად მაინც ყოველთვის მქონდა განცდა, რომ ჩაკეტილი ვიყავი. დიდი ძალისხმევა მჭირდებოდა წარმომედგინა, რა ხდებოდა ამ ხეობის მიღმა. თითქოს, ჩვენთვის სხვა პერსპექტივაა, დანარჩენ სამყაროს მოწყვეტილი ვართ.

როგორ გაიგეთ, რა იმალებოდა ამ ხეობის მიღმა?

ლ.დ.: ჩვენთან მშვიდობის კორპუსის მოხალისეები ჩამოვიდნენ. სწორედ ისინი დამეხმარნენ. მათი დიდი მხარდაჭერითა და შეგულიანებით ყველა საჭირო საბუთი შევავსე და საბოლოოდ, მოხდა ისე, რომ მეთორმეტე კლასი აშშ-ში გავატარე. ალბათ, ხვდებით, რომ ერთი სამყაროდან მეორე, მისგან სრულიად განსხვავებულ სამყაროში აღმოვჩნდი, სადაც სწავლების რადიკალურად განსხვავებული მიდგომები არსებობდა – თავისუფალი, მრავალფეროვანი, ანალიზზე ორიენტირებული. მაგალითად, მივხვდი, რომ გონება არასაჭირო ინფორმაციებით მქონდა სავსე. თუნდაც, მათემატიკის შემოკლების ფორმულებით. იქ ვერც კი ხვდებოდნენ, რატომ ვიცოდი ზეპირად ამდენი ფორმულა, როცა ანგარიში დამხმარე საშუალებებითაც მარტივად იყო შესაძლებელი. ასე აღმოვაჩინე სამყარო ჩემი ხეობის მიღმა და ისე მოვიხიბლე მისით, რომ იქ დარჩენა და სწავლის გაგრძელება მინდოდა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოვახერხე. საქართველოში იმ დროს დავბრუნდი, როცა უკვე ეროვნული გამოცდების დრო იყო. მართალია, კარგად მომზადება ვერ მოვასწარი, თუმცა მაინც ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

რატომ ,,პოლიტიკის მეცნიერება?“

ლ.დ.: სანამ გადავწყვეტდი, რომელი პროფესია ამერჩია, მანამდე ერთი კარგი გამოცდილება მივიღე. ,,ფლექსის“ მოსწავლეებისთვის ცხადდება ხოლმე სამოქალაქო განათლების სემინარები, რომლის ფარგლებშიც ესეების კონკურსი იმართება. გამარჯვებულები ათი დღით ვაშინგტონში წაგვიყვანეს. კაპიტოლიუმში ვიყავით, სენატორებს შევხვდით. ვფიქრობდი, რომ სწორედ იქ კეთდებოდა ნამდვილი პოლიტიკა და იმ გარემოთი, მთელი იმ აურით ისე მოვიხიბლე, გადავწყვიტე, პოლიტიკის მეცნიერებაზე ჩამებარებინა. მაშინ, ჯერ კიდევ მეგონა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერებაზე სწავლის შემდეგ, ეგრევე კაპიტოლიუმში აღმოვჩნდებოდი. ვაღიარებ, საკმაოდ გულუბრყვილო ფიქრები მქონდა.

რა დაგხვდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში?

ლ.დ.: ჩვენი რაიონიდან თბილისში ძალიან იშვიათად აბარებენ. უფრო ქუთაისში ან ბათუმში მიდიან სასწავლებლად. თუმცა, რამდენიმე ნაცნობისგან ვიცოდი, დაახლოებით რა სიტუაცია იყო სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამის მიუხედავად, გარკვეული მოლოდინები მაინც მქონდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რეალურად საქმე კიდევ უფრო მძიმედ იყო. პირველ რიგში, ბევრი ლექტორის ცოდნა და კომპეტენცია ჩემთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ამაზე ღიად უნდა ვისაუბროთ. მეორე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, რომ პოლიტიკის მეცნიერება, რასაც გვასწავლიან, სრულიად მოწყვეტილია რეალობას, მაგრამ საქმე ისაა, რომ არც ბოლომდე მეცნიერებად გამოდგება. მეცნიერება რომ იყოს, მაშინ თეორიები უფრო სიღრმისეულად უნდა ისწავლებოდეს. მოკლედ, ბოლომდე არც მეცნიერებაა და თან, სრულიად არაპრაქტიკულია. მთელი ოთხი წელი ისე გავიდა, არანაირი ანალიტიკური სტატია/დოკუმენტი/ბლოგი არ შემიქმნია, თუ საბაკალავრო ნაშრომს არ ჩავთვლით. ისიც, როცა ოდესმე მართლა ვისწავლი აკადემიურ წერას, ალბათ, ძალიან შემრცხვება ამ ნაშრომის სადმე გამოჩენის. საბოლოოდ, ბაკალავრზე ოთხწლიანი სწავლის შემდეგ გავაცნობიერე, რომ ეს გზა კაპიტოლიუმამდე არ მიმიყვანდა. ალბათ, ეს წლები ყველაზე მეტად იმან გადამატანინა, რომ სხვადასხვა სკოლაში დავდიოდი, სადაც ვსწავლობდი იმას, რაც რეალურად უნივერსიტეტში უნდა მესწავლა.

მოგვიყევით თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ

ლ.დ.: მასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამაზე ჩავაბარე. მინდა, ინგლისური ენის მასწავლებელი გავხდე და ასევე, ჩემს სოფელში ინგლისური ენის საკვირაო სკოლა გავხსნა. სულ იმაზე ვწუწუნებ, როგორი მწირი შესაძლებლობები მქონდა მე. ზოგჯერ საკუთარ თავზე ვბრაზდები და ვეუბნები, თუ გინდა რამის შეცვლა, ადექი და შეცვალე-მეთქი. მესმის, არ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ცვლილებები ქვემოდან ზემოთ ხორციელდება, განათლების მინისტრსაც კი არ შეუძლია რეალურად რადიკალურად რამის შეცვლა, თუ ამისთვის საჭირო ნებართვა არ ექნება. თუმცა, ამის მიუხედავად, თუკი ოდესმე იქ ,,ზემოთ“ რეფორმების გატარებას გადაწყვეტენ, ,,ქვემოთ“ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და ვფიქრობ, ეს ჩვენი, ახალგაზრდების პასუხისმგებლობაა. რა აზრი აქვს ჩემი მასწავლებლების კრიტიკას და იმაზე დარდს, რომ უინტერესო სწავლება იყო? ისინი ვეღარ შეიცვლებიან. მათთვის არც ტრენინგების ჩატარება იქნება შედეგის მომტანი.. ასე რომ, რატომ უნდა ჩაიდოს რესურსი იმაში, რასაც აზრი აქვს?

როგორ ფიქრობთ, რას აქვს აზრი?

ლ.დ.: აზრი აქვს იმას, რომ ეს რესურსი ახალგაზრდა თაობაში ჩაიდოს, მათ განათლებასა და განვითარებაში. მეორე მხრივ, ჩვენც უნდა გადავდგათ ნაბიჯები იმისთვის, რომ ჩვენ ირგვლივ არსებული მდგომარეობა შეიცვალოს. მე პირადად მიშვებული პროგრესის იდეის არ მჯერა. დრო გავა და მომავალი თაობა უკეთესი იქნებაო, რომ ამბობენ, რასაც მე ვუყურებ, ეჭვი მეპარება. ამ ეტაპზე ჩემი მიზანი სწორედ ეს არის – მცირე წვლილი შევიტანო იმის გაუმჯობესებაში, რასაც ვაკრიტიკებ. მინდა მასწავლებელი გავხდე და სკოლაში თანამედროვე, არაფორმალური განათლების მეთოდები შევიტანო. მინდა ბავშვებს მივცე შესაძლებლობა, იფიქრონ, იაზროვნონ და იმსჯელონ, რაც ჩვენ ასე ძალიან გვაკლდა. მინდა თავიდანვე დავეხმარო მათ იმის გაცნობიერებაში, რომ გონება არა რაღაცების დასაზეპირებლად, არამედ მოვლენების შესაფასებლად გვაქვს. ფორმულების ზეპირად ცოდნა დღეს არავის სჭირდება. ყოველ შემთხვევაში, განვითარებულ ქვეყნებში.

თქვენ მოახერხეთ და ასეთი სწავლების პირობებში მაინც შეძელით ამ წრის გარღვევა. რა არის ამის მიზეზი?

ლ.დ.: მე გამიმართლა. გამიმართლა, რომ მაინცდამაინც ჩემს სოფელში ჩამოვიდნენ მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლები, მაგრამ პრობლემაც ეს არის. განათლების ყველა საფეხურზე, სკოლიდან დაწყებული, უნივერსიტეტით დამთავრებული, ყველაფერი გამართლებაზეა. შეიძლება გაგიმართლოს და შეგხვდეს ის ერთი-ორი მასწავლებელი/ლექტორი, რომელიც გასწავლის იმას, რაც რეალურად გჭირდება, რაც ემოციური ინტელექტის განვითარებაში დაგეხმარება და სწორ გეზს მოგცემს. კი. ასეც ხდება, მაგრამ ჩვენ ხომ განათლებაზე ვსაუბრობთ? ისეთ რამეზე, რაც ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს და ყველასთვის თანაბრად ,,გამართლებული“. სამწუხაროდ, დღეს სწორი განათლების მიღება მთლიანად ფორტუნასაა მინდობილი. თუ გაგიღიმებს და ის გამორჩეული ადამიანები შეგხვდებიან, რომლებიც საჭირო ცოდნას მოგცემენ, ხომ კარგი, თუ არა და რჩები რაღაც ყალიბში მოქცეული, საიდანაც თავის დაღწევა და განვითარებული სამყაროსთვის კონკურენციის გაწევა, არც ისე მარტივია.

სპეციალურად edu.aris.ge-სთვის
მოამზადა ინგა ღოღობერიძემ

ავტორის სხვა სტატიები:

რატომ არ უყვართ მოსწავლეებს მეცადინეობა – სიზარმაცე თუ უინტერესო დავალებები?

შოტლანდიის მთავრობის რეკომენდაციები სკოლებს ტრანსგენდერ მოსწავლეებთან ურთიერთობისათვის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm